ყველა სახლი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იყო გადაცემული, შემოწმებულია, - ამის შესახებ ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ფონდის დამფუძნებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის და ფონდის წინააღმდეგ არსებული ბრალდება უსაფუძვლოა. პაატა ბურჭულაძის განმარტებით, სახლების შერჩევის პროცესს არამხოლოდ ფონდის წარმომადგენლები, არამედ თავად ბენეფიციარი ოჯახი და სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მისივე განცხადებით, ფონდის არსებობიდან დღემდე, ოჯახები, რომელთა დახმარებაც მოხერხდა, კმაყოფილები არიან. „ყველა სახლი, რომელიც 14 წლის განმავლობაში იყო გადაცემული, არის შემოწმებული. ოჯახების სიას თავდაპირველად გვაძლევდა განათლების სამინისტრო, შემდგომ - ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენთან დღესაც კი ძალიან დიდი სიაა მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც არ აქვთ საცხოვრებელი სახლი. ჩვენ არ შეგვიძლია განვსაზღვროთ ის, თუ ვის უფრო მეტად უჭირს, ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ ვის უფრო მეტი შვილი ჰყავს. როდესაც ხდებოდა ოჯახების შერჩევა, ვუკავშირდებოდით ოჯახს და ვეკითხებოდით, თუ რომელ რაიონში, ქალაქში და სოფელში სურდა სახლი, ამის შემდეგ სოციალური მუშაკი იყო ჩვენთან ერთად, იმ რაიონის გამგეობის წარმომადგენელი და თვითონ ამ ოჯახში მცხოვრები პირები და ყველანი ერთად ვეძებდით სახლს თუ სად უნდა ეცხოვრა ამ ოჯახს. როდესაც ოჯახი თავად შეარჩევდა სახლხს, მაშინ ხდებოდა ყიდვა და ამას ყველანი ერთად ვამოწმებდით. ასე რომ ყველანი შევიდნენ ისეთ სახლებში, სადაც ყველაფერი იყო კარგ პირობებში და ყველა იყო კმაყოფლი. ამ 115 ოჯახიდან ყველა ვერ განვითარდა. არის ოჯახები, რომლებიც ფეხზე დადგნენ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერ განვითარდნენ, გააპარტახეს სახლი. ამის შემდეგ გადის წლები და არ უვლიან ამ სახლს. იყო ასევე შემთხვევები, როდესაც მშობელი ყიდდა გადაცემულ სახლს და ბავშვები კვლავ ქუჩაში რჩებოდნენ, რის გამოც ჩავწერეთ კონტრაქტში, რომ 10 წლის განმავლობაში არ აქვთ ბინის გაყიდვის უფლება, რათა ბავშვები ქუჩაში არ დარჩენილიყვნენ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.