ქეთევან ციხელაშვილი - დევნილების დაბრუნების საკითხზე დისკუსიების გამართვის საპასუხო ნაბიჯია პოლიტიზებული მცდელობები, რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია

დევნილების დაბრუნების საკითხზე არსებითი დისკუსიების გამართვის საპასუხო ნაბიჯია, სამწუხაროდ, ძალიან პოლიტიზებული მცდელობები, რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის შეფასებისა და რუსეთის დელეგაციის მიერ შეხვედრის დატოვების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ რაუნდზე ქართულმა მხარემ ყველა აქტუალური საკითხი წამოჭრა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონის მოსახლეობისთვის დაწესებულ დისკრიმინაციულ შეზღუდვებს.

„ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განსახილველი უმნიშვნელოვანესი საკითხია დევნილთა დაბრუნების თემა, რომელზეც არსებითი დისკუსიების გამართვა, სამწუხაროდ, უკავშირდება, ძალიან პოლიტიზებულ მცდელობებს, რომ არ შედგეს ასეთი დისკუსია. თუმცა მინდა გამოვთქვა იმედი და კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩართულ მონაწილეს საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ჯეროვანი ყურადღება დაეთმოს. ჩემი სამინისტრო ხელმძღვანელობს ქართულ დელეგაციას ჰუმანიტარულ სამუშაო ჯგუფში, რომლის ფარგლებში განიხილება დევნილთა დაბრუნების საკითხი, ასევე, ის ჰუმანიტარული საკითხები, რომელიც უკავშირდება გადაადგილების თავისუფლებას, სამეურნეო მიწებზე წვდომას, მოსახლეობის ძირითად უფლებებს, მათ შორის, მშობლიურ ენაზე განათლებას. ჩვენ არა მხოლოდ პრობლემებს ვაყენებთ ჟენევის დისკუსიების რაუნდზე, არამედ ჩვენ თვითონ ვსაუბრობთ მოგვარების გზებზე და მე მინდა სრულიად დარწმუნებით გითხრათ, რომ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში, რაც აქვს ქართულ მხარეს, ბევრ საკითხზე შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მითუმეტეს, ამას ძალიან ცდილობენ ჩვენი პარტნიორები - თანათავმჯდომარეები და აშშ-ის დელეგაცია“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება რუსეთის დელეგაციის დემარშს, ციხელაშვილის თქმით, ეს არ არის ახალი თემა.

„თუ ვინმე არის დაინტერესებული, ქართული მხარე არის დაინტერესებული, რომ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება იყოს შესრულებული. საქართველოს ეს ვალდებულება აქვს აღებული ცალხმრივად, ახლა არის ჯერი რუსეთზე. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება, რომელიც უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია“, - აღნიშნა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 12-13 დეკემბერს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი გაიმართა. რუსეთის დელეგაციამ დევნილთა საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების ოთახი დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“