მერიის არქიტექტურის სამსახური დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას არ აპირებს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის, თემურ ბოლოთაშვილის განცხადებით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფისთვის 140 ათას ლარიანი ჯარიმის გაუქმებას არ აპირებენ.

როგორც ბოლოთაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მერიის მიერ ჯგუფისთვის ჯარიმის დაწესება სამართლიანი იყო.

„ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი, როგორც შემსყიდველის ინტერესი არ არის და ვერც იქნება ხელშეკრულების გაწყვეტა. ჩვენი ინტერესია, რომ მივიღოთ ხარისხიანი დოკუმენტი და კონკრეტული გეგმით დავიწყოთ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარება.

რაც შეეხება ჯარიმის საკითხს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულები ვიყავით დაგვეკისრებინა 140 ათას ლარიანი ჯარიმა იქედან გამომდინარე, რომ მე-6, საბოლოო ეტაპზე დოკუმენტი მესამედ „დახარვეზდა“. ეს არ იყო ჩვენი სურვილი, ეს იყო ჩვენი ვალდებულება, რომ ჯარიმა დაგვეკისრებინა. ჯარიმის დაკისრება მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს შორის იყო გაფორმებული.

ჩვენი ერთადერთი ინტერესია, მივიღოთ ხარისხიანი დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, იქამდე, ვიდრე არ იქნება ხარისხიანი დოკუმენტი მიღებული, არ მოხდება შემსყიდველის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.

დღეს, დღის განმავლობაში ველოდებით წარმოსადგენ დოკუმენტაციას. იმედი გვაქვს, ხარვეზები გამოსწორებული იქნება კონკრეტულად ტრანსპორტთან დაკავშირებით, განაშენიანებასთან და ზონის ცვლილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ბოლოთაშვილმა.

არქიტექტურის სამსახურის უფროსის თქმით, ტრაგედიას ვერც სასამართლოში დავის გაგრძელებაში ხედავს, თუ „სითი ინსტიტუტ საქართველო“ ჯარიმის საკითხს გაასაჩივრებს.

„მე არ მინდა ხელშეკრულების გაწყვეტაზე ვისაუბრო. ამის ინტერესი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ თუ არ მოხდება ხარისხიანი დოკუმენტის წარდგენა, კიდევ ერთხელ მოხდება ხარვეზების ჩამოწერა. თუმცა, როგორ ვიმოქმედებთ, მოგვიანებით გაცნობებთ. ტრაგედიას სამართლებრივ დავაში შესვლასთან დაკავშირებით ვერ ვხედავ. თუ ასეთი ინტერესი ექნება მიმწოდებელს, ჩვენც გადავინაცვლებთ სასამართლოში და დავიცავთ ჩვენს პოზიციებს.

გაუგებარი და აზრს მოკლებულია მისი განცხადება, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურის რომელიმე უფროსი ცდილობდა დოკუმენტის თავის თავზე მორგებას ან გენგეგმა არ გვაქვს წაკითხული და ამიტომ ვერ გავიგეთ იქ რა წერია. ჩვენი ერთადერთი ინტერესია, მივიღოთ ხარისხიანი დოკუმენტი.

დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ ეს არის კარგი დოკუმენტი, მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოვაწერთ. თუმცა ჯარიმა ვერ გაუქმდება, ეს უკვე დაკისრებული აქვთ. წინა შემთხვევაშიც მოხდა დათმობებზე წასვლა და ყველაფერი არ „დაგვიხარვეზებია“. ახლაც შესაძლოა, კონსენსუსამდე მივიდეთ. არ გავდივარ ხელშეკრულების და გეგმარების დოკუმენტის ფარგლებს გარეთ, თორემ შენიშვნები მნიშვნელოვნად მეტი იქნებოდა“, - აღნიშნა ბოლოთაშვილმა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე, რომელიც „სითი ინსტიტუტ საქართველომ“ დღეს, დღის ბოლომდე უნდა წარადგინოს, მოსაზრებებს არქიტექტურის სამსახური დაახლოებით ერთ კვირაში დადებს.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის, "სითი ინსტიტუტ საქართველოს" დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ დღეს "ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა დედაქალაქის მერიის შენიშვნები ნაწილობრივ გაითვალისწინა, "შენიშვნების ნაწილი კი გასათვალისწინებელი საერთოდ არ იყო".

მისივე თქმით, "თბილისს მიწათსარგებლობის ძალიან კარგი გეგმა აქვს. დასაბუთების ნაწილი მას არ აკლია".

"1250 გვერდიანი ტექსტია და ეტყობა, დროის მცირე მონაკვეთში არქიტექტურის სამსახურს ამის გაგება უჭირს. ვდგევართ ახლა და ვუთითებთ. ავუხსენით კიდეც გარკვეული საკითხები შეხვედრებზე", - განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, დღესვე, დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს გენგეგმასთან ერთად "სითი ინსტიტუტ საქართველო" მიმართვასაც გაუგზავნის, რითაც პოზიციის შეცვლას და ჯარიმის გაუქმებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სალუქვაძე არ გამორიცხავს, სასამართლოს მიმართოს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ "სითი ინსტიტუტ საქართველო" დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე სამჯერ შენიშვნების გაუთვალისწინებლობისთვის 140 ათასი ლარით დეკემბრის ბოლოს დააჯარიმა და დოკუმენტის სრულყოფისთვის 10-დღიანი ვადა მისცა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, შენიშვნები ძირითადად ტრანსპორტის განვითარების, გამწვანების და განაშენიანების, ზონირებისა და მშენებლობის საკითხებს ეხებოდა.

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად 2 800 000 ლარი გამოიყო. მიმდინარე წლის ზაფხული-შემოდგომის პერიოდში "სითი ინსტიტუტ საქართველოს" მიერ შემუშავებული გენერალური გეგმა გასაჯაროვადა და მისი საჯარო განხილვებიც მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და გენერალურ გეგმაში ასახვა მოხდა. შედეგად, გენგეგმის განახლებული ვარიანტი მერიას 20 ნოემბერს წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა