„ახალგაზრდა ადვოკატები“ – კომპანია Sinohydro არღვევს მესაკუთრეთა უფლებებს და საეჭვოდ იგებს ქართულ ტენდერებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კომპანია Sinohydro Corporation Limited-ისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ სამართლებრივი დავა დაიწყო, რომელიც საქართველოში მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში დაზარალებულ მესაკუთრეთა უფლებების დაცვას ეხება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია იწყებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ რვა საერთაშორისო ტენდერში კომპანია Sinohydro Corporation Limited-ის საქმიანობის შესწავლას და ტენდერების გამჭვირვალობის შემოწმებას.

ორგანიზაცია აგარა-ზემო ოსიაურის მონაკვეთის გაუმჯობესების, ავტომაგისტრალის რუისი-აგარა-აგარის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაუმჯობესების, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის, ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის შიდასახელმწიფოებრივი გზის ძირულა-მოლითის მონაკვეთის რეაბილიტაციის, ბათუმი (ანგისა)-ახალციხე შიდასახელმწოფოებრივი გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების, ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის, სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობისა და ავტომაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტებში კომპანიის საქმიანობაზე სამართლებრივ დასკვნებს წარმაოდგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, შესაძლოა იკვეთებოდეს ტენდერებში მონაწილე კომპანიის არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატება გამოცხადებულ სატენდერო კონკურსებში გამარჯვების მიზნით, პროექტის სრულყოფილად განხორციელებისთვის საჭირო რეალურ თანხაზე გაცილებით ნაკლების შეთავაზებით, ამ ფორმით, იოლი გამარჯვებით, ხოლო შემდგომ პროექტისთვის აუცილებელი საკმარისი ფინანსური სახსრების არ არსებობის გამო, მისი მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებით.

ორგანიზაცია საზოგადოებას Sinohydro Corporation Limited-ის მიმართ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული პროექტების მიმართ არსებულ მდგომარეობის ანალიზსაც წარმოუდგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, Sinohydro Corporation Limited-ის საქმიანობის შედეგად დაზარალებული ადამიანი ბევრია, როდესაც კომპანიამ საპროექტო მიზნებისთვის ისარგებლა მოქალაქეების მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით და არ გასცა შესაბამისი კომპენსაცია.

მათივე ინფორმაციით, ამ ფაქტების მიმართ, სათანადო რეაგირებას არ ახორციელებს Sinohydro Corporation Limited-ის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ზედამხედველი სახელმწიფო უწყება - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, ორგანიზაციამ სასამართლო წესით დავა დაიწყო ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობის პროცესში დაზარალებული ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის, მაყვალა ჯაფარიძის დარღვეული უფლებების აღდგენის მიმართულებით.

როგორც „ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, Sinohydro Corporation Limited-მა მესაკუთრის ინფორმირებისა და ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე ისარგებლა მოქალაქის მიწის ნაკვეთით, ამოიღო ინერტული მასალა, მიწის ნაკვეთი კი, პირვანდელი დანიშნულებისთვის, უკვე გახდა გამოუსადეგარი.

„მაყვალა ჯაფარიძე ორგანიზაციის მეშვეობით, 2016-2017 წლებში, არაერთი წერილობითი მიმართვის საფუძველზე როგორც კომპანიასთან, ასევე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან, ამაოდ ცდილობდა კანონიერ უფლებებში აღდგენას. მოქალაქე ამ პროცესში სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღების გარეშეც დარჩა. დეპარტამენტმა არ დააკმაყოფილა სადავო საკითხზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომლის გასაჩივრება და სამართლიანი კომპენსაციის მიღებაც, მაყვალა ჯაფარიძემ, უკვე სასამართლო წესით გადაწყვიტა“, - აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

ორგანიზაციის მიერ დაზარალებული მოქალაქის საკითხის შესწავლის პროცესში დგინდება, რომ 2014 წლის 19 აგვისტოს მომზადებული აზომვითი ნახაზის მიხედვით, უძრავი ქონება - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ფართობი 6 000 კვ.მ. წარმოადგენს მაყვალა ჯაფარიძის საკუთრებას.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, როგორც კომპანია, ასევე დეპარტამენტი, საქმის მასალების მიხედვით მიუთითებენ, რომ სამშენებლო სამუშაოების დროს, მაყვალა ჯაფარიძის კუთვნილი მიწის ნაკვეთების გამოყენება ნამდვილად მოხდა, თუმცა დღემდე მოქალაქე სამართლებრივი უფლების დაცვის გარეშეა. ორგანიზაციამ ადგილზე მოამზადა დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე ფოტო-მასალა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გავერანებულია. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულზე გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურიც დუმს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ ზემოხსენებული შემთხვევის ფარგლებში საკითხის დეტალური მოკვლევისას გამოიკვეთა სავარუდო დარღვევები როგორც სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, საქმე ეხება საქართველოს მასშტაბით მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ფარგლებში ტენდერებს, მათი ჩატარების კანონიერებასა და შემსრულებელი კომპანიის მხრიდან კონკრეტული სამუშაოების შესრულების პროცესში მთელ რიგ დარღვევებს, რაც შეიძლება იყოს გარემოსთვის მიყენებული ზიანი, შრომითი უსაფრთხოების პირობების დარღვევა და მშენებლობის არეალში მცხოვრებ პირთა საკუთრების უფლების უხეში დარღვევა.

ორგანიზაციამ საკითხის სრულყოფილი და ყოვლისმომცველი შესწავლის მიზნით, უკვე მიმართა საჯარო უწყებებს. ორგანიზაციის სამართლებრივი მონიტორინგი 2018 წლის მარტში გამოქვეყნდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა