გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - აქტიურად ვმუშაობთ გარემოსთვის მიყენებული ზიანის კანონმდებლობის დახვეწის საკითხებზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის კანონმდებლობის დახვეწის საკითხებზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც მან კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმის დაკისრებას აქვს თავისი პროცედურები. სამართალდარღვევათა კოდექსი ითვალისწინებს სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმას 5 000 ლარის ოდენობით, რომელიც განმეორების შემთხვევაში ხდება 15 000, კიდევ განმეორების შემთხვევაში, გასამმაგდება. ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების კანონით“ დადგენილი პრინციპი, რომელსაც ჩვენ მივმართეთ და თითოეული დარღვევის გამოვლენის შემდგომ კომპანიას დაუდგინდა გონივრული ვადები, რომლის ფარგლებშიც მას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ქმედებები და გამოესწორებინა დარღვეული პირობები. თუმცა იქედან გამომდინარე, რომ შესაბამისი ქმედებები არ გატარდა, შეყვანილი იქნა სპეციალური მმართველი, რომელსაც დაევალა იმ ყველა სანებართვო პირობის შესრულება, რომელიც დროში გეგმა-გრაფიკის მიხედვით არის გაწერილი. ეს არის დამტკიცებული სასამართლოს მიერ სპეციალური მმართველისთვის. ეს არის სამოქმედო გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს კომპანიამ, რათა თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს გარემოს დაცვით სტანდარტებთან“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე თქმით, ერთია სანებართვი პირობების დარღვევა და ჯარიმის გადახდა, ხოლო მეორე - გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, რომელსაც ცალკე პროცედურა აქვს.

„თუკი სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დარღვევა, ამ შემთხვევაში გამოიანგარიშება გარემოზე მიაყენებული ზიანი, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე, შესაბამისი ფორმულებით და თუკი ზიანის თანხები დადგენილ ოდენობებს ცდება, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი წარმოება იწყება, რაც მოხდა ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ შემთხვევაში. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე სასამართლოში მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გარდა ამისა, ნინო თანდილაშვილის განმარტებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის კანონმდებლობის დახვეწის საკითხებზე.

„დარწმუნებული ვარ, რომ 400 მილიონის ზიანი გარემოსთვის მცირე თანხა ნამდვილად არ არის, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ გავაუმჯობესოთ ზიანის გამოთვლისა და მეთოდოლოგიის დადგენის კანონმდებლობა და ეს იყოს მიმართული არა მხოლოდ თანხების გადახდაზე, არამედ დაზიანებული გარემოს აღდგენაზე“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადებით, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, გარემოსთვის მიყენებული ზარალი 400 მილიონს შეადგენს, მაშინ როდესაც ჯარიმის სახით ანაზღაურება 10 მილიონზე ნაკლებია. კომიტეტის სხდომაზე რატიანმა გარემოსდაცვით სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „2016 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშებს ისმენენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა