ლევან იზორია კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალს დაესწრო

თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 114 ოფიცერს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელს, კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს.

„სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა კურსის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ლევან იზორიამ სამხედრო განათლების კუთხით გატარებულ რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც „საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის“ გახსნას ითვალისწინებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, სამომავლოდ ინგლისურ ენაზე მანევრის უმცროსი ოფიცრები მომზადდებიან, რომლებიც ტაქტიკურ დონეზე საბრძოლო მომზადებისა და საბრძოლო ოპერაციების დაგეგმვას შეძლებენ.

ღონისძიების ბოლოს კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. დღეიდან ისინი კვლავ დაუბრუნდებიან საკუთარ ქვედანაყოფებს და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებენ მსახურს. კურსის განმავლობაში ოფიცრებმა ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს. კურსდამთავრებულებმა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სწავლებებიც გაიარეს.

საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო სკოლა საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ასეულის მეთაურების, ბატალიონისა და ბრიგადის შტაბის ოფიცრების მომზადებას, მათში საბრძოლო და სამეთაურო უნარ-ჩვევების გამომუშავებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას უზრუნველყოფს. კაპიტნის საკარიერო სკოლის სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამა ოფიცრის ძირითადი სამხედრო განათლების II საფეხურს წარმოადგენს, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებს საშუალებას აძლევს ტაქტიკური დონის განათლება მიიღონ. კაპიტნის საკარიერო კურსების გავლა ოფიცერთა კარიერული განვითარების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. კაპიტნის საკარიერო სკოლაში ფუნქციონირებს 9 საკარიერო კურსი, სადაც სხვადახვა გვარეობების მიხედვით, ასეულისა და ბატალიონის შტაბის ოფიცრების მომზადება ხორციელდება.

კაპიტნის საკარიერო კურსმა დაარსებიდან დღემდე ტრანსფორმაცია განიცადა. 2004 წელს ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩეველთა მხარდაჭერით ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი დაარსდა, რომელმაც პირველი მიღება 2005 წელს განახორციელა. 2007 წელს ქვეითი კაპიტნის საკარიერო კურსი მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსად გადაკეთდა, შემუშავდა ახალი სასწავლო მასალა და პროგრამა. მოგვიანებით, 2007-2014 წლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ეტაპობრივად ჩამოყალიბდა სხვადასხვა გვარეობების - არტილერიის, დაზვერვის, მანევრის, კავშირგაბმულობის, საინჟინრო, საჰაერო თავდაცვის, ლოგისტიკის, ავიაციისა და პერსონალის კაპიტნის საკარიერო კურსები.

2005 წლიდან დღემდე კაპიტნის საკარიერო სკოლაში მომზადდა სულ 1226 ოფიცერი. მანევრის კაპიტნის საკარიერო სკოლაში განხორციელდა 21 გამოშვება და მომზადდა 572 ოფიცერი“, - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა