ავსტრიაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასადა ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა, - ინფორმაციას ამის შესახებ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავრცელებს.

”დიდი ადამიანი, დიპლომატი, პროფესიონალი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, ბატონი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა. ის დააკლდება ჩვენს დიპლომატიას, თუმცა მისი მიღწეული შედეგები კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ქვეყნის სიძლიერის გარანტი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ყველა ახლობელს”, - წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

კონსტანტინე ზალდასტანიშვილი დაიბადა 1960 წლის 23 დეკემბერს, ქ. თბილისში.

1982 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, მართვის ავტომატიზებული სისტემების სპეციალობით.

1982-1983 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის მართვის ავტომატიზირებული სისტემების კათედრასთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინჟინერი.

1983 წლის სექტემბრიდან 1984 წლის ოქტომბრამდე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობაში პროგრამული მართვის კათედრის ლაბორანტი.

1984 წლის ოქტომბრიდან 1987 წლის ნოემბრამდე იყო ქ.დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ასპირანტი.

1987 წლის სექტემბერში ქ.დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

1987-1989 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრის ასისტენტი.

1989 წლის ოქტომბრიდან 1990 წლის აგვისტომდე იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის მკვლევარი.

1990-1992 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა მანქანათმშენებლობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში და ამავე უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის კათედრის დოცენტი.

1992 წლის მაისიდან 1993 წლის მარტამდე იყო საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტის სამმართველოს უფროსი.

1993 წლის მარტიდან 1994 წლის დეკემბრამდე იყო თბილისის მერიის საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს უფროსი.

1994 წლის დეკემბრიდან 1995 დეკემბრამდე იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი.

1995 წლის 20 დეკემბრიდან 1998 წლის 8 აგვისტომდე იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა მინისტრი.

1998 წლის 8 აგვისტოდან 1999 წლის 15 აპრილამდე იყო ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 1999 წლის

15 აპრილიდან 2000 წლის 26 ნოემბამდე კი - ქ.ბრიუსელში ევროკავშირთან, ევროგაერთიანების კომისიებსა და ევროკავშირის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

2000-2005 წლებში იყო ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

2005 წლის 17 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე იყო ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი.

2013 წლის 18 ივნისიდან დღემდე არის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ.ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი.

1998 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“