რევაზ არველაძე პარტიების დაფინანსების ინიციატივაზე - არ შეიძლება, პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს ვარგებდეთ

არ შეიძლება პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს ვარგებდეთ, - აღნიშნული განცხადება უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარტიების დაფინანსების წესში ცვლილებების განხორციელების შესახებ გია ჟორჟოლიანისა და სიმონ ნოზაძის საკანომდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

ცვლილებების მიხედვით, პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება და მისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გამოყოფა იმ შემთხვევაშიც ხდება, თუკი პარტია პარლამენტში მაჟორიტარს გაიყვანს და მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატი ფრაქციას შექმნის. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის საბიუჯეტო დაფინანსებას ”მრეწველთა” პარტია იღებს.

როგორც არველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ასეთ კანონპროექტებს პარლამენტის ნებისმიერმა წევრმა საკუთარი შეხედულებისა და სინდისის მიხედვით უნდა მისცეს ხმა.

“პროექტში წერია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გასანაწილებლად გამოყოფილ თანხას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული ის პარტიაც იღებს, რომელიც დამოუკიდებლად ან საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, თუ მისი ან შესაბამისი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნა მაჟორიტარი პარლამენტის წევრი და ეს პარტია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია ფრაქციით. ვფიქრობ, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ფრაქცია არ არის წარმოდგენილი პარტიით. არის ის, რომ ფრაქციაში არის პარტიის ერთი წევრი. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი მთლად სწორად ჩამოყალიბებული არ არის. არ შეიძლება, პარტია იქნება თუ პიროვნება, მას კანონებს ვარგებდეთ. როდესაც ასეთი კანონები შემოდის, გამომდინარე იქედან, თუ რამდენად სასარგებლოა სახელმწიფოსთვის და მისაღებია ყველასთვის, პარლამენტის ნებისმიერმა წევრმა თავის შეხედულებისა და სინდისის მიხედვით უნდა მისცეს ხმა”, - განაცხადა არველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კოლეგის პასუხად პროექტის ინიციატორმა გია ჟორჟოლიანმა განმარტა, რომ დღეს მოქმედი კანონი იძლევა შესაძლებლობას, ფრაქციები აბსოლუტურად არასამართლიანად შეიქმნას. ჟორჟოლიანის თქმით, ”ვიდრე ასეთი კანონი და წესები არსებობს, დღეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა და ხვალ შეიძლება სხვა იყოს”. ჟორჟოლიანმა დღეს ისიც განაცხადა, რომ ზოგადად პარლამენტი უნდა დაუბრუნდეს როგორც ფრაქციების ფორმირების წესს, ასევე პარტიებთან დაკავშირებულ კანონს და ”მასში არსებულ სიმახინჯეს”.

”თუკი რაიმე გაეჭვებთ, უნდა ბრძანოთ, რა გაეჭვებთ - ვინმე სინდისის კარნახით არ შემოდის ამ წინადადებით ან სხვანაირად აპირებს ხმის მიცემას?! ცხადია, ყველა თავისი სინდისით შემოდის და ყველას თავისი აზრი აქვს”, - მიმართა რევაზ არველაძეს გია ჟორჟოლიანმა.

აღსანიშნავია, რომ 1-ელი დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ”მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა პირველი მოსმენით ჯერ ჩააგდო, ხოლო შემდგომ საკითხს ხელახლა უყარა კენჭი და განმეორებით ჩატარებულ კენჭისყრაზე 81-ხმით მიიღო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა