გიორგი მარგველაშვილი - მნიშვნელოვანია ერი მოცემულ რეალობაში იაზრებდეს საკუთარ იდენტობას და ამის შემდეგ ხედავდეს საკუთარ გზას მსოფლიო ცივილიზაციაში

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებისა და კურსდამთავრებულების ერთ ჯგუფს დღეს სასახლეში უმასპინძლა.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით, 1999 წელს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დააფუძნა და მას დღემდე ხელმღვანელობს.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური სკოლის წარმომადგენლებთან ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა და დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე გაამახვილა ყურადღება. დღევანდელ შეხვედრას პოლიტიკური სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი უძღვებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლიანი ისტორიული მოვლენების მიმოხილვის შემდეგ, ქართული საზოგადოების თავისუფლებისკენ სწრაფვის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლება უპირველესად არსებული რეალობის გააზრებაა - ვინ ხარ, რა გსურს, რა არის შენი მიზანი, რა ქმედებებს ახორციელებ ამ მიზნის მისაღწევად.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი განწყობა - დამოუკიდებლობა - რაღაცისგან გათავისუფლება და თავისუფლებისკენ სწრაფვა - რაღაცისთვის ქმედებების განხორციელება, ორი განსხვავებული პოლიტიკურ - საზოგადოებრივი პროცესია. პრეზიდენტის თქმით, თუ თავისუფლების შინაარსს ერისა და საზოგადოების ჭრილში განვიხილავთ, მნიშვნელოვანია ერი მოცემულ რეალობაში იაზრებდეს საკუთარ იდენტობას და ამის შემდეგ ხედავდეს საკუთარ გზას მსოფლიო ცივილიზაციაში და ესმოდეს რა არის ქართული გზა.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერ კიდევ 100 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და აირჩია სახელმწიფოს მმართველობის ძალიან პროგრესული ფორმა - რესპუბლიკა, რომელიც ძალიან დემოკრატიული მმართველობის ფორმაა, რადგან ამ დროს ხელისუფლებას ახორციელებს ხალხი. მაგრამ ამავდროულად, პრეზიდენტის განმარტებით, დემოკრატია ეფექტურ მექანიზმთან ერთად საშიში იარაღია თავისუფლების განსახორციელებლად. როცა ინდივიდი ზურგს აქცევს, მაგალითისათვის არჩევნებს და არ იღებს მასში მონაწილეობას - აგდებს ბიულეტენს, დემოკრატია გარდაიქმნება საშიშ სისტემად.

"დღეს თავისუფლების გააზრება პოლიტიკურ კონტექსტში არ ხდება. ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პროცესს ინტელექტუალურად აფასებს, თვისობრივად მოწყვეტილია საკუთარი იდენტობის გააზრებას, თვისობრივად მოწყვეტილია უნარს, შეაფასოს ვითარება მშვიდ, რაციონალურ, არაემოციურ კონტექსტში და მოსახლეობას და საზოგადოებას მიაწოდოს ვითარების ანალიზი.

თუ პოლიტიკას აკვირდებით, უყურებთ რა შეფასებებია - ემოციურ - თხრობითი. რეალურად ჩვენი პოლიტიკური რეალობა პოეზიის დონეზეა, სადაც დომინანტური არ არის რეალობის აღწერა.

ეს ორი სირთულე - ვინ ვართ და სად ვართ, ამის გააზრების სირთულე ქმნის თავისუფლებისაკენ ნაბიჯის გადადგმის სირთულეს....", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაიმართა დისკუსია და პრეზიდენტმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ქსელი დღეისათვის 22 ქვეყნის სკოლას აერთიანებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა