ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი- ეჭვი გვაქვს, რომ დაინტერესებული პირები გარკვეულ დამნაშავეებს მფარველობენ

ეჭვი გვაქვს, რომ დაინტერესებული პირები გარკვეულ დამნაშავეებს მფარველობენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის, რაც ბრალდების მხარეს დადგენილებაში აქვს მითითებული, რეალობისგან განსხვავდება. ამასთან, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ საქმე ცალმხრივად და არასრულყოფილად არის გამოძიებული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა მხოლოდ 2 მოწმის დაკითხვა მოესწრო.

როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ერთი მოწმე იყო გამომძიებელი, რომელმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერა და ისაუბრა ფაქტობრივ გარემოებზე, ასევე ნივთებზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული, ხოლო მეორე პირმა ისაუბრა ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც შემთხვევის ადგილზე ნახა.

ამასთან, პროკურორმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მოწმეთა შესაძლო ზემოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

შემდეგი სასამართლო პროცესი 23 თებერვალს კვლავ ბრალდების მხარის მოწმეთა დაკითხვით განახლდება. სასამართლო პროცესი 13:00 საათზეა დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.

გარდა ამისა, ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე, პროკურატურამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირიც მისცა, რომელთა შორის ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემული პირებიდან სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა