ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში გიორგი ლუკავას გათავისუფლების ფაქტის შესასწავლად კომისია შეიქმნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ქართული მხარისთვის გიორგი ლუკავას გადაცემის ფაქტის შესასწავლად კომისია შეიქმნა. როგორც „სპუტნიკ-აბხაზია“ წერს, გუშინ ამ საკითხზე გამართულ რიგგარეშე სხდომას „პარლამენტში“ ე.წ. შსს-ს, ”სახელმწიფო უშიშროების სამსახურის”, ”აფხაზეთის უზენაესი სასამართლოსა” და ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, გარი არშბას განცხადებით, ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რაულ ხაჯიმბამ შეიწყალა და სასჯელის დარჩენილი ვადის მოხდისგან გაათავისუფლა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ასეთი დამნაშავის შეწყალება, აფხაზეთის ე.წ.გენერალურმა პროკურორმა ზურაბ აჩბამ განაცხადა, რომ „შეიძლება შეიწყალოს ნებისმიერი პირი, თუ ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის“.

სხდომის დასრულების შემდეგ ე.წ. დეპუტატი რაულ ლოლუა „პარლამენტის“ შენობასთან შეკრებილ საზოგადოებასთან გავიდა და განაცხადა, რომ ქართული მხარისთვის ლუკავას გადაცემა ხაჯიმბასადმი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტის“ მიმართვის საფუძველზე მოხდა, რათა ქართულ მხარეს ცხინვალისთვის საქართველოში დაკავებული ოსი სამხედროები გადაეცა.

„დეპუტატები დავინტერესდით, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს უფლება ერთპიროვნულად მიეღო გადაწყვეტილება შეწყალების შესახებ. ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამის უფლება მას ნამდვილად ჰქონდა“, - განაცხადა ლოლუამ.

მისი თქმით, შექმნილი კომისია ამ გადაწყვეტილების კანონიერებას შეისწავლის.

აღსანიშნავია, რომ გუშინ გიორგი ლუკავას გადაცემის გამო ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.

„მათ ქართველი ტერორისტი შეიწყალეს. ეს ადამიანი აფხაზეთში ხალხს ხოცავდა, აქ შეკრებილებს შორის მის მიერ მოკლულების ახლობლებიც არიან. ასეთი ადამიანის შეწყალება არ შეიძლებოდა. ჩვენ აღშფოთებულები ვართ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლარისა მაზლუმ-ოღლიმ.

გიორგი ლუკავა 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა