საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიმართა

საქართველოს პარლამენტში სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესია გაიხსნა, რომელშიც სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლებიდა ბენელუქსის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, სესიის პირველი პანელი რეგიონული უსაფრთხოების საერთო მიდგომებს დაეთმო.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია საქართველო, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყანა, სუამის საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს პარლამენტში მასპინძლობდეს.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, სუამ-ის ქვეყნების უსაფრთხოებაზე ყველაზე დიდ გავლენას მიმდინარე კონფლიქტები ახდენს. საქართველოს პერსპექტივიდან მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. დეპუტატის თქმით, არსებული გამოწვევების საპასუხოდ სუამ-ის წევრ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს საერთო ხედვა რეგიონული უსაფრთხოების შესახებ. სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ახალი სახის საფრთხეები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. მან ამ კონტექსტში ჰიბრიდული საფრთხეები მოიხსენია და დასძინა, რომ ამ საფრთხეებთან გამკლავების მიზნით, განსაკუთრებით აქტიურია თანამშრომლობა ბალტიის ქვეყნებთან, ნატოსთან, ეუთოსთან და ევროკავშირთან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ფორმატების ფარგლებში აქტიურად განიხილება რეგიონში არსებული საფრთხეები, თუმცა, მისი აზრით უფრო მეტად ყურადღება უნდა გამახვილდეს პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიებაზე.

სოფიო ქაცარავას მიაჩნია, რომ უფრო კოორდინირებულ საპარლამენტო თანამშრომლობას შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს პრობლემების გადაჭრაში. მისი თქმით, ეს რესურსი სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებშიც არსებობს. მან თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად ბალტიური ქვეყნების თანამშრომლობა დაასახელა, განსაკუთრებით დეზინფორმაციასთან გამკლავების თვალსაზრისით.

„საჭიროა უფრო მეტი მექანიზმების მობილიზება და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის ზრდა, ისევე როგორც საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის გააქტიურება, იმისათვის, რომ სუამ-ის სივრცეში არსებული „გაჭიანურებული კონფლიქტები“ არა მხოლოდ დარჩეს საერთაშორისო დღის წესრიგში, არამედ შემუშავდეს და გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისათვის“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

სოფიო ქაცარავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გამოწვევების გამკლავებისთვის უმნიშვნელოვანესი არის ეკონომიკურად და დემოკრატიულად ძლიერი სახელმწიფოების ჩამოყალიბება სუამ-ის სივრცეში. დეპუტატის განცხადებით, სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარება ესახება საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო გზად კონფლიქტების გადაწყვეტისათვის.

გამოსვლის ბოლოს სოფიო ქაცარავამ სამი ძირითადი საკითხი გამოყო, რაც მისი აზრით, წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაში. გამომსვლელმა ერთ-ერთ პირველ ფაქტორად სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება დაასახელა; მეორე საკითხად განიხილა სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის საპარლამენტო დონეზე კოორდინაციის გაძლიერება და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა; ხოლო ბოლოს აღნიშნა, რომ საჭიროა რაც შეიძლება მეტი ორგანიზაციის ჩართულობა არსებულ პრობლემებსა და კონფლიქტებთან გამკლავების მიზნით.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა, ოლეგ მედუნიციამ უკრაინაში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ სანქციებზე რომელიც ქვეყანამ რუსეთის მიმართ გაატარა.

„უკრაინა არის ფართო დიალოგის მომხრე იმისთვის, რომ აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა უკრაინის წარმომადგენელმა.

მან რეგიონში არსებულ გაყინულ კონფლიქტებზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემის გადაჭრისთვის სხვა გზები. ჩვენი ქვეყნების პრობლემები მსგავსია და იმედი მაქვს რომ მოვიძიებთ ახალ პოლიტიკურ გზებს, რათა ეს პრობლემები გადაიჭრას და სუამ-ის ქვეყნებში ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს“, - განაცხადა ოლეგ მედუნიციამ. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აზერბაიჯანის დელეგაციის წევრმა, ალი მასიმლიმ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებულ კონფლიქტზე ისაუბრა. გამოსვლისას მან ასევე, ყურადღება გაამახვილა, სუამის ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„სუამი, როგორც რეგიონული ფორმატი, იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც რეგიონში გაამყარებს სტაბილურობას და უსაფრთხოებას და იქნება მძლავრი პოლიტიკური ძალა“, - განაცხადა ალი მასიმლიმ.

ბალტიის ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის და ლატვიის დელეგაციის ხელმძღვანელის იანის ვუცანსკის შეფასებით, ბალტიისპირელი პარლამენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბალტიის და სუამ-ის ქვეყნებს შორის კავშირები იზრდება და კიდევ უფრო ღრმავდება. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა სუამ-ის ქვეყნების სუვერენიტეტისა ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მომხსენებელმა რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ხედვა წარადგინა. მან კოლეგებს, საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარა ევროპული ინტეგრაციის გზასთან დაკავშირებითაც.

„ჩვენ გავაკეთეთ კონცეპტუალური არჩევანი რომ გავმხდარიყავით ევროკავშირის და ევროატლანტიკური ოჯახის ნაწილი. ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა იყო დასავლურ ოჯახში დაბრუნება. ჩვენ გავაგრძელეთ თავდაცვის გაძლიერება. უსაფრთხოება და თავდაცვა მუდამ იყო ბალტიისპირეთის ასამბლეის დღის წესრიგის ნაწილი“, - განაცხადა იანის ვუცანსკიმ.

მომხსენებელმა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს ქვეყნებში კონფლიქტების გაჭიანურებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესაფერხებლად.

მისი თქმით, სუამ-ის ქვეყნებში ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებული გამოწვევები წარმოადგენს საფრთხეს რეგიონული თანამშრომლობისთვის და მშვიდობისთვის.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა სუამ-ის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა გიორგი წერეთელმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„გაყინული და გაჭიანურებული კონფლიქტი არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს რეგიონში. ეს კონფლიქტი არის აქტიური დღესაც. რუსული პროპაგანდა მუშაობს საქართველოში იმისთვის, რომ ეს კერა მუდმივად იყოს. მცოცავი ანექსია და საზღვრების გადმოწევა ყოველდღიურად გვხვდება, რაც ადამიანურ ტრაგედიაში გადადის. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად ამ საკითხთან მიმართებაში. რუსეთის ქმედებების შეჩერება შესაძლებელია ჩვენი გაერთიანებული ძალისხმევით და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებით“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.

მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა.

სესიაზე მეორე პანელი, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრის, ბექა ოდიშარიას მოდერატორობით გაიმართა, ტრანსსასაზღვრო დანაშაულების წინააღმდეგ ერთობლივ ძალისხმევას დაეთმო.

„ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც ჩვენი პარტნიორი არაერთი ქვეყანა იმყოფება ტურბულენტურ გარემოში. გამოწვევებით სავსეა სამყარო დღეს. გამოწვევებს არ აქვს შესაძლებლობებში არანაირი ზღვარი. კიბერდანაშაული, ტერორიზმი XXI საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევაა და ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება თქვენგან მოსაზრებების მოსმენა”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრომ თანამშრომლობის ფარგლებში მიაღწია. მან ხაზი გაუსვა იმ ნაბიჯებს, რომელიც გასული წლების განმავლობაში ორგანიზებულ დანაშაულთან წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით იქნა გადადგმული.

ნათია მეზვრიშვილმა, ასევე სამომავლო გეგმებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ორგანიზებული დანაშაულების ფაქტები დღითიდღე იზრდება. სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი არის და სამომავლოდაც იქნება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს დანაშაული სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს და არის საკმაოდ მასშტაბური“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მან სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში გაწეულ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება. „ფასდაუდებელია ის გამოცდილება, რომელიც ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებმა ამ ფორმატში მუშაობის შედეგად გაგვიზიარეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მომხსენებელმა ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლის შესახებ და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე ისაუბრა.

ნათია მეზვრიშვილმა, გამოსვლისას, სამინისტროს მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმაზე და მასში ასახულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, გაამახვილა ყურადღება.

ასევე, ისაუბრა ვენაში, სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დამტკიცებულ სუამ-ის დარგობრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაზეც, სადაც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა განისაზღვრა. „ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა. ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობაში ძალიან აქტიურად ჩავერთოთ. სამოქმედო გეგმით ერთ-ერთ პრიორიტეტად განისაზღვრა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გააქტიურება.

საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი, კორუფციისა და ფულის გათეთრების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, კომუნიკაციის უსაფრთხო არხების ჩამოყალიბების პროცესში. ვგეგმავთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. მისივე თქმით, საქართველო გახდა იმ საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების მონაწილე, რომელიც გაეროსა და ევროსაბჭოს მიერ იქნა დამტკიცებული, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში ეტაპობრივად აისახა.

მომხსენებელმა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებაზეც ისაუბრა.

ყურადღება გამახვილა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაზეც.

თრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო 125 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილზე დასახელდა, როგორც ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა.

„ჩვენ წინაშე კვლავ არის მნიშვნელოვანი გამოწვევები რაზეც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა ნაციონალური კანონმდებლობის საერთაშორისო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა რიგ დანაშაულებებთან დაკავშირებით არსებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით.

მომხსენებელმა, გამოსვლისას ტრანსნაციონალური დანაშაულის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

„განვითარებული კომუნიკაციების პირობებში ორგანიზებული დანაშაულები ერთი ნაბიჯით ყოველთვის გვასწრებს. ეს უნდა იყოს იმის შედეგი, რომ ჩვენ არ გვაქვს სათანადო ურთიერთობები ან ქმედითი მექანიზმი შემუშავებული სტრატეგიული პარტნიორობისთვის და სტრატეგიული ანალიტიკური ვითარების შესწავლისთვის. ეს არის ძალიან რთული ამოცანა, მაგრამ ინტენსიური თანამშრომლობის პირობებში არა მიუღწეველი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ სათანადოდ არ გვაქვს ანალიტიკური მასალა წინმსწრები ინფორმაციებით და მოწყვლადი, მოსალოდნელი სუსტი ადგილებით“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

მისი თქმით ხარვეზებთან მიმართებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნაციონალურ დონეზე ოპერატიული და საგამოძიებო ინსტიტუტების არასათანადო ორგანიზაცია და ინსტიტუციური სრულყოფის არქონა. „რეფორმირების კონტექსტში მნიშვნელოვანია თანამშრომლობა რათა ორგანიზაციულ სტრუქტურებში არ მოხდეს აცდენა სპეცსამსახურებთან ან სამართალდამცავ სტრუქტურებთან“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან ამ საკითხებზე მუშაობის სრულყოფისთვის პარლამენტის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„საპარლამენტო მმართველობის პირობებში პარლამენტს ეკისრება გადამწყვეტი როლი ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ, სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განსაზღვრისათვის. მნიშვნელოვანია ხედვების ჩამოყალიბება იმ მიმართულებით, რომელიც სასიცოცხლოა ჩვენი რეგიონისთვის, ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. ტერორიზმი საკაცობრიო საფრთხედ გადაიქცა“, - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესიის რიგით მესამე პანელი განახლებად ენერგიას და ენერგეტიკის კუთხით ქვეყნების უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საკითხებს დაეთმო.

განსახილველი თემა იყო - მდგრადი მომავალი: განახლებად ენერგიაზე გადასვლის გამოცდილების გაზიარება. როგორც მოდერატორმა, საქართველოს ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორმა გიორგი აბულაშვილმა აღნიშნა, მსოფლიოში, სადაც ენერგოდამოკიდებულება პოლიტიკურ იარაღად იქცა, ამასთანავე იგი კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეული გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საფრთხეების წინაშე დგას, მიდგომა განახლებადი ენერგიის მიმართ შეიცვალა.

„შესაბამისად, სულ უფრო იცვლება და იზრდება მსოფლიო ინტერესი განახლებადი ენერგიის მიმართ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილების შედეგების შემსუბუქებას, ენერგოუსაფრთხოებას და ა. შ.“, - განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა, კომიტეტის მთავარ გამოწვევებზე, გარემოს დაცვის კუთხით პარლამენტის როლსა და საქმიანობაზე, საქართველოს მდგრად განვითარებაში პარტნიორი ქვეყნების მხრიდან დახმარებასა და თანამშრომლობაზე ისაუბრა.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს განახლებადი ენერგიის განყოფილების უფროსმა მარგალიტა არაბიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხებზე და ამ მიმართულებებით უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე, ენერგოეფექტურობაზე, განახლებადი ენერგიების შესახებ მისაღებ კანონმდებლობაზე და სხვა. მისი თქმით, ადგილობრივი რესურსების ეფექტურად გამოყენების ხარჯზე საქართველო უახლოეს ათწლეულში უკვე ნაკლებად იქნება დამოკიდებული ენერგეტიკულად მეზობელ ქვეყნებზე.

გამოსვლების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომლის დროსაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მომავლისათვის მდგრად განვითარებას, ენერგეტიკის ალტერნატიული წყაროების ძიებას, როგორიცაა განახლებადი ენერგიების განვითარება და ა.შ. და ამ კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას. იმედი გამოითქვა, რომ მომავალი წლიდან კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება თანამშრომლობა მდგრადი განვითარებისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით სუამის ფარგლებში.

ამის შემდეგ სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მეათე ყოველწლიური სესიის მონაწილეებმა ასამბლეის შემაჯამებელი დოკუმენტი მიიღეს. სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელებმა ნაყოფიერად შეაფასეს სესიის მუშაობა და ხაზგასმით აღნიშნეს თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობა. ყველა მხარემ გამოთქვა საპარლამენტო კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების დონეზე კავშირების დამყარების სურვილი, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნების წინაშე მდგარი საერთო საკითხების ერთობლივად გადაწყვეტას.

სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ გიორგი მოსიძემ სესია დახურულად გამოაცხადა, ხოლო სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეობა მომავალი წლისთვის მოლდოვას გადაეცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა