პროკურორი - ექსპრეზიდენტის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება გამოიხატა იმაში, რომ მან შეწყალების პირობა წინასწარ გასცა, რათა დანაშაული არ გახსნილიყო

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წინასწარ გასცა უკანონო დაპირება, პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პროკურორმა ირაკლი ნადარეიშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ბრალდებულებმა დაადასტურეს, რომ კუდ-ის უფროსი დათა ახალაია მათ დროზე ადრე გათავისუფლებას პრეზიდენტის სახელით შეჰპირდა.

„საქმეზე ითანამშრომლეს თავად ყოფილმა მსჯავრდებულებმა - ბიბილურიძემ, აფციაურმა, ქოქიაშვილმა და მელნიკოვმა. მათ დაადასტურეს, რომ დაკავებამდე 3 კვირით ადრე მათ შეხვდა უშუალოდ მათი ხელმძღვანელი დათა ახალაია, რომელმაც მუქარანარევი ტონით განუმარტა, რომ ის ვერ წავიდოდა ციხეში, ციხეში უნდა წასულიყვნენ ისინი, არ უნდა გაემხილათ რეალური მოვლენები, ფაქტები და თანმიმდევრობა მოვლენების, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ გათავისუფლების პირობას. იმ შემთხვევაში, თუ არ დათანხმდებდნენ მის პირობას, მათ თავს ის მიუგდებდა ქალაქის პოლიციის უფროს ბაღათურიას და მათ ელოდებოდათ 10 წელზე მეტი ხნით პატიმრობა. ყოფილი მსჯავრდებულების ჩვენებებით ჩანს, რომ მათ სხვა გამოსავალიც არ ჰქონდათ, ამიტომ მიიღეს გარანტიები დუმილის უფლების სანაცვლოდ“, - განაცხადა პროკურორმა.

როგორც პროკურორმა განმარტა, მიხეილ სააკაშვილი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლდა. ნადარეიშვილი ასევე, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„პრეზიდენტი იმისთვის არ გასამართლებულა, რომ მან გამოიყენა შეწყალების უფლებამოსილება... თუკი შეწყალების პირობა იქნება წინასწარ გაცემული, თუ ეს იქნება იმის გარანტიად გაცემული, რომ არ გაიხსნას დანაშაული, არ იქნას დანაშაულის მონაწილეები მხილებულნი, რომ უპირატეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ დამნაშავეები, რომ არ აღსრულდეს მართლმსაჯულება, დიახაც, შეიძლება ნებისმიერი გასამართლდეს.

მე არ მოვახდენ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებას, მაგრამ პროკურატურა არის დამოუკიდებელი ორგანო და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სისწორის ან მცდარობის რევიზიის უფლება აქვს მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს და დღეს სასამართლომ დაადასტურა, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილია დანაშაული და ეს დანაშაული გამოიხატებოდა მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გუშინ მიხეილ სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით ჩამოერთვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა