ნიკა მელია - ბატონი კვირიკაშვილი პასუხს აგებს ძალიან მკაცრად

ბატონი კვირიკაშვილი პასუხს აგებს ძალიან მკაცრად კანონის წინაშე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მელიამ კომენტარი გააკეთა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მასსა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე.

"ბატონი კვირიკაშვილი აგებს პასუხს კანონის წინაშე ძალიან მკაცრად, კანონის მთელი სიმკაცრით. ეს უსასრულობა, უმსგავსობა და უსამართლობა დასრულდება ძალიან მალე. შეიძლება მოკლე ტაქტიკური გამარჯვება მოიპოვოს არასწორად პოლიტიკურ პარტიასა და საზოგადოებაზე არჩევნებში, მაგრამ გრძელვადიან პსრსპექტივაში აუცილებლად დამარცხდება. არანაირ კეთილდღეობაზე ეს ადამიანი არ ზრუნავს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. დაპირისპირება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" სხდომაზე მოხდა, სადაც გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

კვირიკაშვილის მიერ მელიას მისამართით გაჟღერებულ უცენზურო მიმართვას, ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. მელიამ კვირიკაშვილს "უნამუსო" და "კორუმპირებული" უწოდა.

თავის მხრივ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, რომ "პირველად გაიგო, პრემიერ-მინისტრი იგინებოდეს". "ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს. პრემიერის მხრიდან კატასტროფული გინება ისმოდა. დაპირისპირება მოჰყვა ნიკა მელიას განცხადებას, რომ პრემიერმა არ იცის ქვეყანაში არსებული რეალური ვითარება. ამის მერე კვირიკაშვილმა დაიწყო გინება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

იხილეთ ვიდეო: ”"ის არის ქუჩის ბიჭი" - კვირიკაშვილმა საზოგადოებას ბოდიში მოუხდა, მელიამ კი მას მორიგი ბრალი დასდო”