მამუკა მდინარაძე - მაგისტრი მოხელის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, რადგან შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ სასამართლოში მოსამართლის გარდა, გადაწყვეტილებებს სხვა პირიც იღებს

მაგისტრი მოხელის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული.

მდინარაძის თქმით, კითხვები შეიძლება გაჩნდეს საკითხის არსთან და პრინციპთან დაკავშირებით. “ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, რადგან შეიძლება ამან გარკვეული კითხვის ნიშნები გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია საბოლოოდ კანონში ასე არ დარჩეს, რადგან შეიძლება გაჩნდეს კითხვა, რომ სასამართლოში მოსამართლის გარდა, გადაწყვეტილებებს სხვა პასუხისმგებელი პირი იღებს. აქედან გამომდინარე, ეს არის სამსჯელო თემა და ამ დღეების განმავლობაში საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

სასამართლო სისტემაში ე.წ. მაგისტრი მოხელის ინსტიტუტი შემოდის, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმეებს განიხილავს. ამას მართლმსაჯულების მეოთხე ტალღის ფარგლებში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით, სასამართლოს შესაბამისი მოხელე (მაგისტრი) უფლებამოსილია, განიხილოს შემდეგი საქმეები: საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულების - კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული, მათ შორის ელექტრონული ფორმით დადებული, სესხის (კრედიტის) ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარჩელები, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, გარდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების (გირავნობა, იპოთეკა) გამოყენებასთან დაკავშირებული დავებისა; იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ საქმეები და მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ საქმეები.

პროექტის მიხედვით, მაგისტრი მოხელის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განსაზღვრავს. მაგისტრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის იგივე საფუძვლები და სამართალწარმოება ვრცელდება, რაც მოსამართლეებისთვის არის გათვალისწინებული.

სასამართლოს შესაბამის მოხელედ (მაგისტრად) შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, ფლობს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. კომიტეტი ცვლილებებს სასამართლოს საქმეებისგან განტვირთვის საჭიროებით ხსნის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა