ქართული პრესის მიმოხილვა 30.12.2017

ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

                                  * * *

ავთო სილაგაძე - "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა"

"2017 წელს ყველაზე დიდი და სერიოზული პრობლემა იყო ეროვნული ვალუტის დევალვაცია, რაც წინა წლიდან მოდიოდა და კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა. სამწუხაროდ, ეს საკითხი კიდევ არ არის დაძლეული და რა დროს დაიწყება პროცესი თავიდან, არავინ იცის. მარტო ვალუტის დევალვაცია არ არის ცალკე აღებული პრობლემა, ეს პირდაპირ მიუთითებს ფასების ზრდასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაზე. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის რეალური შემოსავლის დიდი ნაწილი შემცირდა, რადგან ხარჯი და შემოსავალი ვერ დაბალანსდა", - აცხადებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "2017 წელს მოსახლეობის რეალური შემოსავალი შემცირდა" / მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს.

"ინფლაციის ზრდაც საკმაოდ მტკივნეული თემაა და ამაზე არაერთხელ მისაუბრია. მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ინფლაციას შესაბამისი მეთოდოლოგიით ითვლიან, მაინც მიმაჩნია, რომ მისი მაჩვენებელი იყო ხელოვნურად შემცირებული. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, რომ რეალურად ინფლაცია უფრო მეტია, ვიდრე ამას ციფრებში გამოსახავენ. თუ იმაზე მეტი ზრდა იქნებოდა, ვიდრე გაასაჯაროვეს, უშუალოდ ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, რაც ალბათ არ შედიოდა ვიღაცების ინტერესებში. მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ გრძელდება გაურკვეველი მიმართულებით რეფინანსირების სესხების გაცემა ეროვნული ბანკის მხრიდან, რაც სავალუტო და სამომხმარებლო ბაზარზე მოქმედებს უარყოფითად. საზოგადოებამ წლების განმავლობაში არ იცის, ამ სესხების შედეგად რა მოგება მიიღო სახელმწიფომ და რა მოგება კომერციულმა ბანკებმა. იმედია, მომავალში მაინც შეისწავლიან ამ საკითხს. ყოველთვის იქნება მერყეობა და ეჭვი ეროვნული ვალუტის ხელოვნურ რყევასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ავთო სილაგაძე.

"ქვეყანას არ აქვს ეკონომიკური განვითარების სრულყოფილი გეგმა. ოთხპუნქტიანი გეგმა არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს და მასზე უკეთესი იყო ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია. ვურჩევდი მთავრობას, აიღოს ის გეგმა და კიდევ უფრო სრულყოფილად წარმოადგინოს, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკის მთავარი ინდიკატორები და რა დოზით შევძლებთ მიახლოებას ევროკავშირის მაჩვენებლებთან. სანამ ეს არ გვექნება გათვლილი, მანამდე არ გვეცოდინება, რა გზით მივდივართ და როდის მივალთ იმ სასურველ მდგომარეობამდე", - დასძენს აკადემიკოსი და შეკითხვაზე - "აუცილებელია, დადებით მხარესაც შევეხოთ და ვახსენოთ ის მოვლენები, რაც 2017 წელს მოხდა ან დაიწყო და სამომავლოდ გაგრძელდება", - პასუხობს:

"დადებითი მოძრაობა თითქოს შეიმჩნეოდა ინვესტიციების მხრივ. ეს მიმართულება უფრო მეტად გააქტიურდა, რაც, ჩემი აზრით, მისასალმებელია. სასურველია, უცხოური თუ ადგილობრივი კაპიტალდაბანდება გაორმაგდეს, უნდა ამუშავდეს ანაკლიის პორტი. ჯერ, ფაქტობრივად, არაფერია ამ კუთხით გაკეთებული, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მდგომარეობა გაუმჯობესდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებაც თავისთავად დადებითი მოვლენაა, ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ გარკეული ნაბიჯები გადაიდგა და არ შეიძლება, ესეც არ აღინიშნოს".

რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს

"მოსკოვი თბილისს საქართველოს საჰაერო სივრცეზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენის უფლებას ითხოვს და აცხადებს, რომ ქართული მხარე "ღია ცის შესახებ" შეთანხმებას არღვევს, ალბათ იმიტომ, რომ "რაღაც აქვს დასამალი" და არ სურს, რუსმა ინსპექტორებმა ნახონ "ქართველების ფარული სამხედრო საქმიანობა, რომელიც საომარი მომზადებით განისაზღვრება". მოსკოვში აცხადებენ, რომ თუკი თბილისი იანვარში ჩანიშნულ მორიგ შეხვედრაზეც უარს იტყვის საქართველოს ცაზე რუსული თვითმფრინავების სადამკვირვებლო ფრენაზე, ეს შეთანხმება საბოლოოდ ჩაიშლება და საქართველომ შეთანხმება უნდა დატოვოს. ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსკოვს "ღია ცის შესახებ" ხელშეკრულების დარღვევაში, რამდენიმე თვეა, ადანაშაულებს აშშ და ეს კიდევ ერთი ბრალდებისა და დაპირისპირების საგანია ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რუსეთი საქართველოს ცაზე სამხედრო-სადამკვირვებლო ფრენას ითხოვს / ოფიციალური მოსკოვი ცდილობს, "ღია ცის" საერთაშორისო შეთანხმების მოსალოდნელი ჩაშლა საქართველოს დაბრალდეს.

"კონკრეტულად, თეთრ სახლში მოსკოვის მიმართ პრეტენზიაა, რომ რუსეთმა შეუზღუდა ამერიკულ თვითმფრინავებს კალინინგრადის ოლქის თავზე ფრენა და, გარდა ამისა, რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე სადამკვირვებლო ფრენის უფლებას არ იძლევა, ამიტომაც საპასუხოდ გეგმავს, რომ რუსეთსაც შეუზღუდოს აშშ-ის ცაზე ფრენა, კონკრეტულად ალასკასა და ჰავაიზე. რუსეთი კი საჰაერო ზონაში ფრენის აკრძალვაში, საქართველოს გარდა, აშშ-სა და კანადასაც ადანაშაულებს, ხოლო ვაშინგტონის ბრალდებებზე პასუხობს, რომ კალინინგრადის თავზე ამერიკული თვითმფრინავების ფრენა პრობლემებს ქმნიდა საერთაშორისო აეროპორტების მუშაობაში. რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე პრეტენზიას, მოსკოვის თქმით, ეს პრეტენზია გაუმართლებელია - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი "დამოუკიდებელი სახელმწიფოები" არიან, რომლებიც არ არიან მიერთებული "ღია ცის შეთანხმებაზე". ასეთი ქვეყნების შემთხვევაში კი სადამკვირვებლო ფრენა დაშვებულია მათი საზღვრებიდან 10 კმ-ის დაშორებით. "ჩემი შენ გითხარიო - რუსეთის ქმედება და პრეტენზიები ამას ჰგავს", - ამბობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ რუსეთი თავად არღვევს არაერთ ხელშეკრულებას, საქართველო კი ამ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმით, მართალია"- აღნიშნავს გამოცემა.

"როდესაც საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ცაზე ინსპექტირების უფლება არ ეძლევათ, პრინციპის საკითხია, რომ არც საქართველოს ცაზე დაუშვან რუსების პატრულირება. "ღია ცის შესახებ" შეთანხმებას 34-მა სახელმწიფომ 1992 წელს ჰელსინკში მოაწერა ხელი, მათ შორის რუსეთმა და საქართველომაც. ამ ხელშეკრულებით, ქვეყნებს ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენა შეუძლიათ. ბოლო დღეებია, რუსული მედია "ღია ცის შესახებ" შეთანხმების დარღვევაში საქართველოს აქტიურად ადანაშაულებს. "რია ნოვოსტი" სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ, ამ ხელშეკრულებით, სადამკვირვებლო ფრენა ჩაშლის ზღვარზეა, რაც საქართველოს ბრალია. გამოცემის წყაროს ცნობით, თბილისს არ სურს, საჰაერო სივრცე რუსული თვითმფრინავებისთვის გახსნას და ამის გამო "ღია ცის" საკონსულტაციო კომისია, უკვე რამდენიმე თვეა, გადაწყვეტილებას ვერ იღებს. მომდევნო სხდომა კი იანვარში ვენაშია დაგეგმილი", - განაგრძობს გამოცემა.

"რუსეთის ფედერაციის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის პროფესორის და წამყვანი ექსპერტის - ვლადიმერ კოზინის თქმით, საქართველო შიშობს, რომ რუსეთი დაინახავს ფარულ, გაუსაჯაროებელ სამხედრო საქმიანობას, რომელიც საომარი მომზადებით განისაზღვრება და ამიტომაც არღვევს თბილისი "ღია ცის" შეთანხმებას - "იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიზანია, მომავალშიც რუს ინსპექტორთა ჯგუფს სადამკვირვებლო ფრენა აუკრძალოს, მაშინ ის ამ შეთანხმებიდან უნდა გავიდეს, რადგან ვალდებულებების ნაწილობრივ შესრულება აკრძალულია. გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის მიმართ კეთილმეზობლური სულაც არ არის. როგორც ამბობენ, პატიოსან ადამიანს არაფერი აქვს დასამალი, ხოლო ყაჩაღი ყოველთვის ცდილობს, იარაღი ქურთუკის ქვეშ დამალოს. ყველაფერი, რაც გარკვეული სამხედრო საქმიანობის დამალვის გეგმით კეთდება, იწვევს მხოლოდ ეჭვს", - ამბობს რუსი ექსპერტი. ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საქართველოში არანაირი ფარული სამხედრო მზადება არ მიდის, ჩვენ აბსოლუტურად ტრანსფარენტულები ვართ, თუმცა რუსეთს აქვს ერთგვარი ინსინუაცია, რომ ამერიკელებთან თანამშრომლობით რაღაც ხდება და ამის გამოა მუდმივად მსგავსი განცხადებები", - დასძენს გამოცემა.

ექსპერტის თქმით, "ღია ცის შესახებ" შეთანხმების მიხედვით, სხვადასხვა შეიარაღების კონტროლი ჰაერიდან უნდა მოხდეს, ხოლო რუსეთს, რომელიც კალინინგრადის ოლქსა და კავკასიაში, კერძოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დამრტყმელ შეიარაღებას მაქსიმალურად აძლიერებს, ხელს არ აძლევს ციდან ამის კონტროლი და ხელშეკრულებას თავად არღვევს ამ ტერიტორიების ცაზე სადამკვირვებლო ფრენის აკრძალვით, თანაც ამ დაპირისპირებაში ცდილობს, "ღია ცის" შეთანხმების ჩაშლა საქართველოს გადააბრალოს - "რუსეთს ხელს არ აძლევს, კალინინგრადის ოლქსა და ჩრდილოეთ კავკასიაში "ღია ცის" შეთანხმების რეალიზება. მან დამრტყმელი, მოდერნიზებული შეიარაღების ტიპები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განათავსა, რითაც არა თუ ამ შეთანხმებას არღვევს, არამედ საშუალო და მცირე სიშორის ბალისტიკური რაკეტების შესახებ 1995 წლის შეთანხმებასაც", - ამბობს მაისაია. მისი თქმით, რუსეთმა ამ ზონებში იმიტომაც განათავსა მოდერნიზებული სარაკეტო კომპლექსები, რომ იცოდა, სადამკვირვებლო თვითმფრინავებს ინსპექციას არ ჩაატარებინებდა. ახლა კი ჩვენ უნდა გადმოგვაბრალოს, რომ "ღია ცის" შეთანხმებას ვარღვევთ", - წერს სტატიის ავტორი.

"ელემენტარულია, როდესაც რუსეთი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, იგივე აშშ-ს, უარს ეუბნება ოკუპირებული ტერიტორიების ინსპექტირებაზე, რათა ვიცოდეთ, რა შეიარაღება განალაგა იქ, ლოგიკურია, არც ჩვენ დავრთავთ ნებას. ეს პრინციპული საკითხია. საქართველოს უფლება ილახება და, რა თქმა უნდა, საქართველოსაც აქვს ანალოგიური ქმედების უფლება. სამართლებრივად ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს, რომ რუსეთი თავად არღვევს საერთაშორისო სამართალს ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე ინსპექტირების აკრძალვით და შესაძლოა ისიც, რომ თბილისმა მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა და იქ მოხდეს ამ საკითხის განხილვა", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის

"სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს, რისი მიზეზიც მთავრობის მიერ თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემაა. როგორც სომხური ეკლესიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი ამბობს, თუკი თბილისის სასამართლო არ დააკმაყოფილებს მათ სარჩელს, მაშინ ევროპულ სასამართლოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. "ორგანიზაცია "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების " ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში საქართველოს მთავრობამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N38-ში მდებარე დაზიანებული ეკლესია და მისი მიმდებარე ტერიტორია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას ისე გადასცა, რომ არ შეუსწავლია ტაძრის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურული და კონფესიური მახასიათებლები. მათივე ცნობით, ეკლესიის სომხურ წარმომავლობას არაერთი წყარო ადასტურებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სომხური ეკლესია საქართველოს მთავრობას სასამართლოში უჩივის.

"შემორჩენილია შემდეგი შინაარსის სომხურენოვანი წარწერა: "ეს სასწავლებელი აშენებულია პირადი სახსრებით თბილისელი ქვრივის - კეკელ გრიგორიან-თანდოიანცის მიერ, წარმომავლობით ბაბასიანისა, მისი ძმის ალექსანდრე გრიგორიან-ბაბასიანის ხელშეწყობით მათი და ამ ეკლესიის ამშენებლების სულების მოსახსენიებლად, რომლებიც დაკრძალულნი არიან ამ ტაძარში - სააკ თანდოიანცის ეკლესიაში... 1883 წ". ამის შესახებ საქართველოში სომხური ეკლესიის ლიდერმა, ეპისკოპოსმა ვაზგენ მირზახანიანმა 25 დეკემბერს საქართველოში სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის დროსაც ისაუბრა. მისი თქმით, დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემა თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის N38-ში, მდებარე სომხური ეკლესიის საკითხია. მირზახანიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "არ შეისწავლა ეკლესიის ისტორიული წარმომავლობა და მისი კულტურულ-რელიგიური ნიშნები", წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელიც სომხეთის ეპარქიას უსამართლოდ მიაჩნია.", - აღნიშნავს გამოცემა.

"მირზახანიანმა სომხეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ თუ გადაწყვეტილება სომხური მხარის სასარგებლოდ არ შეიცვლება, მაშინ ეპარქია სასამართლოს მიმართავს. ამასთან, აღნიშნა, რომ მას არ სურს, საკითხმა სახელმწიფოების ურთიერთობაში წარმოქმნას პრობლემები. მთავრობის წინააღმდეგ სარჩელს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში, საახალწლო დღესასწაულების შემდგომ, შეიტანენ. ამასთან, მირზახანიანმა საუბრისას მიანიშნა, რომ თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს სომხეთის ეპარქიის სარჩელს და ეკლესიას "კანონიერ მესაკუთრეს" არ დაუბრუნებს, მაშინ საქართველოს სომხური საზოგადოება საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართავს. სავარაუდოდ, იგულისხმება ევროპის სასამართლო და საერთაშორისო ორგანიზაციები", - განაგრძობს გამოცემა.

"აღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კომენტარი გამოთქვა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის - ილია მეორის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სომეხთა ეპარქიას უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს საქმის სასამართლოს გზით გადასაწყვეტად, თუმცა დასძინა, რომ, მათ ხელთ არსებული ყველა მტკიცებულებით, ეკლესია ქართულია და სასამართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, ბოტკოველის თქმით, "ეს სასამართლო მათთვის დიდი სირცხვილი იქნება". როგორც იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა, პირველ რიგში, საქართველოს მთავრობას უნდა მიმართონ და მათგან მოითხოვონ გადაწყვეტილების შეცვლა. ამასთან, იურისტი აღნიშნავს, რომ ასეთი შეცდომები ხშირ შემთხვევაში ინფორმაციის უქონლობის გამო ხდება", - დასძენს გამოცემა.

"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებას თავისი პროცედურა აქვს და, ისტორიულად, ეს ეკლესია სომხურმა სათვისტომომ რომ ააშენა და მათ აქვთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, ამ ფაქტს ანგარიში უნდა გაეწიოს. სომხური ეკლესიის მესვეურებს უფლება აქვთ, მიმართონ საქართველოს მთავრობას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო და გაასაჩივრონ გადაწყვეტილება მანამდე, სანამ სასამართლოს მიმართავენ. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, თავისი გადაწყვეტილება გადასინჯოს და მე მათ ვურჩევდი, ჯერ ადმინისტრაციული წესით მიმართონ საქართველოს მთავრობას, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ მათთვის ეს ფაქტი არ იყოს ცნობილი და თავადვე შეცვალონ ეს გადაწყვეტილება. ყოველი ასეთი არასწორი გადაწყვეტილების უკან ხშირად დგას შეცდომა და არა ავი განზრახვა ან სურვილი. ამიტომ ვფიქრობ, ასეთი საკითხები, უმჯობესია, სასამართლოსა და ღია დაპირისპირების გარეშე გადაწყდეს", - აცხადებს გამოცემასთან საუბრისას ლია მუხაშავრია.

"იურისტი გელა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მტკიცებულებების წარდგენა, რაც ამ სარჩელს განამტკიცებს. თუკი ვინმე ხელოვნურად არ გაამწვავებს მდგომარეობას, მას არ ჰგონია, რომ სომხური და მართლმადიდებელი ეკლესიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - "ამ ყველაფერს თავისი პროცედურები აქვთ. უნდა დაამტკიცონ ისტორიული წყაროებით ქართულია თუ სომხური წარმომავლობის ეს ეკლესია. ხშირად არის ხოლმე, რომ ჯერ მართლმადიდებელი ტაძარი იყო, შემდგომ მაჰმადიანური, შემდგომ სომხური, რაც გაურკვევლობისა და დავის მიზეზი ხდება. თუ ამ საკითხს ხელოვნურად არ გაამწვავებს რომელიმე მხარე, არ მგონია, რომ რაიმე გართულება მოჰყვეს და სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს. კიდევ ერთხელ გეტყვით, აუცილებელია, სასამართლოს წარუდგინონ არსებული მტკიცებულებები", ამბობს ნიკოლაიშვილი, რომლის თქმით, "ამის შემდგომ ვნახოთ, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული" - წერს სტატიის ავტორი.

რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

"სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი წარდგენილ ორივე ბრალდებაში სამართალდამრღვევად ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რატიანის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა. ზვიად რატიანს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევა ედება ბრალად. კერძოდ, 166-ე და 173-ე, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას გულისხმობს. სასამართლოს წინა სხდომაზე საქმის განხილვა დასრულდა, სადაც ვიდეომტკიცებულებები განიხილეს და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები დაკითხეს. რატიანმა განმარტა, რომ დაკავებისას სამართალდამცველები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, პატრულის წარმომადგენლებმა კი თქვეს, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციელებს უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. რატიანი სამართალდამცველებს ცემაში ადანაშაულებს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო", - მიმართავს გაზეთი "რეზონანსი" საზოგადოების წარმომადგენლებს კითხვით - რამდენად სამართლიანია პოეტ ზვიად რატიანისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი?

"მიმაჩნია, რომ სასამართლოზე საკითხი საერთოდ არ უნდა დამდგარიყო, მიუღებელია მისი ბრალეულობის ასეთი ფორმით დადგენა. ძალიან ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ დამნაშავე არა ზვიადი, ანუ დაზარალებული, არამედ პოლიციაა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ადამიანი. პირიქით უნდა ხდებოდეს, პოლიცია ასეთი ტიპის შემთხვევებისაგან ადამიანს უნდა იცავდეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კინომცოდნე ლელა ოჩიაური.

"რა თქმა უნდა, უსამართლოდ მიმაჩნია. რატიანის ნაცვლად სხვა მოქალაქე განვიხილოთ, რომელსაც ცუდი სიმთვრალე აქვს - სამართალდამცავმა ის მანქანაში უნდა ჩატენოს და ურტყას? გასარჩევიც არ არის", - მიიჩნევს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

"ზუსტად გარემოებები არ ვიცი, რა მოხდა. თუ პოლიციის პოზიციას გავიზიარებთ, აცხადებენ, რომ დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა იყო, ხოლო თუ ზვიადის მომხრეების პოზიციას გავიზიარებთ, არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ამიტომ ძალიან გამიძნელდება პასუხის გაცემა. თუმცა, უნდა გითხრათ, რომ არავის არ ეპატიება ბილწსიტყვაობა და შეურაცხყოფა, გინდა ფხიზელი იყოს, გინდა ნასვამი. როდესაც დღის წესრიგში ასეთი გადაწყვეტილებების მიღება დგება, განურჩევლად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა, კანონი ერთნაირი უნდა იყოს", - თვლის ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე.

"ს სასამართლო გადაწყვეტილება სამარცხვინოა. სამარცხვინო ქვეყანაა, სამარცხვინო "ქოცური" სასამართლოთი. ეს უბედურებაა. თუ სწრაფად არ დამთავრდება, ნამდვილად დავიღუპებით. გულით და სულით თანავუგრძნობ ზვიადს, მაგრამ, პირველ რიგში, თანავუგრძნობ საკუთარ თავს და ნორმალურ ხალხს", - დასძენს მხატვარი გია ბუღაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა