მამუკა სალუქვაძე - გენგეგმას მერიას დღეს წარვუდგენთ, რა შენიშვნებიც გასათვალისწინებელი იყო, გავითვალისწინეთ - კარგი იქნება, რომ წაიკითხონ, მივუთითებთ გვერდებს, სად რა წერია

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დედაქალაქის მერიას დღეს წარედგინება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა.

როგორც სალუქვაძემ განმარტა, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა დედაქალაქის მერიის შენიშვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა, „შენიშვნების ნაწილი კი გასათვალისწინებელი საერთოდ არ იყო“.

„დღეს წარედგინება მერიას ჩვენი პასუხები შენიშვნებთან დაკავშირებით. რაც გასათვალისწინებელი იყო, გათვალისწინებულია, რაც არ იყო გასათვალისწინებელი, პასუხად გვაქვს მიწერილი, რომ ეს არ არის გასათვალისწინებელი და წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი არგუმენტები.

მაგალითად, ზონირების საკითხთან დაკავშირებით მათ აქვთ თავიანთი აზრი, ჩვენ - ჩვენი და ვაყენებთ არგუმენტებს, რის გამო უნდა იყოს ისე, როგორც გენგეგმაშია მოცემული. არის კიდევ შეკითხვები, სადაც ისინი განმარტებას ითხოვენ და ეს შენიშვნაც არ არის.

დასაბუთების ნაწილი გენგეგმას არ აკლია. ყველაფერი არის ტექსტში მოცემული და კარგი იქნება, რომ წაიკითხონ არქიტექტურის სამსახურში. მივუთითებთ გვერდებს, სად რა წერია და რამ გამოიწვია ზონების ცვლილება, რომელ ზონაში რა იგულისხმება და ა.შ.

1250 გვერდიანი ტექსტია და ეტყობა, დროის მცირე მონაკვეთში არქიტექტურის სამსახურს ამის გაგება უჭირს. ვდგევართ ახლა და ვუთითებთ. ავუხსენით კიდეც გარკვეული საკითხები შეხვედრებზე“, - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, „თბილისს მიწათსარგებლობის ძალიან კარგი გეგმა აქვს“.

„ახლა მთავარია მისი მიღება. თბილისის გენგეგმის დასრულებული ვარიანტი უკვე არსებობს. 5 ეტაპი მიღებული და დამტკიცებულია, შესრულებულია ბოლო ეტაპიც და მერიას წინ უდევს, ახლა მასზეა დამოკიდებული, რას როგორ გააკეთებს.

მარტო მე არ ვამბობ, რომ ეს კარგი დოკუმენტია ქალაქის განვითარებისთვის. ეკონომიკის სამინისტროს თავის წერილში მოწერილი აქვს, რომ მაღალპროფესიონალურად არის შესრულებული გენგეგმის დოკუმენტი.

მერიას ჩვენს წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებაში ვერ დავადანაშაულებ, რომ ამ გენგეგმის მიღება არ სურს. გენგეგმის დამკვეთი, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობა ახალი მოსულია, 5-ჯერ შეიცვალა სამსახურების უფროსები, ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს. ამ შეხედულებებიდან გამომდინარე, რაღაც პრობლემები აქვთ დოკუმენტთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი პრინციპები, რისი ღალატიც არ გვინდა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც მოვა არქიტექტურის სამსახურის უფროსად, მისი შეხედულებებისამებრ ვაკეთოთ დოკუმენტი. ქალაქის ხელმძღვანელობას ნამდვილად უნდა კარგი დოკუმენტი ჰქონდეს, ეს არაერთხელ განუცხადებია, მაგრამ არის დამკვეთი, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს. ჩემთვის ძნელია ამ პრობლემების შესახებ გითხრათ. ეს ალბათ, არქიტექტურის სამსახურმა იცის და მან უნდა თქვას.

ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო დოკუმენტი, რომელიც ქალაქის არქიტექტურის სამსახურის და მთელი სისტემის ცვლილებას მოითხოვს. გადაწყობაა საჭირო, რადგან ეს ძირეული, სტრატეგიული დოკუმენტია. დასამუშავებელია მეორე ეტაპის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტები, სტრუქტურაა შესაქმნელი, მართვის პრინციპებია ჩამოსაყალიბებელი. ქალაქს აქვს დოკუმენტი, რომელმაც უნდა დაარეგულიროს ის ქაოტური სიტუაცია, რომელიც აქამდე იყო. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც დიდია სამსახურის მხრიდან. მესმის, რომ ამ სამსახურს სურს ისეთი დოკუმენტი ჰქონდეს, რომელსაც კარგად მოირგებს, მაგრამ ერთია, რა უნდა დამკვეთს და მეორეა, რა ხელშეკრულებაა დადებული და საერთოდ როგორ მუშაობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. ჩვენი აზრით, ამ გეგმის ძირითადი პრინციპები დოკუმენტის შექმნისას ზედმიწევნით დავიცავით. შესაძლოა, არქიტექტურის სამსახურს უფრო დაწვრილებითი, დეტალური დოკუმენტი უნდა, რასაც ჩვენ გეგმარებითი დავალებიდან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვერ ვთავაზობთ. არის სხვა ეტაპის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტი, რომელზეც კონკურსი ცალკე უნდა გამოცხადდეს და შემუშავდეს. ეს უკვე შემდეგი ეტაპია. მაგრამ თუ სურთ ქაოტური სიტუაციის მოგვარება, მათ დოკუმენტი უკვე აქვთ“, - განაცხადა სალუქვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიას „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ მიერ შემუშავებულ, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს, რის გამოსასწორებლადაც შესაბამის ჯგუფს 10-დღიანი ვადა მისცა. ვადა დღეს იწურება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა