„თბილისის მიკროავტობუსი“ - ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს

პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს, - ასე პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრთა ნაწილის ინფორმაციას, რომ მძღოლები მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდას აპროტესტებენ და მათგან ნაღდი ფულით გადახდას მოითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა, კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება აქვს.

„პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს. ასევე, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ფარეხის ხელმძღვანელობისგან, რამდენად გამართულად მუშაობს მიკროავტობუსში ტერმინალი და იმ შემთხვევაშიც, თუ ის გაფუჭებულია და მძღოლმა არ შეატყობინა ფარეხის ხელმძღვანელობას, ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება.

თუ თქვენ მოგვაწვდით იმ ავტომობილების სახელმწიფო ნომრებს, ან მძღოლის სახელს და გვარს, რომელიც გამოკრული უნდა იყოს წინა საქარე მინაზე, რეაგირებას მოვახდენთ. გარდა ამისა, ნებისმიერ მგზავრს შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე დილის 08:00 საათიდან 22:30 საათამდე. გარდა ამისა, თუ მძღოლი რაიმე მიზეზით აგვიანებს გასვლას და მგზავრს პრობლემა ექმნება, ამ შემთხევვაშიც მძღოლი ჯარიმდება. კონდიცირების სისტემა თუ გამორთული აქვს მძღოლს ზაფხულის პერიოდში, პირველ შემთხვევაში 10 დღით ეკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, განმეორების შემთხვევაში 1 თვით, ხოლო მესამე შემთხვევის დაფიქსირებისას ხელშეკრულებას ვუწყვეტთ. ასევე ჯარიმები და სანქციებია სიგარეტის მოწევასა და მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე. ამის შესახებ მძღოლები ინფორმირებული არიან“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

რაც შეეხება მძღოლების ყოველდღიურ ხარჯებს, „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯები გაწერილია მძღოლთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით და ამის შესახებაც მძღოლებს ინფორმაცია აქვთ.

„თქვენ რომ გთხოვდნენ სამსახურში ყოველდღიურად თქვენი თანხის მიტანას, მიიტანდით? ასევეა ამ შემთხევაშიც. არავინ არაფრის თანხას არ ამატებს. დაფიქსირებულია თითოეულ ხაზზე რამდენია მძღოლის ყოველდღიური გადასახადი, რაც არ იცვლება. ეს გადასახადი ყველა სამარშრუტო ხაზის შემთხვევაში დგინდება კილომეტრაჟის და არსებული ტრაფიკის, მგზავრთა ნაკადების მიხედვით. გარდა ამისა, ხდება ცვეთის ფულის, საწვავის ხარჯების, ნაწილების ფულის დაანგარიშება. საწვავისთვის და გამართულობისთვის თანხას იხდიან. მაგრამ ყველა დამატებით დიდ ხარჯს, რომელიც შესაძლებელია რთულად დასაფარი იყოს მძღოლისთვის, მაგალითად, იატაკების და სავარძლებლების გამოცვლა და ა.შ., იფარება კომპანიის მიერ. ასევე,ზაფხულის პერიოდში კონდიცირების სისტემის გამართვის ხარჯებიც. გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მძღოლის სოციალურ მდგომარეობას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას და ამ ხარჯებს კომპანია თავის თავზე იღებს, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი ვალდებულება არ გახლავთ, ეს არის მძღოლის ვალდებულება და ხელშეკრულებაში უწერია“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, მძღოლები მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდას აპროტესტებენ და მათგან ნაღდი ფულით გადახდას მოითხოვენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მგზავრმა განუცხადა, აღნიშნული პრობლემის წინაშე ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად დგებიან.

თბილისს დღეს, დაახლოებით, 1800 მიკროავტობუსი ემსახურება.