ლელა გაფრინდაშვილი - ჰონორარი მაქვს მიღებული კვლევაში და არა ბორდის წევრობისთვის

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდის ყოფილი წევრი ლელა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში შეცდომებია. ამის შესახებ გაფრინდაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

აუდიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი. აღნიშნულის შესახებ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას თანხა ბორდის წევრობისთვის არ მიუღია.

გაფრინდაშვილის განმარტებით, ტელეკომპანია ანაზღაურებას კვლევითი სამუშაოსთვის უხდიდა. „ჰონორარი მაქვს მიღებული კვლევაში და არა ბორდის წევრობისთვის. მე რომ ანგარიში დავასრულე და გადავეცი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, დოკუმენტაციაში იყო რაღაც შეცდომა. ეს ანგარიში შემდეგ მივიტანე ამობეჭდილი სახით. ნამდვილად არ მახსოვს რამდენ ათას ლარზე იყო საუბარი, არ დამითვლია. 4 თვის განმავლობაში ვმუშაობდი კვლევაზე, ეს ეხებოდა დასავლური კონცეფციების მიმოხილვას პოსტსოციალისტური და პოსტსაბჭოთა საზოგადოებრივი საბჭოების გამოცდილებას, პლუს საქართველოს გამოცდილება და კვლევა, რომელიც რეგიონებში გავაკეთე საზოგადოებრივ საბჭოებთან დაკავშირებით. მეოთხე ნაწილი იყო რეკომენდაციები, როგორი საზოგადოებრივი საბჭოები შეიძლება გაკეთდეს საქართველოში. ამაზე იყო კვლევა.

კვლევისთვის მიღებულ ჰონორართან დაკავშირებით კითხვები როგორც კი გაჩნდა, დამირეკა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მდივანმა. ამის შემდეგ, საქმის კურსში ჩავაყენე როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, ასევე აუდიტის სამსახური. ეს კვლევა აუდიტის სამსახურშიც მაქვს მიტანილი. ახსნა-განმარტებაც მივეცი და წამოვედი. რა თვე იყო, ზუსტად არ მახსოვს. შემდეგ არავინ დამკავშირებია. მოგვიანებით მარინა მუსხელიშვილმა მითხრა, ჩვენ დაგიბარებთ და ბორდში გააკეთე ანგარიში, არანაირი პრობლემა არ არისო. თუმცა, არც ამისთვის დაურეკავთ. ამის მერე კიდევ ველოდებოდი, მაგრამ თვეები არ მახსოვს ნამდვილად“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

მისივე თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გადარიცხული ჰონორარის უკან დაბრუნება მისთვის არავის მოუთხოვია. „არანაირი თანხის დაბრუნებაზე საუბარი არ ყოფილა. არავინ დამკავშირებია ეს თანხა უკან დააბრუნეო. მე სამუშაო შესრულებული მქონდა. თანაც ჩემი კომპრომეტირება ფულთან დაკავშირებით შეუძლებელია, არასოდეს ამიღია გასამრჯელო ისეთ რამეში, რაზეც არ მიმუშავია. არის ხალხი, ვისთვისაც ეს ჩვეულებრივი ამბავია, ჩემთვის წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, მაუწყებელი მოუვლის ამ საქმეს. მეგონა, რომ ჩემთან დაკავშირებით კითხვები არ ექნებოდათ, რადგან ანგარიშიც მივიტანე და ახსნა-განმარტებაც მივეცი. ჩემი აზრით, აუდიტის სამსახურის დასკვნაში ასეთი ფორმულირება არ უნდა იყოს, თითქოს ბორდის დატოვების შემდეგ 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული მაქვს 12 800 ლარი. მით უმეტეს, როდესაც მიცემული მაქვს ახსნა-განმარტება. ხვალვე გავარკვევ ბანკში, რა თანხა იყო საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გადმორიცხული. ამ თანხას რომც ემთხვეოდეს, აუდიტის სამსახურს ასეთი ფორმულირება არ უნდა მიეცა. მივეცი ახსნა-განმარტება და მივიტანე ანგარიში“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ფინანსური დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით მასალები პროკურატურაში გადააგზავნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი. საქმე ეხება 2016 წელს, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილ ჰონორარს, რომელიც საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა უფლებამოსილების ვადის შეწყვეტის შემდეგ მიიღო.

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, უსაფუძვლოდ გადახდილია 12 800 ლარი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეურვეო საბჭოს წევრებს განესაზღვრათ უფლებამოსილების ვადები. სამეურვეო საბჭოს ყოფილ წევრს, რომელსაც საბჭოში უფლებამოსილების ვადა შეუწყდა, 5 თვის განმავლობაში ჰონორარის სახით უსაფუძვლოდ მიღებული აქვს 12,800 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). 2016 წელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ ზედმეტად გადახდილი ჰონორარი, ექვემდებარება ბიუჯეტში უკან დაბრუნებას“, - ნათქვამია ანგარიშში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია აცხადებს, რომ როტაციის შემდეგ ბორდის ყოფილი წევრის გვარის ამოღება არ მოხდა სიიდან, სწორედ ამის გამო იღებდა ის ჰონორარს შეცდომით. მისივე თქმით, „ეს იყო ბუღალტრული შეცდომა“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა