ლევან დავითაშვილი ბოკერიას - თქვენ დროს არავითარი შემოწმება არ ხდებოდა გარემოს დაცვის ნაწილში, ახლა გამოდიხართ და ბრტყელ-ბრტყელებს საუბრობთ

თქვენს დროს არავითარი შემოწმება არ ხდებოდა გარემოს დაცვის ნაწილში და ახლა გამოდიხართ და რაღაც ბრტყელ-ბრტყელებს საუბრობთ?! - ასე მიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრ გიგა ბოკერიას პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კომპანია „არემჯის“ საქმიანობაზე მსჯელობენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დაინტერესდა, რატომ არ იღებს ზომებს საქართველოს ხელისუფლება ბოლნისში გარემოს დაბინძურების პროცესის შესაჩერებლად.

„თუ საფუძველი გაქვთ, რომ დღეს გარემოს დაზიანება მიმდინარეობს, ვერ ხედავთ ინსტრუმენტებს, რომ გააჩეროთ ეს დაზიანება? თქვენ პრაქტიკულად, აღიარებთ, რომ იქ გრძელდება გარემოს დაზიანება, მარტო შავ-ბნელ წარსულში კი არ იყო, თქვენს ნათელ აწმყოშიც გრძელდება და თქვენ ახლა მსჯელობთ, როგორ შეიმუშავებთ ინსტრუმენტებს, რომ ის დააზიანება, რომელიც დღეს ხდება, აანაზღაურებინოთ მომავალში?! იქამდე უნდა აცადოთ, რომ კიდევ დაზიანდეს და მერე იმედი უნდა გვქონდეს თქვენი ეფექტური მთავრობის, როგორ აანაზღაურებინებთ? ლოგიკური კითხვა არ ჩნდება, რომ არათუ გაფართოებაზე, არამედ დღესვე კანონმდებლობის შეცვლაზე უნდა იფიქროთ, რათა ამის შეჩერება შეგეძლოთ? ყველა პოლიტიკური პარტია, ყველა გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, ყველა სამოქალაქო ჯგუფი, თქვენი სამინისტროს ექსპერტები თვლიან, რომ იქ ზიანდება გარემო. რა არის ეს, - თქვენს წინააღმდეგ, „არემჯი გოლდის“ და „არემჯი კოპერის“ და ბიძინა ივანიშვილის წინაღმდეგ შეთქმულებაა მსოფლიოში?!“ - მიმართა ბოკერიამ ლევან დავითაშვილს.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ოპოზიციას მიმართა, რომ მათ სურთ, დემაგოგიით მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ.

„არათუ ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოება, დეპუტატები, ჩვენც იგივე პოზიციას ვაფიქსირებთ, რომ აქ არის პრობლემები და პრობლემები უნდა გამოსწორდეს. სად ნახეთ განსხვავებული პოზიცია, მე არ მესმის. რაც შეეხება ზიანი დღეს თუ კიდევ ადგება გარემოს, ჩვენ გამოსწორებაზე ვსაუბრობთ. ეს არის 70-იანი წლებიდან დაგროვილი ნაყარები, მძიმე მეტალების შემცველი, რომელიც წვიმის შემთხვევაში დააბინძურებს მდინარეს და თუ ჩვენ არ მოვახერხეთ გამოსწორება და შესაბამისი ზომები არ მივიღეთ, ნებისმიერი ლიცენზიატის ოპერირებისდა მიუხედავად ეს პრობლემა იქნება ხალხისთვის. თქვენ გინდათ, დემაგოგიით შეიყვანოთ მოსახლეობა შეცდომაში. ჩვენ გვინდა გამოვაწოროთ პრობლემა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა