გიორგი გახარია - იმედი გვაქვს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი გონივრულ ვადებში გადაწყდება

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით დამატებითი მოლოდინების შექმნა და წუთების თვლა არ არის სწორი, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მაქსიმუმს აკეთებს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გონივრულ ვადებში მოგვარდეს.
“რა თქმა უნდა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ტრაგიკული პრობლემა გადაწყდება გონივრულ ვადებში და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ. დღეს კონკრეტულ დღესა და დროზე კომენტარს არ გავაკეთებ, რამეთუ ეს არ არის სწორი. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული მოქალაქეების, ადამიანების ტრაგედიებზე ვსაუბრობთ. დამატებითი დღეების, მოლოდინების შექმნა, წუთების თვლა არ არის სწორი. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა უნდა დასრულდეს გონივრულ დროში“, - განაცხადა გახარიამ.
რაც შეეხება დაკავებულ მოქალაქეებს, გახარიას თქმით, ზუსტად იგივე რეჟიმში და მსგავსი ძალისხმევით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის ზომების მისაღებად და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსაყვანად.
“მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, საქმე არის აღძრული. უპირველესი ამოცანა ჩვენი არის გარდაცვლილ მოქალაქეს მივაგოთ პატივი და კიდევ, უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ ყველაფერზე. დღეს კონკრეტულ დღეებზე, საათებსა და წუთებზე საუბარს არ ვთვლი შესაძლებლად“, - აღნიშნა გახარიამ.

























