British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორი - „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ წარმომადგენელთა განცხადებები დაუსაბუთებელი და აბსურდულია

British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორის, ზვიად სხვიტარიძის განცხადებით, „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ 100 მილიონიანი ზარალი მიადგა, დაუსაბუთებელი და აბსურდულია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სხვიტარიძემ განუცხადა, British American Tobacco-ს „ომეგასთვის“ არანაირი ზარალი არ მიუყენებია, რაც სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადასტურდა.

„British American Tobacco არის მულტინაციონალური კომპანია, რომლის აქციებიც იყიდება ლონდონის საფონდო ბირჟაზე და წარმოდგენილი ვართ 180-ზე მეტ ქვეყანაში. გვაქვს მაღალი კორპორატიული სტანდარტი. ის ბრალდებები, რომელიც ამ ბოლო დროს ისმის „ომეგასგან“, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, აბსურდული და თითიდან გამოწოვილია.

საერთოდ ზედმეტია საუბარი რამე ზიანზე და მტკიცებულებაზე, რომელიც საქმეშიც კი არ იყო. არსებობს გადაწყვეტილებები სააპელაციოს და უზენაესი სასამართლოების დონეზე, რომლითაც დადგინდა, რომ არანაირი ვალდებულება ჯარიმის ან რაიმე სხვა სახით არ დაგვკისრებია“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

როგორც სხვიტარიძე განმარტავს, დავის საგანს წარმოადგენდა ის, რომ British American Tobacco-ს ერთი ბრენდი, საუბარია Pal Mall-ზე თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად იყიდებოდა, რის შედეგადაც მათ ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი დიდი ზარალი მიიღეს.

„საუბარია კომპანიაზე, რომელსაც ბაზრის წილის 5% აქვს მხოლოდ. 100 მილიონი არის კოლოსალური თანხა. ყველა თამბაქოს კომპანიას შემოსავალი არ ყოფილა ერთობლივად 100 მილიონი ბოლო 10 წლის განმავლობაში, რომელიც საქართველოში ოპერირებს. მათ ბრენდებს არც კი იცნობს მომხმარებელი და ჩვენი ბრენდი როგორ იქნებოდა მათი კონკურენტი?! კონკურენციის სააგენტოს მხრიდან, ასევე, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მხრიდან დამტკიცდა, რომ ბრალდებები აბსურდულია. გადაწყვეტილება დეკემბერში მიიღეს და საეჭვოა, ახლა, 2 თვის შემდეგ რატომ ხდება British American Tobacco-ს დადანაშაულება მათი ტელევიზიის მიმართ პრობლემებთან დაკავშირებით?! ეს ყველაფერი აზიანებს საქართველოს იმიჯს. შავი პიარი საინვესტიციო გარემოს აზარალებს.

რაც შეეხებას პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, ვიტყვი, რომ სასამართლო სისტემისთვის კონკურენციის სამართალწარმოება არის უცნობი, როცა ვსაუბრობთ პირველი ინსტანციის სასამართლოზე, ვსაუბრობთ ერთი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. არ არსებობს პრაქტიკა კონკურენციის სფეროში სამართლაწარმოების, ამიტომ მოსამართლემ მიიღო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომ როდესაც ნახა საქმის აბსურდულობა, საერთოდ უარი უთხრეს სარჩელის განხილვაზე. იმდენად აბსურდული საკითხი იყო.

მათი ინტერესი პროვოკაციულია. იმ ვითარებაში, რაც 2012 წლიდან შეიქმნა ქვეყანაში, ბევრ ასეთ „ბიზნესს“ გაუჩნდა თვითშემოქმედების თავისუფლება. ასეთი პროვოკაციული, დაუსაბუთებელი ბრალდებებით თანხების მოპოვებას მულტინაციონალური კომპანიებიდან ეს ბაკქანალიაც ამას ემსახურება. „ომეგა“ ცდილობს წარმოაჩინოს თავი დამცირებულ, შეურაცხყოფილ კომპანიად და ამ ხრიკების მეშვეობით შექმნას საზოგადოებრივი აზრი თავის სასარგებლოდ. თუმცა, დღევანდელი ვითარებით საინვესტიციო გარემო ზიანდება, მათ კი ამით არაფერი შეემატებათ“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

მისივე ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ცილისწამებისთვის British American Tobacco-მ სასამართლოს მიმართოს.

„მაქვს გამოხმაურებები ჩვენი პარტნიორებისგან საერთაშორისო სავაჭრო პალატიდან, ასევე ამერიკის სავაჭრო პალატიდან, ისინი ამით შეშფოთებულები არიან და მზად არიან განცხადებებიც გააკეთონ. ხვალ პრესკონფერენცია აქვს დაგეგმილი ფადი ასლის, დღეს ამერიკის სავაჭრო პალატა გააკეთებს განცხადებებს, ასევე ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს. არ არის გამორიცხული სასამართლოს მივმართოთ. როგორი სახით იქნება ეს, ბიზნესსაბჭოების ფარგლებში გადაწყდება. აქ შექმნილი ვითარებით არც ერთი ინვესტორი აქ ინვესტიციის განხორციელებას არ გადაწყვეტს, პირიქით, შეეცდებიან ჩადებული ინვესტიციების ამოღებას“, - განაცხადა სხვიტარიძემ.

„ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს განუცხადა, რომ მათ კომპანიას 100 მილიონი დოლარის ღირებულების ოდენობის ზიანი, კონკრეტული მულტინაციონალური კომპანია British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად მიადგა. აღდგომელაშვილის თქმით, სასამართლოს პირველმა ინსტანციამ „ომეგას“ სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, „მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა