არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე, ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის არაგეგმიური შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე, კომენტარი მხოლოდ ქართულმა მხარემ გააკეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი საგანგებო შეხვედრა სწორედ სუს-ის მოთხოვნით დაინიშნა.
აღნიშნულ შეხვედრაზე ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებისა და ასევე მისი თანმხლები ორი პირის, ლევან ქუტაშვილის და იოსებ პავლიაშვილის გათავისუფლების საკითხის განხილვა მოხდება.
ქემოკლიძის განცხადებითვე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს.
შეხვედრას ქართული მხარის წარმომადგენლების გარდა, მურად ჯიოევის ხელმძღვანელობით დე-ფაქტო ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. ინცინდენტების პრევენციის ფორმატში მიმდინარე არაგეგმიურ შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც.
რაც შეეხება გარდაცვლილი ტატუნაშვილის და ცხინვალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ქუტაშვილის და პავლიაშვილის ახლობლებს, ერგნეთში არ იმყოფებიან.
ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის გეგმიური შეხვედრა 1-ელ მარტს იყო ჩანიშნული.
დღევანდელი არაგეგმიური მოლაპარაკება კი, ახალგორში მომხდარი ფაქტის გამო ჩაინიშნა და შესაბამისად, მასზე მხოლოდ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებენ.

























