პარლამენტმა ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ისა და განათლების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „საშობაო ზღაპარს“ უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტმა მშობელთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯ-ნაბიჯ Step by Step“-ისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას „საშობაო ზღაპარს“ უმასპინძლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა დღის ცენტრის ბენეფიციარები - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები. მათ შეასრულეს ქართული სიმღერები და ცეკვები, წაიკითხეს საახალწლო ლექსები. ორგანიზაციის ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს პარლამენტის წევრებმა: მარიამ ჯაშმა, გიორგი ვოლსკიმ, რატი იონათამაშვილმა, სიმონ ნოზაძემ, პარლამენტის აპარატის უფროსმა ნიკოლოზ ნათენაძემ.

„გილოცავთ შობას და ახალ წელს თითოეულ თქვენგანს, სრულიად საქართველოს, ყველა ქრისტიანს და ასევე არაქრისტიანებს, რომელთაც უყვართ ეს ქვეყანა და არიან ამ ქვეყნის გულშემატკივრები“, - მიმართა სტუმრებს გიორგი ვოლსკიმ.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა დამდეგ შობასთან და ახალ წელთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა სრულიად საქართველოს. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი აქტიურტად მუშაობს ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური კულტურის მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებზე.

„დღევანდელი ღონისძიებით ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ შევუერთდეთ საქართველოს პარლამენტის მეცხრე მოწვევის წევრთა მესიჯს, რომ ჩვენთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და უფროსი ასაკის წარმომადგენელთა უფლებები არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიწყებთ ძალიან აქტიურ მუშაობას როგორც ფაკულტატური ოქმის რატიფიცირებაზე, ასევე, ყველა სფეროში დამოუკიდებელი მოღვაწეობის და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად“, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიებაში მონაწილეებს ორგანიზაციამ სამაჯურები გადასცა წარწერით: „ერთად ვიაროთ“. ორგანიზაციის დამფუძნებლის, ნინო გულუას თქმით, ეს არის სიმბოლო, მინიშნება იმაზე, რომ ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთ.

„თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, ჩვენ შეუძლებელს შევძლებთ. თქვენ გარეშე, პრაქტიკულად წარმოუდგენელია ამ ბავშვების ოცნებების ასრულება“, - მიმართა დეპუტატებს ნინო გულუამ. მან მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს განათლების ყველა ეტაპზე ინკლუზიური განათლების ხარისხზე ზრუნვისთვის, საქართველოს პარლამენტს - მასპინძლობისთვის და თბილისის მერიას, რომელმაც თითოეულ ბენეფიციარს გადასაცემად საახალწლო საჩუქრები მოუმზადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა