გიორგი ჩერქეზიშვილი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ შეხვედრას დაესწრო

საქართველოს რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთგაცვლის ცენტრის ფორმირების (IXP) საკითხები განიხილეს ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც მისასალმებელი სიტყვით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა გახსნა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო კომპანიების, ეკონომიკის სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ინტერნეტსაზოგადოების (ISOC), „ოუფენ ნეტის,“ ფეისბუქის (Facebook), ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ჩერქეზიშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების და ხედვების გაზიარება საქართველოში ჯერ კიდევ არსებული ციფრული უთანასწორობის დაძლევის და სატელეკომუნიკაციო სფეროს შემდგომი განვითარებისთვის.

„დღევანდელი ღონისძიება ეხება საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის პროგრამის განვითარებას და ასევე ინტერნეტის ნეიტრალური ურთიერთჩათვლის მექანიზმების ფორმულირების საკითხებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, რადგან გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, თუ რა თანამედროვე მიღწევები არსებობს აღნიშნულ სფეროში. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთდიალოგის ასეთი მექანიზმი, რათა მოხდეს ინფორმაციის განახლება, თუ რა ეტაპზეა ესა თუ ის მიმდინარე პროგრამა“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიმდინარეობს სხვადასხვა პროექტები, მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის პროექტი „ციფრული ბაზრების ჰარმონიზება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (HDM). ამ პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ტელეკომუნიკაციის სფეროში რეგულაციებისა და ციფრული ბაზრების მაქსიმალური დაახლოება ევროპის შესაბამის ბაზრებთან. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ევროკომისია მსოფლიო ბანკის საშუალებით დაეხმარება საქართველოს „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის“ შემუშავებაში, რომელიც საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით ორიენტირებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარების საკითხებზე.

ტექნოპარკში გამართული სამუშაო შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის (TOA) და ევროპის IP ქსელების საკოორდინაციო ცენტრის (RIPE NCC) ორგანიზებით ჩატარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა