ქართული პრესის მიმოხილვა 21.02.2018

რეგიონში ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოშია

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტს, რომ ევროპაში ქართველების იმიჯს რუსული პროპაგანდა აფუჭებს?

***

რეგიონში ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოშია

“ჩრდილოვანი ეკონომიკის დონით საქართველო რეგიონში ლიდერ პოზიციაზეა. წინა ხელისუფლების მცდელობა, რომ ქვეყანა ჩრდილოვანი ეკონომიკიდან გამოეყვანა, აშკარად წარუმატებლად დასრულდა და ეს საბოლოოდ დადასტურდა კიდეც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის თანახმად, საქართველოში ჩრდილში მყოფი ეკონომიკის მასშტაბები 50%-ს აჭარბებს. ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი ბოლო 20 წელიწადში 64.87%-ს შეადგენს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მთავრობის არასწორმა პოლიტიკამ ვითარება რეალურად ვერ შეცვალა და პრობლემა იქნება ყოველთვის, სანამ საგადასახადო კოდექსი ძირეულად არ შეიცვლება. როგორც სსფ-ის კვლევამ აჩვენა, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბით ბოლო პოზიციებზე ვიმყოფებით არა მარტო მსოფლიოში, არამედ ჩვენს რეგიონშიც, რასაც ადასტურებს მეზობელი ქვეყნების მონაცემები. კერძოდ, თურქეთში ეკონომიკის 31.38% იმყოფება ჩრდილში, რუსეთში - 38.42%, სომხეთში - 42.59%, აზერბაიჯანში - 52.19%”, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რეგიონში ყველაზე დიდი ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოშია / ბოლო 20 წელია, ეკონომიკის 2/3 ჩრდილში იმყოფება და ამით მოსახლეობის მხოლოდ 3% სარგებლობს

"ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ საქართველოში აღარ არსებობდა მცირე მეწარმეობისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის პრობლემა. თუმცა, იმ პერიოდში მიმდინარე კვლევებმა მთავრობა აბსოლუტურად მოულოდნელი რეალობის წინ დააყენა. როგორც ეკონომიკის სამინისტროს ჩრდილოვანი ეკონომიკის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე იხსენებს, მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა, როცა ავსტრიული კომპანია "ეუობსერვისის" ექსპერტებმა 2009 წელს საქართველოში 68%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა დაადასტურეს. აყალმაყალი ჩაცხრა, როცა ჩვენ ჩავატარეთ განსხვავებული კვლევა და გაცილებით უფრო მაღალი, 78%-იანი მაჩვენებელი დავაფიქსირეთ. ამ დავას საბოლოოდ დაუსვა წერტილი მსოფლიო ბანკმა, რომელმაც 2012 წელს საქართველოში ოფიციალურად დააფიქსირა 72%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა. უცხოელმა ექსპერტებმა არ გაამხილეს, თუ რა მეთოდებს ეყრდნობოდა მათი კვლევა. ჩვენ არაფერი დაგვიმალავს, გამოვიყენეთ ტრადიციული მიდგომა: მოთხოვნა ელექტროენერგიაზე, მოთხოვნა ნაღდ ფულსა და საგადასახადო ტვირთი. როგორც წესი, ამ სამი კომპონენტის გაანგარიშებით დგინდება ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები. ვინაიდან მართვის სისტემა არ შეცვლილა, მიმაჩნია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ნიშნული ძალიან არ შეიცვალა და ამ ეტაპზეც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. მართალია, მცირედით დაიკლო, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა აღურიცხავი წარმოებული პროდუქტისა და გამოწერილი ხელფასის ოდენობა“, - აღნიშნავს გამოცემა.

"ბიზნესის უფრო მეტად ლეგალიზება რომ მოხერხდეს, დაბალი ჩრდილოვანი ეკონომიკა გვექნებოდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვა რეალობაა. მაგალითად, გამოდის დავით საგანელიძე და ამბობს, რომ 40 მლნ დაიხარჯა "ბოინგის" კორპუსების კომპოზიტური მასალის ქარხანაზე, რაც რეალურად იმდენად დიდი სისულელეა, რომ კომენტარსაც არ საჭიროებს. გამოდის, რომ ეს ფული (40 მლნ) უკვე გათეთრდა ქვეყანაში. "ბოინგი" აქედან რომ წაიღებს კომპოზიტურ მასალას, ეს მტკნარი სიცრუეა. ვაშაკიძის თქმით, მთავრობას არასწორი გზით მიჰყავს ქვეყნის ეკონომიკა და სანამ მიდგომას არ შეცვლის, მუდმივად ვიქნებით ლიდერ პოზიციაზე ჩრდილოვანი ეკონომიკის არნახული მასშტაბით. სპეციალისტების შეფასებით, ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარზეა და დიდია მისი გაზრდის რისკი, სანამ საგადასახადო ტვირთი არ შესუსტდება. როგორც "რეფორმატორთა კავშირის" ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე განმარტავს, შეიძლება, მდგომარეობა გაუარესდეს კიდეც. ჩრდილოვანი ეკონომიკის სიკეთეს იღებს მოსახლეობის დაახლოებით 3%, ვინც ამ პროცესს აკონტროლებს. ეს არის დღევანდელი სინამდვილე, რომლის გაგებაც არავის უნდა. სწორედ ჩრდილოვან ეკონომიკაზეა მორგებული საგადასახადო კოდექსი, რომლის შეცვლაზე ჯერჯერობით მთავრობაში არავინ ფიქრობს“, - განაგრძობს გამოცემა.

"საკანდელიძის თქმით, ნოღაიდელმა 1997 წელს კოდექსი შეცვალა და ამაყობდა ამით, მაგრამ ვერანაირი სარგებელი ვერ მოგვიტანა. ზედმიწევნით იქნა გადმოღებული გერმანული მოდელი, რომელიც არ მიესადაგება ქართულ რეალობას და ეს იყო სავალალო შედეგი ქვეყნის ეკონომიკისთვის. რეალურად ამან განაპირობა მცირე მეწარმეობის მოსპობა ქვეყანაში და დღემდე არაფერი შეცვლილა. სანამ საგადასახადო კოდექსი კანონზომიერ პარამეტრებში არ მოექცევა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარების დონეს არ შეესაბამება, შედეგს ვერასდროს მივიღებთ. მისი შეფასებით, მაქსიმალური შემოსავლები ბიუჯეტში სწორედ ამ საგადასახადო ტვირთზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს კანონზომიერება არ არის დაცული, რის გამოც 50%-იანი ჩრდილოვანი ეკონომიკა გვაქვს. 20%-ზე გააჩერეს საშემოსავლო გადასახადი, არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება. ჩრდილოვანი ეკონომიკის ორმოში ჩავრჩებით, თუ სწორი მიდგომა არ ექნება სახელმწიფოს და დღემდე შემორჩენილი ნოღაიდელიზმი არ მოისპობა. არ აინტერესებთ ვითარების გამოსწორება. აქედან გამომდინარე, არ უნდა გვიკვირდეს, რომ რეგიონში აუტსაიდერები ვართ. აქამდე მიიყვანეს ქვეყანა და სიტუაცია არ გაუმჯობესდება, სანამ ეკონომიკური პოლიტიკა არ შეიცვლება საქართველოში", - აცხადებს საკანდელიძე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმარტებით, ჩრდილოვანი ეკონომიკა სხვადასხვა სახელით არის ცნობილი: ფარული ეკონომიკა, ნაცრისფერი ეკონომიკა, შავი ეკონომიკა, ნაკლოვანი ეკონომიკა, ნაღდ ფულზე დაფუძნებული ეკონომიკა ან არაფორმალური ეკონომიკა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ჩრდილოვანი ეკონომიკის საერთო მოცულობა 31,9 პროცენტია“, - წერს სტატიის ავტორი.

ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტს, რომ ევროპაში ქართველების იმიჯს რუსული პროპაგანდა აფუჭებს?

"პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის დედაქალაქებში კრიმინალის კუთხით, ქართველების თემის განსაკუთრებულად გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს. როგორც პრეზიდენტმა გუშინ თელავის უნივესიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რუსული პროპაგანდის შედეგია, როცა საქართველოში საუბრობენ, რომ "ევროპა ქართველობას წაგვართმევს" და რუსული პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს, როცა "ევროპის ქალაქებში მედია ქართველების მიმართ არის განსაკუთრებით მობილიზებული". ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, რამდენად ორგანიზებულად პასუხობენ ისინი კრიმინალს და რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ ამას. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები აქტიურად მუშაობენ. "ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთი პარტნიორობა, მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. აკეთებენ ისე, რომ წარმოჩნდეს, თითქოს ქართველები რამე სირთულეს ქმნიან. მე ვხედავ, რომ საქართველო ამ საკითხთან მიმართებაში გახსნილია. უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე", - განაცხადა პრეზიდენტმა.", - მიმართავს საზოგადოების წარმომადგენლებს გაზეთი "რეზონანსი" კითხვით, ეთანხმებით თუ არა პრეზიდენტს, რომ ევროპაში ქართველების იმიჯს რუსული პროპაგანდა აფუჭებს?

"არა, რა თქმა უნდა. შეიძლება, ესეც გარკვეულად ხელს უწყობს, მაგრამ იმიჯი რატომ უნდა გამიფუჭოს თუ მე თვითონ არ ვარ სრულფასოვანი? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ამის ბრალი არ არის. ეს ჩვენი თანამემამულეების ბრალია, რომლებიც დანაშაულს სჩადიან", - აცხადებს კინომცოდნე ლელა ოჩიაური

"ქართველებს თავი ბოლომდე კარგად არ უჭირავთ, რადან იქ ვინც მიდის, ნაწილს უჭირს, მეორე ნაწილს კი მაფია აქვს შექმნილი, რაც არა მგონია, რუსეთის გარეშე იყოს. ამიტომ ბატონი პრეზიდენტი, ამ შემთხვევაში მართალია. რუსები ამ საშინელი იმიჯის ჩამოყალიბებას ხელს ძალიან უწყობენ", - აღნიშნავს ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავა

"არ ვეთანხმები, რუსეთის პროპაგანდის ნაწილი რანაირად შეიძლება იყოს ის, როცა რეალურად ხდება?! კრიმინალს, სამწუხაროდ, ქართველები სჩადიან. რუსები ხომ არ უკვეთავენ, რომ მათ კრიმინალი ჩაიდინონ?! რუსეთს შეიძლება რაღაცაზე ვედავოთ, მაგრამ ყველაფერი მას რომ დავაბრალოთ, არ შეიძლება. სამწუხაროდ, კრიმინალი არის და ბევრი თანამემამულე თავს გვჭრის", - განაგრძობს ისტორიკოსი სერგო ვარდოსანიძე

"რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის. სადღაც შეიძლება კრიმინალები იყვნენ, მათ შორის - ქართველიებიც. არავის არ "ვაპრავებ" და ვამართლებ და არ ვამბობ, რომ ქართველი ქურდი და ყაჩაღი არ არსებობს. ყაჩაღი ქართველიც არსებობს, იტალიელიც და ფრანგიც. 99%, რა თქმა უნდა, რუსეთის პროპაგანდაა. მათ ძალიან დიდი საინფორმაციო ჯგუფი ჰყავთ, რომელიც ამერიკაში მუშაობდა და საქართველოში რომ იმუშაოს, რა გასაკვირია. გერმანიაში ემიგრაციაზე ღამის თავდასხმები რომ იყო, ამბობდნენ, ეს ემიგრანტებმა გააკეთესო, შემდეგ გაჩნდა ვერსია, რომ რუსეთის უშიშროების ხელი ერია. ვის აწყობს, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს?! ვის აწყობს, რომ გადაიდოს და შეფერხდეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება?!", - დასძენს  პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს