ქართული პრესის მიმოხილვა 08.01.2018

პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში

                                          * * *

პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები"

"ანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - უფრო კონკრეტულად კი, მოსამართლე გიორგი არევაძემ სააკაშვილი გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეწყალებისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ცნო დამნაშავედ. სასამართლოს პოზიცია მიუღებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ ოპოზიციისთვის, საქართველოს პრეზიდენტისთვისაც - გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს ეჭვს, რომ ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური მუხლით დევნა რეალურად პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვას ნიშნავს. რა მტკიცებულებები წარადგინა პროკურატურამ სასამართლოში და რატომ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ შეწყალების შესახებ პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, "კვირის პალიტრას" მიხეილ სააკაშვილის ბრალმდებელი ­ პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ესაუბრა", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით პროკურორი - "მარგველაშვილი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები".

"გირგვლიანის საქმეში ყოფილ მსჯავრდადებულთა ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ მათ გარკვეული შეთანხმების სანაცვლოდ შეწყალებას ჯერ კიდევ დაკავებამდე სამი კვირით ადრე დაჰპირდნენ. მას შემდეგ, რაც საზოგადოება აღაშფოთა გირგვლიანის მკვლელობამ და ითხოვდა საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას, სააკაშვილმა საქმის წარმოება დაავალა დათა ახალაიას, რომელმაც 2006 წლის თებერვალში შეკრიბა გირგვლიანის გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და მოსთხოვა, საკუთარ თავზე აეღოთ პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები, სანაცვლოდ კი დაჰპირდა, რომ მათ პრეზიდენტი შეიწყალებდა და მათი ოჯახებიც ფინანსურად უზრუნველყოფილი იქნებოდნენ. ასე რომ, გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებმა ზუსტად იცოდნენ დაკავების დღე, როგორ პირობებში უნდა მოეხადათ სასჯელი და ისიც, რომ წელიწად-ნახევარში გათავისუფლდებოდნენ. ამის გარანტიას მათ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილიც აძლევდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი.

"მელნიკოვის გარდა, მსჯავრდადებულებიდან სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ბიბილურიძემ და აფციაურმა, რომლებიც მაშინ კუდის თანამშრომლები იყვნენ, ასევე მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. საქმეში არსებობს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლების ჩვენებებიც, რომლებიც შეწყალების კომისიის საქმიანობაში იყვნენ ჩართული. გარდა ამისა, ჩვენი პოზიცია ემყარებოდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლოში წარვადგინეთ არაერთი ვიდეოსიუჟეტი, სადაც სააკაშვილი, ფაქტობრივად, აღიარებდა დანაშაულს, თუმცა ამას პოლიტიკურ შეცდომად მიიჩნევდა", - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - "თავად სააკაშვილის განცხადებით, სასამართლომ მას 3 წლით პატიმრობა მიუსაჯა არა უშუალოდ გირგვლიანის საქმეზე, არამედ აგვისტოს ომის შემდეგ გამოცემულ შეწყალების აქტზე, როდესაც მან ყოფილი სამხედრო პირებიც, ჯამში 166 კაცი შეიწყალა", - პასუხობს:

"აბსურდია, რადგან რეალურად, შეწყალებულთა დიდ ნაწილს სამხედრო წოდება არ ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გირგვლიანის საქმეზე კუდის თანამშრომლები დააკავეს, დაპირებულმა ამნისტიამ დაიგვიანა, ორი წლის შემდეგ საპატიმროში მყოფმა პირებმა უკმაყოფილება გამოთქვეს და გათავისუფლებას ითხოვდნენ. 2008 წლის 11 აგვისტოს ბაჩანა ახალაიასა და დავით ჩხიტუნიძის განკარგულებით დაკავებულები ციხიდან გამოიყვანეს, რადგან ყველას ჰქონდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილმა შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ციხიდან გამოყვანილები მოდულში მიიყვანეს, სადაც კონსტიტუციური დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან ერთად დაურიგეს იარაღი და გორში წაიყვანეს. ყველანი დარწმუნებული იყვნენ, რომ პრეზიდენტს შეწყალების აქტზე უკვე ხელი ჰქონდა მოწერილი, რეალურად კი ისინი შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გამოიყვანეს ციხიდან. ორი კვირის შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილს შეწყალების აქტზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი და კონსტიტუციური დეპარტამენტის მაშინდელი უფროსი იძულებული შეიქნა, მელნიკოვი და სხვები არაფორმალურად ისევ დაებრუნებინა საპატიმროში. შეწყალების აქტს სააკაშვილმა ამ ფაქტიდან ორი თვის შემდეგ მოაწერა ხელი. კონსტიტუციით მინიჭებული უფლება არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ვინმეს ბოროტად შეუძლია".

"რაც შეეხება მარგველაშვილს, ჩანს, პრეზიდენტი წუხს, ოდესმე ვინმეს მასთანაც არ გაუჩნდეს კითხვები... მინიშნებებით ლაპარაკს არა ვარ შეჩვეული - არსებობს კონკრეტული საქმე და კვალიფიკაცია, ასევე პრინციპი, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. პროკურატურა დამოუკიდებელი სტრუქტურაა, ისევე როგორც სასამართლო, პროკურატურის მუშაობის რევიზიის უფლება მხოლოდ სასამართლოს აქვს და არა პრეზიდენტს...", - მიიჩნევს ირაკლი ნადარეიშვილი.

"ვერ დაგეთანხმებით, რომ საქმის განხილვა ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს - პროკურატურა ორი წლის განმავლობაში იძიებდა საქმეს, სასამართლოში კი განხილვა დაახლოებით სამი წელია მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ეს არ იყო საპატიმრო საქმე, ანუ ბრალდებული არ იყო დაკავებული და არ არსებობდა ვალდებულებაც, რომ მოსამართლეს ცხრათვიანი საპატიმრო ვადის ფარგლებში ემოქმედა, პროცესი გაჭიანურდა. რაც შეეხება უკრაინის მოვლენებთან დამთხვევას, კითხვას დაგიბრუნებთ - ექვსი თვის წინ რომ დასრულებულიყო საქმის წარმოება, მკითხავდით, ახლა საქმე იმიტომ დაასრულეთ, რომ სააკაშვილი გუბერნატორის პოსტიდან გაათავისუფლეს და რადგან ოპოზიციაში გადავიდა, მისი დაკავება ქართველი სამართალდამცავებისთვის გამარტივდაო? ექსტრადირების მოთხოვნა დიდი ხნის წინ გავგზავნეთ უკრაინაში, ასე რომ, სასამართლოს გადაწყვეტილება ამასთან კავშირში არ არის, უკრაინულმა მხარემ უნდა გადაწყვიტოს სააკაშვილის ექსტრადირება", - დასძენს პროკურორი.

"კვირის პალიტრა" "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძეს დაუკავშირდა - "მოსამართლე გიორგი არევაძემ უკვე გაიარა გასაუბრება იუსტიციის საბჭოში და ყოველდღიურად ელოდება გადაწყვეტილებას, გაამწესებენ თუ არა მოსამართლედ უვადოდ. ასე რომ, ჩემთვის და სხვა მოაზროვნე ადამიანებისთვისაც ყველაფერი გასაგებია, იუსტიციის საბჭო მას აუცილებლად დააწინაურებს სააკაშვილის საქმის გამო. ყველაზე დიდი აბსურდი მაინც ის არის, რომ პრეზიდენტს ედავებიან კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების გამო. აბსურდია პროკურორის განცხადებაც, რომ ვადის შემცირება პატიმრებისთვის არ არის პრეზიდენტის აბსოლუტური უფლება, მაშინ ვისი უფლებაა, იქნებ განმარტოს პროკურატურამ? არ შეიძლება იმ მომენტისთვის ჩაიდინო დანაშაული, როდესაც ეს არ არის დანაშაული, ასე რომ, მოსამართლე გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდანაც. სასამართლო სისტემა ჩამოიშალა - მოსამართლეები ასრულებენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებებს, რაც ქვეყანას დააზარალებს" - წერს სტატიის ავტორი.

რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში

სპეცრაზმელის მიერ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა... უსაფრთხოების სამსახური უკან არ იხევს და აცხადებს, რომ სპეცოპერაცია კარგად იყო დაგეგმილი და ის ადამიანები, ვინც ამ საქმეზე დააკავეს, ჩატაევთან და მის დაჯგუფებასთან იყვნენ დაკავშირებული. მაინც რა მოხდა რეალურად პანკისში, რატომ დაიგეგმა სპეცოპერაცია გვიან ღამით და რაც მთავარია, რას ვერ თუ არ ასაჯაროებს უსაფრთხოების სამსახური? ამ თემაზე ჩვენი წყარო გვესაუბრება და ამ ეტაპზე მისი თხოვნით, ამბებზე რომელზეც მომდევნო ნომრებში გიამბობთ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე არაფერს ვწერთ, ისე კი გეტყვით, რომ ტერორისტული ქსელი, რომლის კვალმაც ძალოვნები პანკისში წაიყვანა, მალე თბილისში ჩამოიყვანს...", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით რას მალავს სუს-ი პანკისის სპეცოპერაციის საქმეში და რა შეიტყო "ალიამ" / ტერორისტული ქსელი, რომლის კვალმაც ძალოვნები პანკისში წაიყვანა, მალე თბილისში ჩამოიყვანს...

"ის, რომ ახმედ ჩატაევს პანკისელებთან კავშირი ექნებოდა, ყველა ხვდებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა მას უთვალთვალებდნენ და უსმენდნენ, გაირკვა, რომ ჩატაევი და მისი გარემოცვა პანკისელებს ეკონტაქტებოდნენ. მართალია, მათ სხვა სახელითა და გვარით იცნობდნენ, მაგრმა სუს-მა ზუსტად იცის, რომ რამდენიმე პანკისელმალიკვიდირებულთა ნამდვილი ვინაობა იცოდა. ამის მიუხედავად, სუს-ი მოუმზადებელი შეხვდა ყველაფერს - თავად განსაჯეთ, კადრები, სადაც მაჩალიკაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მყოფებთან ერთად გადაადგილდება, არ არის ოპერატიული მასალა. მათ გარე და მაღაზიის შიდა კამერებით გადაღებული ჩანაწერები აქვთ და იცით, ეს როგორ მოიპოვეს? სატელეფონო ანძებით დაადგინეს, სად გადაადგილდებოდა მაჩილიკაშვილი და ჩანაწერები ამის შემდეგ დაატრიალეს, თორემ რეალურად, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ამ კონკრეტულ მომენტში ვისთან ერთად იყო - ანუ იმ მომენტში მასზე თვალთვალი არ ხორციელებოდა. მაჩალიკაშვილი ტელეფონის საყიდლად ომიტომ გაჰყვა, რომ ტექნიკაში კარგად ერკვევა და შესაბამისი განათლებაც აქვს", - აცხადებს წყარო, რომლის თქმით, ”ამას გინდა მეგობრული ჟესტი დაარქვით, გინდა სტუმრის პატივისცემა, რაც ამტკიცებს ერთადერთ რამეს - მაჩალიკაშვილი ამ ხალხს იცნობდა, მაგრამ ამ ხალხს მთელი პანკისი იცნობდა. თუ მაჩალიკაშვილი ტელეფონის საყიდლად გაჰყვა, ვიღაც შეიძლება ტანსაცმლის საყიდლად გაჰყოლოდა, რაც თავისთავად, დანაშაული არ არის", - აღნიშნავს გამოცემა.

"ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაცია დადებითად არ შეფასდა. გარდა იმისა, რომ რამდენიმე ბინა პრაქტიკულად დაინგრა, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და არ მოხერხდა ტერორისტების ცოცხლად აყვანა. ახლა ხმამაღლა არავინ ამბობს, რომ ქუჩაში გამოსულ ტერორისტებს არც შაჰიდის ქამრები ეკეთათ და არც ხელყუმბარები ეჭირათ, ანუ მათი აყვანა შესაძლებელი იქნებოდა, თუმცა სპეცრაზმმა არ გარისკა და მათი ლიკვიდაცია მოხდა. სპეცოპერაციას იოსებ გოგაშვილი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მორიგი სპეცოპერაცია პანკისში. ანუ გოგაშვილს შეცდომის გამოსწორების შანსი მისცეს, თუმცა ამ საქმიდან რა გამოვიდა, ყველამ ნახა. მიზეზი მარტივია - ის არ არის პროფესიონალი. შესაძლოა, არის კარგი მენეჯერი, მაგრამ ეს სპეცოპერაციის ხელმძღვანელობის უნარს არ ნიშნავს", - მიიჩნევს გამოცემასთან საუბრისას ინკოგნიტო რესპოდენტი.

"უხუცესებს აჩვენეს ეს ვიდეო, სადაც არაფერი ისმის. მიუხედავად ამისა, გოგაშვილმა მათ უთხრა, რომ ტერორისტები რუსეთის საკონსულოსა და საბავშვო ფესტივალზე აპირებდნენ თავდასხმას. რეალურად რუსეთის საკონსულოში დღეის მდგომარეობით სამი ადამიანი მუშაობს, საბავშვო ფესტივალი კი ბუნებაში არ არსებობს, არც კულტურის სამინისტროს აქვს რამე დაგეგმილი, ანუ ეს მთლიანად გოგაშვილის ფანტაზიის ნაყოფია. ამის შემდეგ ერთმა-ერთმა უხუცესმა - ელიზბარ მარგოშვილმა განაცხადა, რომ კადრების ნახვამ ის ბევრ რამეში დაარწმუნა, თუმცა მარტივად ვიტყვი - მარგოშვილს ამის თქმა ძალოვნებმა აიძულეს, ვალშია მათთან ძველი ამბების გამო, თუმცა უხუცესებმა პასუხი მოსთხოვეს და აიძულეს არა მარტო უარეყო ეს ყველაფერი, არამედ თბილისში ჩასულიყო და მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის ბოდიში მოეხადა..." - დასძენს წყარო.

"ერთიც, სამართალდამცავები ამ თემაზე არ საუბრობენ, მაგრამ პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე რამდენიმე ახალგაზრდა პოლიციაში დაიბარეს და გაესაუბრნენ. ისინი გამოცხადდნენ და გასაუბრების შემდეგ პოლიციის შენობა დატოვეს. ანუ ჩვენი წყარო ამბობს, რომ სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა, უბრალოდ, არ არსებობდა, რადგან პირველივე დაძახები შემთხვევაში ყველა დაჯავებული და მათ შორის დაჭრილი მაჩალიკაშვილიც პოლიციაში თავის ფეხით მივიდოდა, თომცა სუს-მა რატომღაც მაინც ხმაურიანი დაკავება არჩია, რაც დასრულდა ისე, როგორც დასრულდა. წყაროს განმარტებით, მაჩალიკაშვილს ბრალი არ აქვს წაყენებული ერთადერთი მიზეზით - ასეთ შემთხვევაში ის სასჯელაღსრულების დაწესებულების განკარგულებაში გადადის და მკურნალობის ყველა ხარჯი სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს. ახლა კი ყველაფერს ოჯახი იხდის. თუ მაჩალიკაშვილი ფეხზე დადგება, მას ბრალს აუცილებლად წაუყენებენ და საავადმყოფოდან ციხეში გადაიყვანენ. სხვა შემთხვევაში ხელისუფლებას იმის აღიარება მოიწევს, რომ 19 წლის ბიჭი სასიკვდილოდ შემთხვევით გაიმეტა, რაც მისივე თქმით, არ მოხდება..." - წერს სტატიის ავტორი.

რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში

"დეკემბრის მიწურულს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების სისტემის შეფასების მიზნით საქართველოს აშშ-ის სპეციალური ჯგუფი უახლოეს დღეებში ეწვეოდა. მისივე განმარტებით, აშშ-ის მთავრობას თავად მიმართა თხოვნით, სპეციალურ ჯგუფს გამოეკვლია, რა მიმართულებითაა აუცილებელი ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, ჩამოვიდა თუ არა აშშ-დან სპეციალური ჯგუფი და რა იქნება მათი შესწავლის ობიექტი. სახელმწიფო უწყებები ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ. გვესაუბრება ექსპერტი მამუკა არეშიძე", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით რატომ ჩამოდის აშშ-ის სპეციალური ჯგუფი საქართველოში.

"ყველა ანტიტერორისტული ოპერაცია, 20 ნოემბრიდან დღემდე, ამერიკელი და სხვა დასავლელი პარტნიორების სპეცსამსახურების ჩართულობით განხორციელდა. ამერიკელები მანამდეც აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყანაში საეჭვო პირების გადაადგილების საქმეში. ჩატაევის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ცნობა კი, ჩემი ინფორმაციით, ჩვენმა სპეცსამსახურებმა ისრაელისგან მიიღეს. რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, ვფიქრობ, ამერიკული ჯგუფი არამხოლოდ საქართველოს, მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების სისტემების შესასწავლად ჩამოდის და ეს მათი ინიციატივა იქნებოდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - "როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი სამუშაოები აზერბაიჯანის ან სომხეთის, ან თუნდაც რუსეთის საზღვართან?" - პასუხობს:

"ბუნებრივია, ჩვენს მეზობლებს გაუჩნდებათ კითხვები, მაგრამ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სირიაში მყოფ კიდევ ბევრ მებრძოლს გაუჩნდეს საქართველოში არალეგალურად შემოსვლის სურვილი. სწორედ ამიტომ, ამერიკის ინტერესებშიც არის, რომ რეგიონი მაქსიმალურად გააკონტროლოს..."

"საქართველოს საზღვრის დაუცველობის საკითხი მთავარი გამოწვევაა _ 25 წელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ჯერ კიდევ არ არის დემარკირებული და დემილიტირებული საზღვარი რუსეთთან, ასევე - სომხეთსა და აზერბაიჯანთან. გარდა ამისა, დღესაც უამრავი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, რომელზეც ქართული საგანმანათლებლო სისტემა არ ვრცელდება. არავინ იცის, რა ტიპის განათლებას იღებენ აღსაზრდელები. ასეთი ვითარება კი ნოყიერ ნიადაგს იძლევა ტერორისტული ჯგუფებისთვის. ბოლი პერიოდში გამოიკვეთა სოციალური ქსელების საფრთხეც, რომლის საშუალებითაც ტერორისტული იდეოლოგია აქტიურად ვრცელდება. ამას ქართველი სპეცსამსახურები მხოლოდ საკუთარი რესურსით ვერ გაუმკლავდებიან", - განმარტავს ექსპერტი.

"ამერიკული ჯგუფი, ბუნებრივია, ჯადოსნური ჯოხით არ ჩამოვა, თუმცა ქართველ სპეცსამსახურებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევენ როგორც კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, ასევე ტექნიკური აღჭურვილობითაც. სხვათა შორის, ბრიტანელებმა ჩვენი სპეცსამსახურებისთვის შექმნეს სპეციალური პროგრამა "კობრა", რომელსაც აქამდე ეფექტურად იყენებდნენ, თუმცა მას თანამედროვე გამოწვევებთან ერთად დახვეწა სჭირდება. დიდი ალბათობით, ახლაც მსგავსი პროგრამა შემუშავდება სპეციალურად საქართველოსთვის", - დასძენს მამუკა არეშიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა