თინა ხიდაშელი - ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილის განცხადება დაუსაბუთებელი, ულოგიკო და არასწორია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პრემიერ - მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება „დაუსაბუთებელი, ულოგიკო და არასწორია”.

თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ვრცელ განმარტებას აკეთებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სრულიად ქართული მედია მირეკავს, რომ პრემიერს ბაგა-ბაღების შესახებ გაუკეთებია განცხადება და როგორ შეაფასებთო. დიდი მადლობა, რომ გახსოვთ ამ თემაზე ჩემი ჯერ საკრებულოში, უგულავას წინააღმდეგ ბრძოლა და შემდეგ პარლამენტში საკანონმდებლო ინიაციატივა, რომელიც მაშინდელ უმრავლესობაშიც არ იყო პოპულარული, მაგრამ მაინც გავიტანეთ და ბაგა-ბაღები გახდა სრულიად უფასო.

რაც შეეხება ბატონი კვირიკაშვილის ინიციატივას. მის მიერ ჩამოყალიბებული აზრი: „მოთხოვნა დიდია, ვერ ავუდივართ ფინანსურ ვალდებულებას, ამიტომ ფასიანი უნდა გავხადოთ“ სრულიად დაუსაბუთებელი, ულოგიკო და არასწორია, შემდეგი მიზეზებით:

არაფერი, რაშიც სახელმწიფო ბიუჯეტი ფულს იხდის, არ არის მოქალაქისთვის უფასო. ბიუჯეტი ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით დგება. შესაბამისად, კითხვა მხოლოდ იმაშია, ორჯერ გადავუხადოთ სახელმწიფოს ფული თუ ერთხელ;

ქვეყანაში კონსტიტუციით განათლება ყველასთვის ხელმსაწვდომი უნდა იყოს და შესაბამისად, ეს ნიშნავს მისი ბიუჯეტიდან დაფინანსების ვალდებულებას. კანონმდებლობით საბავშვო ბაღი ამ სისტემის შემადგენელი რგოლია და მისი ბოლო ეტაპი კი სავალდებულო სკოლისთვის მოსამზადებლად. შესაბამისად, ის ბიუჯეტიდან უნდა ფინანსდებოდეს;

როდესაც პრემიერი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები მზარდი ბიუჯეტით და ეკონომიკით ამაყობენ, ელემენტარულია, რომ ბიუჯეტის რიცხვები კი არ უნდა იყოს საამაყო, არამედ ის მომსახურება და სასარგებლო საქმე, რომელიც ამ რიცხვების უკან დგას;

განათლება და განათლებული ადამიანი რომ „ოცნების“ პრიორიტეტი არ არის, ეს გავიგეთ, არ არის საიდუმლო. წელიწადზე მეტი განათლების მინისტრი გვყავდა, რომელიც ზღაპრის გმირებს ებრძოდა და ვერც ერთი მნიშვნელოვანი ძვრის განხორციელება ვერ გაბედა სისტემაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენიც ასე უნდა ვფიქრობდეთ;

საბავშვო ბაგა-ბაღების ხელმისაწვდომობა, ანუ ყველასთვის გარანტირებული, გარდა მისი პირველადი ფუნქციისა, უმნიშვნელოვანესი დასაქმების პროგრამაა, ვინაიდან დედებს დასაქმების შესაძლებლობას აძლევს; ასევე უზარმაზარი სოციალური მნიშვნელობის პროგრამაა ქალის და მამაკაცისთვის თანაბარი და უკეთესი შესაძლებლობების, სრულფასოვანი რეალიზების, არჩევანის თავისუფლების გზაზე.

სანამ ამ განცხადებას გააკეთებდა ბატონი კვირიკაშვილი, თუ დაინტერესდა რამდენია ეს "რომ ვერ ავუდივართ" ფინანსური ვალდებულება და მაგალითად, დიდი ქალაქის შემთხვევაში ადგილობრივი ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, როგორ დგება პრიორიტეტები, რომ მაგალითად საბავშვო ბაღებში 4 წლის ბაშვების კვებას უნდა მოვაკლოთ თანხები, მაგალითად, საკრებულოში ერთ პარტია „ოცნებას“ რომ რამდენიმე ფრაქცია ქონდეს, შესაბასიმი თანამდებობის პირების ხელფასებით, მანქანებით, საწვავით, პრემიით, ხელშეკრულებით დაქირავებული პარტიული აქტივისტებით და სხვა;

ლოგიკურად ისმის შეკითხვა: ეს ბავშვები შემდეგ სკოლებში მიდიან და შესაბამისად, იქაც ხომ არ აპირებენ საბიუჯეტო დაფარვის გაუქმებას?

ასევე ლოგიკური შეკითხვაა, ხვალ ხარჯების ზრდის კვალდაკვალ საყოველთაო დაზღვევაზეც ხომ არ იტყვის უარს, ვინაიდან სამწუხაროდ დაბერების ტენდენციის ერი ვართ, ეს თავისთავად, ბუნებრივად იწვევს ამ სეგმენტში ხარჯების ზრდას;

შეცდომაა ხარჯების ზრდის გამო საფასურის დაწესების მოთხოვნა. სწორია, პირველ რიგში დაგვანახონ და საზოგადოება დაარწმუნონ იმ პრიორიტეტების სისწორეში, რომლითაც საბიუჯეტო რესურსი იხარჯება. თორემ არ დაიზარებს ვინმე "ინტრიგანი ანტი-სახელმწიფოებრივი სოროსელი" და დაგითვლით ერთ დღეს ყველა სულელურ, ძალაუფლებით ტკბობით გაწეულ ხარჯს და შეუფარდებს 4-5 წლის ბავშვების კვების ხარჯებს და ძალიან, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ბატონებო და მგონია, შეგრცხვებათ კიდეც“, - წერს თინა ხიდაშელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ გარკვეული ტიპის ოჯახებმა, რომელთაც ყველანაირი საშუალება გააჩნიათ, რომ ბაღის გადასახადი გადაიხადონ, ბაღის გადასახადი უნდა გადაიხადონ!

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა