ლევან ხაბეიშვილი პრემიერს მოუწოდებს, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით თბილისის მერიის განკარგულების პროექტს ხელი არ მოაწეროს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, ხელი არ მოაწეროს დედაქალაქის მერიის განკარგულების პროექტს, რომლითაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა განხორციელდეს. ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დღეს თბილისის საკრებლოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელზეც გაასაჯაროვა აღნიშნული დოკუმენტი.

მისივე თქმით, ამ დოკუმენტზე ხელი პრემიერ-მინისტრმა უნდა მოაწეროს. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის განკარგვას დედაქალაქის მერია ტენდერის გარეშე ითხოვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

„კახა კალაძე აგრძელებს დავით ნარმანიას მავნე პრაქტიკას. მე ხელთ მაქვს ის პროექტი, რომელიც უკვე გიორგი კვირიკაშვილმა ხელმოწერით უნდა დაამშვენოს, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის განკარგვასაც დედაქალაქის მერია ტენდერის გარეშე ითხოვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ერთ პირთან მოლაპარაკების მავნე პრაქტიკა ჩვენ ვნახეთ კალაძის მერობის პირობებში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვნახეთ, რომ მილანურ კომპანიას გაუფორმეს ხელშეკრულება, შემდეგ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა ასობით ათასი ლარის ხელშეკრულებები მიიღეს, ახლა საუბარია არა ერთ, ორ, ხუთ ან ათ მილიონ ლარზე, არამედ 50 მილიონის პირდაპირი გზით განკარგვაზე.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ პროექტით თბილისელებმა მინიმუმ 5 მილიონი ლარი დაკარგეს, რადგან ნებისმიერი ტენდერის ჩატარების შემდეგ გათვალისწინებული თანხები 10-20 პროცენტით მცირდება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული 5 მილიონი ლარი შესაძლოა მოხმარებოდა 4500 ბაგა-ბაღის პედაგოგს 100-ლარიანი დანამატის გასაცემად ერთი წლის განმავლობაში. ასევე ათი ათასი სტუდენტის სტუდენტური დასაქმება შეიძლებოდა 500-ლარიანი ანაზღაურებით, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ასევე 50 ათასი პენსიონერისთვის ერთჯერადი ასლარიანი მედიკამენტების ვაუჩერის გასაცემად.

„ამის ნაცვლად კალაძემ გადაწყვიტა ერთ პირთან მოლაპარაკების გზით სუბიექტურად გააფორმოს კონკრეტულ კომპანიასთან ხელშეკრულება, რომელიც იქნება 50 მილიონი ლარის ღირებულების. ეს თანხა განკუთვნილია გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. პროექტში აღნიშნულია, რომ მერიამ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის მომზადება 2015 წლიდან დაიწყო“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს მიაჩნია, რომ მერიას საკმარისი დრო ჰქონდა ტენდერის გამოსაცხადებლად და ერთ პირთან ხელშეკრულების გაფორმება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა