პროფესიული კადრების მომზადების მიზნით, დღეს „თეგეტა აკადემიის“ ახალი ფილიალი გაიხსნა. „თეგეტას“ ცენტრალურ ფილიალში, ახალი ფილიალის გახსნასთან ერთად, განათლების სამინისტროსა და ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფომდა, რომელსაც განათლების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა თემურ კოხოძემ მოაწერეს ხელი. ცენტრის გახსნის ცერემონიას განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებოდა.
მემორანდუმის თანახმად, სამინისტრო უზრუნველყოფს, მხარი დაუჭიროს პროფესიული ორიენტაციის კუთხით „თეგეტას აკადემიის“ ინფორმირებასა და ჩართულობას სამინისტროს მიერ დაგეგმილ აქტივობებში.
როგორც სასწავლო ცენტრში აცხადებენ, „თეგეტა აკადემია“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას, რომლის სასწავლო პროგრამა ევროპაშია აპრობირებული, შედგენილია დუალური განათლების მოდელის მიხედვით და იგი სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას გულისხმობს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, „თეგეტა მოტორსი“ შეუერთდა დუალური პროფესიული განათლების ახალ ტალღას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჯეჯელავას თქმით, დუალური პროფესიული განათლების განვითარების კუთხით მოწინავე კომპანიების იმედი აქვთ, რომ ისინი თავის რესურსებს, ცოდნასა და პერსონალს გამოიყენებენ და ახალ თაობას ხარისხიან პროფესიულ განათლებას მისცემენ.
„თეგეტა მოტორსის“ ბაზა ნამდვილად საუკეთესოა და ასეთი სასაწავლო ბაზის შექმნაც, ფაქტიურად, მოსწავლეებს პროფესიონალებად ჩამოყალიბებისთვის სრულ კომფორტს უქმნის. ქვეყანაში ტრანსპორტის მიმართულებით სულ უფრო მაღალი მოთხოვნა და საჭიროება იქნება. მინდა აღვნიშნო, რომ სხვადასხვა პროფესიის მიმართულებით 50 ათასი სპეციალისტის დეფიციტია. ამ სიცარიელის შევსება კი მოწინავე კომპანიების ძალისხმევით უნდა მოხდეს“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
“თეგეტა აკადემიაში“ ასევე აცხადებენ, რომ მათი მიზანია, ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. ამ მიზნით, “თეგეტა აკადემიის“ ფარგლებში გადამზადება სულ 200-მდე პირმა გაიარა და აქედან 114 პირი „თეგეტა მოტორსის“ სხვადასხვა ფილიალებში დასაქმდა.
“თეგეტა აკადემიის“ სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც არის: „ბოში“, „მოტული“, „პორშე“, „ტოიოტა“ და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები.
„თეგეტა აკადემია“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების სამინისტროსთან, წამყვან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან, ატარებს როგორც სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს, ასევე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის სტუდენტებისთვის“, – აცხადებენ აღნიშნულ აკადემიაში.