ადვოკატი - გამოძიება საქმეს არაობიექტურად იძიებს - მთავარ კითხვას, რამდენი პირი მონაწილეობდა ხორავას ქუჩაზე ორი მოსწავლის მკვლელობაში, შესაძლოა, პასუხი ვერ გაეცეს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდებს შორის დაპირისპირების საქმეში, რომელსაც 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა, შესაძლოა, ახალი ექსპერტიზის პასუხი გაჩნდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საქმეში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.ჯ.-ს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, დაცვის მხარეს დამატებითი კომპლექსური ექსპერტიზა აქვს დანიშნული.

კაკაბაძის ინფორმაციით, ექსპერტიზა უკვე მიმდინარეობს და პასუხები საქმის მასალებს დაერთვება.

მისივე თქმით, გამოძიება მიზანმიმართულად საქმეს არაობიექტურად იძიებს და მთავარ კითხვას, რამდენი პირი მონაწილეობდა 51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში, შესაძლოა, პასუხი საერთოდ ვერ გაეცეს.

„ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ვერც ერთი ექსპერტიზის პასუხი, ასევე მტკიცებულებებიც, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, ვერ პასუხობს დასმულ კითხვებს, თუ რამდენი დანით არის მიყენებული ჭრილობები გარდაცვლილებზე და რომელი დანით რომელი ჭრილობა მიაყენეს. პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობის შემდეგ მიგვაჩნია, რომ არსებობს მთელი რიგი საკითხებისა, რომლებზეც გამოძიებას პასუხი არ გაუცია. შესაბამისად, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გამოძიება ჩქარობს, რაც ხელს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას არ უწყობს.

ამიტომ დაცვის მხარემ მივმართეთ საქალაქო სასამართლოს გამოძიების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ დამატებითი, კომპლექსური ექსპერტიზის ჩატარება, რომელიც უკვე მიმდინარეობს. საგამოძიებო უწყებას მსგავსი ექსპერიმენტი ჯერ არ ჩაუტარებია. ჩვენი მიზანია, დადგინდეს სიმართლე და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რომელიც ითხოვს სიზუსტეს და საზოგადოებას აწუხებს. ამიტომ დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად დაცვის მხარე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, გასული წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის დაპირისპირებამ, 51-ე სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა.

საქმეზე პროკურატურის მიერ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი არასწრულწლოვანია დაკავებული - გ.ბ. და გ.ჯ.

გარდა ამისა, საქმეზე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობისთვის ბრალი კიდევ სამ პირს აქვს წაყენებული.

საქმის მასალების თანახმად, გამოძიებით დადგენილია, რომ 1-ელ დეკემბერს თბილისში, აკ. ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. მეორე ბრალდებული გ.ჯ კი პროკურატურას რამდენიმე დღის შემდეგ ჩაბარდა. რაც შეეხება, ამავე შემთხვევის დროს, არასრულწლოვანი დ.ს.-ს დაჭრის ფაქტს, ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა