ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2017

შეცვლიან თუ არა პრემიერს? - "კვირიკაშვილს ძალიან საეჭვოდ უღალატა ნერვებმა"

გია ხუხაშვილი - "პრემიერი პირველსავე დაგებულ ხაფანგში პატარა ბიჭივით გაება"

ამერიკის თუ ევროპის აზრი უნდა გაითვალისწინოს ამ დროს საქართველომ?

***

შეცვლიან თუ არა პრემიერს? - "კვირიკაშვილს ძალიან საეჭვოდ უღალატა ნერვებმა"

“რამდენად რეალურია, რომ პრემიერ-მინისტრი შეიცვალოს გაზაფხულზე და მთავრობის ახალ მეთაურად შს მინისტრი გიორგი გახარია დაინიშნოს?! პოლიტოლოგების განცხადებით, ფაქტია, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბოლო დროს ყველაფერს აკეთებს, რომ მედიაში გაჩენილი ეს ვარაუდები გამართლდეს - მისი ბოლოდროინდელი უცნაური განცხადებები გადადგომით "დამუქრებაზე" და, ასევე, გინება ოპოზიციის შეძახილზე, რომ მისი შემცვლელი ივანიშვილს უკვე ნაპოვნი ჰყავს, მიუთითებს, რომ ის ამის გამო გაღიზიანებულია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით შეცვლიან თუ არა პრემიერს? - "კვირიკაშვილს ძალიან საეჭვოდ უღალატა ნერვებმა"

"პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის ვარაუდით, მედიაში გავრცელებული ჭორები რომ, დიდი ალბათობით, სიმართლეს შეესაბამება და კვირიკაშვილს მართლაც აქვს მოლოდინი, რომ მალე შეცვლიან, პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ქცევამ, უწმაწურმა გინებამ თითქმის დაადასტურა კიდეც. ცინცაძის თქმით, ჭორები რომ ცარიელ ადგილზე არ გაჩენილა, ამაზე მეტყველებს ის, რომ კვირიკაშვილს ძალიან საეჭვოდ უღალატა ნერვებმა. იგი არ ტოვებს ისეთი აფექტური ადამიანის შთაბეჭდილებას, უცებ ავარდეს, წონასწორობა დაკარგოს და ბილწსიტყვაობაზე გადავიდეს. კვირიკაშვილი თავის თავში დარწმუნებულ, მშვიდ, გაწონასწორებულ ადამიანად გვახსოვს, ამიტომ რაღაც სერიოზული ხდება. ფაქტია, რომ გაღიზიანებულია და ნერვებს ვერ თოკავს. მახსოვს შემთხვევა, როდესაც ხადურის მიმართ აგორდა ჭორები, რომ ხსნიდნენ და მიუხედავად იმისა, ერთი წელი დარჩა კიდევ მინისტრად, მაშინ მისმა ახლობელმა მითხრა, სახლში ნერვიულობს და ამბობს, ტელევიზიიდან რატომ უნდა გავიგო, თუკი ასეთი რამ გადაწყვეტილიაო. ეტყობა, ახლაც ასეა. ძალიან ნევროზული განწყობილებაა მთავრობაში. კვირიკაშვილი ნერვიულობს, გახარია კი იმდენად თვითკმაყოფილად და თავდაჯერებულად გამოიყურება, რომ ეტყობა, მისთვისაც არ არის უცხო ეს ვერსია, მოვლენათა ასეთი განვითარება. ამიტომაც ყველაფერი მოსალოდნელია," - აღნიშნავს გამოცემა.

"პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ბოლო ერთი კვირაა, კვირიკაშვილი "თავს ვერ თოკავს", მას რაღაც ძალიან აწუხებს, ამიტომაც დაკარგა შინაგანი წონასწორობა და შეცდომას შეცდომაზე უშვებს - თითქმის ყველაფერზე ძალიან არაადეკვატურად და გაღიზიანებით პასუხობს. ის გამოსულია მდგომარეობიდან და შეიძლება ვივარაუდოთ, ეს ხდება ეჭვიანობის გამო, რომ მის შემცვლელად ვიღაცას ამზადებენ, ან შეძლება სხვა პრობლემაც აქვს, ჩვენ ხომ ზუსტად არ ვიცით. ფაქტია, რომ აქვს რაღაც პრობლემა, რაზეც ვერ საუბრობს და ხან აქეთ ეცემა და ხან - იქით. ეს ჩანს," - საკუთარ ვარაუდებზე საუბრობს ხუხაშვილი. მისი თქმით, "პრემიერი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი ბედი უარყოფითად გადაწყდეს და ოთხშაბათს პარლამენტის შემთხვევა არ იყო პირველი სიმპტომი, რომ მის თავს რაღაც კარგი არ ხდება." ამ ბოლო კვირებში მან დაანგრია ის იმიჯი, რაც შექმნილი ჰქონდა, კეთილბუნებოვანი და მშვიდი ადამიანის და დაანგრია არა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, არამედ, ფაქტობრივად, სწორ ადგილზე. ხუხაშვილის თქმით, პირველი იყო დეპუტატ შალელაშვილის ღია წერილზე სრულიად არაადეკვატური რეაქცია, როდესაც ლამის ფეხების ბაკუნი დაიწყო. შემდეგ იყო "უცნობთან" უცნაური ვითარება, როდესაც მას არავინ არ სთხოვდა და იძახა, გადავდგებიო, რასაც აგრეთვე მოჰყვა გარკვეული პოლიტიკური ტალღა და ახლა უკვე პარლამენტში მისი წყობიდან გამოსვლა. ძალიან მარტივ პროვოკაციაზე წამოეგო, რაც ძალიან სახიფათოა ქვეყნის ლიდერისთვის, ნიკა მელიას პირველად ხედავდა თუ რას ელოდა სხვას? გასაგებია, რომ მელია ეტყოდა იმას, რაც უთხრა, ეს სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო და ძალიან მძიმე რეაქცია ვნახეთ," - განაგრძობს გამოცემა.

"პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის შეცვლაზე აქტიური საუბარი მედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მან მთავრობის ახალი შემადგენლობა და შს მინისტრად გიორგი გახარია წარადგინა. მაშინ ითქვა, რომ მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამო გიორგი კვირიკაშვილი გაზაფხულზე თანამდებობას დატოვებდა და გამოითქვა ვარაუდიც, რომ ის საპრეზიდენტო კანდიდატადაც მოიაზრებოდა, მის შემცვლელად კი გიორგი გახარია განიხილებოდა. გია ხუხაშვილის თქმით, თუკი კვირიკაშვილის გაპრეზიდენტება მართლაც იყო ჩაფიქრებული, პარლამენტის ინციდენტის შემდეგ ეს თითქმის გამორიცხულია. პრეზიდენტისადმი თმენის ვალდებულების მოთხოვნა კიდევ უფრო მაღალი სტანდარტისაა, ვიდრე პრემიერ-მინისტრისადმი, რადგან პრეზიდენტი ქვეყნის სახეა და ასეთი ტიპის ქმედებით საპრეზიდენტო მიმართულებით მის გადანაცვლებას აშორებს. არ მინდა დრამატიზება, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია პირადად მისთვის, თორემ კვირიკაშვილი სახელმწიფოსთვის ბევრს არაფერს წარმოადგენს. ის არასდროს ყოფილა სერიოზული პოლიტიკური ფიგურა, მაგრამ პირადად მისი კარიერა ამ გამოხდომებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს," - წერს სტატიის ავტორი.

გია ხუხაშვილი - "პრემიერი პირველსავე დაგებულ ხაფანგში პატარა ბიჭივით გაება"

პრემიერისა და მელიას დაპირისპირებას აქვს ორი მხარე - ერთი ადამიანური და მეორე პოლიტიკური. სამწუხაროდ, საქართველოში ესენი არეულია ერთმანეთში, რაც არასწორია. ადამიანურად, რაც შემიძლია დავადასტურო და აღვნიშნო, არის ის, რომ მელიას ცემა, კვირიკაშვილის გარდა, შეიძლება ბევრს უნდოდეს. შესაბამისად, ადამიანური ემოცია შეიძლება გასაგები იყოს. თუმცა ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ღირსების დაცვა შორიდან გინებით არ ხდება. ფიზიკურად რომ გასწორებოდა, ეს კიდევ უფრო გასაგები იქნებოდა. შორიდან მუქარანარევი გინება, როდესაც შუაში დაცვა დგას, მაინცდამაინც ღირსების დაცვას არ ჰგავს. რაც შეეხება პოლიტიკურს, აქ სალაპარაკო არაფერია და არანაირი გამართლება არ აქვს. მეტსაც გეტყვით, ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის", - აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ხუხაშვილი: პრემიერი პირველსავე დაგებულ ხაფანგში პატარა ბიჭივით გაება.

"ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, რომელსაც არ აქვს უნარი, რომ მარტივ პროვოკაციასაც არ წამოეგოს. ფაქტობრივად, პირველსავე დაგებულ ხაფანგში პატარა ბიჭივით გაება. ეს ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო და ცუდ ტენდენციაზე მიუთითებს. ასე რომ, პოლიტიკურად დაზარალდა პრემიერი, როგორც ფიგურა. მისი საქციელი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ის არ არის თავის ადგილზე. მან აიკიდა იმაზე დიდი ტვირთი, ვიდრე შეუძლია, ზიდოს. მისი შემდგომი კომენტარებიც სწორედ ამაზე მეტყველებს, რაც მთლად ადეკვატური არ იყო. ამას ყველა უყურებს და მძიმე შთაბეჭდილებას ტოვებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს არ იყო მელიას წინააღმდეგ მიმართული. ის ბოლო პერიოდში დაძაბულია. სკანდალების მთელი რიგი იყო. პირველი - დეპუტატ შალელაშვილის განცხადებას აბსოლუტურად არაადეკვატურად უპასუხა და ფეხების ბაკუნი დაიწყო სწორ ადგილზე. მერე იყო "უცნობთან" გაუგებარი დაპირისპირება და გადადგომის ძახილი. რატომ გვაშინებდა, ვერ გავიგე, ახლა კი დააგვირგვინა. ეს იყო ლიდერისთვის შეუფერებელი საქციელის მთელი ციკლი", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"იგეგმება თუ არ იგეგმება მისი გადაყენება, არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, ის ამ თემაზე ეჭვიანობს და ეს არის მისი მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, მისი ფსიქოლოგიური აშლილობის მიზეზი ზუსტად ისაა, რომ იგი ეჭვიანობს, რომ რაღაცას უპირებენ და ამით არის განპირობებული ბოლო პერიოდში მისი უცნაური საქციელი. თავი უნდა აიყვანოს, ასე არ შეიძლება. თუ დასვენება სჭირდება, დაისვენოს სადმე, წყალტუბოს სანატორიუმში ან ნუნისში. მას უკეთესად ეცოდინება, მაინცდამაინც ბადენ ბადენში ნუ წავა, საქართველოში დაისვენოს, თორემ მისი, როგორც ლიდერის, სტატუსი სერიოზულ კითხვებს ბადებს. არსებობს ძალის ცენტრები. ბუნებრივია, სადღაც რაღაც მსჯელობა არის. არა მგონია, რომ დღეს ვინმე რეალურად განიხილავდეს კვირიკაშვილის ასე სწრაფად ჩამოშორებას ამ პოსტიდან. სისტემურად შეიძლება ამაზე ვინმე მსჯელობდა, მაგრამ ეს არ იყო დღევანდელი დღის წესრიგი. კვირკაშვილმა თვითონ მოახდინა ამის ფორსირება. მის თავზე დატრიალებული წისქვილის ინიციატორი გახლავთ თავად კვირიკაშვილი. მისი პრობლემები მისივე საქციელიდან გამომდინარეობს და არა გარე ფაქტორებიდან" - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "რას ფიქრობთ გიორგი გახარიაზე, როგორც კვირიკაშვილის შესაძლო შემცვლელზე" - პასუხობს:

"რატომ არის ამაზე ასე დაბეჯითებით საუბარი, არ მესმის. ლოგიკას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, ნაადრევია ამაზე ლაპარაკი. გახარიას გრძელი გზა აქვს გასავლელი იმისათვის, რომ დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. არ ვიჩქარებდი ამ თემის განხილვას... ვინ შეიძლება შეცვალოს კვირიკაშვილი ამაზე ჭორაობას ვერ დავიწყებ, ჯერ ეს საკითხი არ დგას. როცა დადგება დღის წესრიგში, მერე ვისაუბროთ".

ამერიკის თუ ევროპის აზრი უნდა გაითვალისწინოს ამ დროს საქართველომ?

"იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით ევროპასა და აშშ-ს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ევროკავშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა ამ იდეას არ ეთანხმება. საქართველოში კი ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხი არის სენსიტიური თემა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ.

"ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას," - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე განცხადებით გამოვიდა. "ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც, შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენ წინააღმდეგ ხმა, ბევრ თანხას დავზოგავთ," - განაცხადა დონალდ ტრამპმა", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით - ამერიკის თუ ევროპის აზრი უნდა გაითვალისწინოს ამ დროს საქართველომ?

"საქართველომ, პირველ რიგში, თავისი პოზიცია უნდა გაითვალისწინოს. იმიტომ, რომ ის არის ძალიან ახლოს "ისლამურ სახელმწიფოსთან", რომელიც ამის გამო ახლა ძალიან გადარეულია. აქედან 400 კილომეტრში არიან. სხვა სახელმწიფოს აღიარება არ არის ჩვენთვის კარგი - კოსოვოს მაგალითი გვაქვს. რაც საქართველოს გამოადგება მომავალში, ისე უნდა მოიქცეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მსახიობი გია ბურჯანაძე.

"ვფიქრობ, აშშ-ის იმიტომ, რომ იერუსალიმი ისტორიულად ისრაელის დედაქალაქი იყო. ლოგიკა ასეთია და, შესაბამისად, უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ის პოზიცია", - აღნიშნავს თეატრმცოდნე დოდო ხურცილავა.

"საქართველო არ არის საერთაშორისო სუბიექტი, ამიტომ რთულია, ჩვენმა ქვეყანამ რაღაც გადაწყვიტოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ სტრატეგიულ პარტნიორებს. სტრატეგიული პარტნიორი კი ზუსტად ის არის, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მის პოზიციას არ გავითვალისწინებთ, ფინანსურ დახმარებას შეგვიწყვეტს. ასე რომ, ცუდ დღეში ვართ - აქედან გამოსავალი არ არის. ტრამპის ახირება განხორციელების ფაზაში გადავიდა. ჩვენ არ ვართ მთავარი მოთამაშე, ამიტომ რასაც გვეტყვის ამერიკა, ისე უნდა მოვიქცეთ", - დასძენს ფოტოგრაფი იური მეჩითოვი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა