ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი პარლამენტისგან კანონის დარღვევას ითხოვდა

პრეზიდენტი პარლამენტისგან კანონის დარღვევას ითხოვდა, რაც სამწუხარო მოვლენაა. ვფიქრობ, ეს პრეზიდენტის და პარლამენტის ინსტიტუტებისთვის დათვური სამსახური იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძე თავად მომხრე იყო, რომ პარლამენტს კანონი და პარლამენტის რეგლამენტი არ დაერღვია.

“ჩვენ გვქონდა დისკუსია პროცედურასთან დაკავშირებით. ამ საკითხს ორი, პოლიტიკური და სამართლებრივი მხარე აქვს. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკური და ტაქტიკური თვალსაზრისით ჩვენთვის უმჯობესი იქნებოდა გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რომ გადავუხვიოთ რეგლამენტს და გავაგრძელოთ მუშაობა სხვა გზით, არა რეგლამენტის შესაბამისად. ამ შემთხვევაში არავის მიეცემოდა საბაბიც კი იმაზე საუბრის, რომ თითქოს ე.წ. კინკლაობაა ინსტიტუტებს შორის. ცდილობენ ჩვენს შეყვანას ამაში და ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. ამას ხედავს როგორც უმრავლესობა, ისე უმცირესობა. ძალიან სამწუხარო მოვლენაა, დადებითი გადაწყვეტილებით კი შეგვიძლია ეს საბაბი მთლიანად მოვსპოთ. მეორე არის სამართლებრივი მხარე. ამ თვალსაზრისით ჩვენ გვევალება რეგლამენტის მიხედვით მოქმედება, ეს კი თქვენთვის ცნობილია. ეს არის გაწერილი პარლამენტის რეგლამენტით. ჩვენ გვთავაზობენ რეგლამენტიდან გადახვევას. ამას რომ ისეთი ადამიანი გვთავაზობდეს, რომელიც არ არის ჩახედული საპარლამენტო ცხოვრებაში, ეს იქნებოდა კიდევ უფრო მეტად გასაგები ჩვენთვის, თუმცა ამას გვთავაზობს პრეზიდენტი, რომელიც უკვე ხუთი წელია ჩართულია პოლიტიკურ პროცესში. ის უკვე მეხუთედ აკეთებს მოხსენებას პარლამენტში და ამ ფორმატში იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცოდა ის პროცედურა, რომელიც უნდა შემდგარიყო პარლამენტში. “მან ძალიან კარგად და ზუსტად იცოდა, თუ როგორი პროცედურა არის დაკავშირებული მის მოხსენებასთან პარლამენტში. მისი ეს მოთხოვნა არის უფრო გაუგებარი. გარდა ამისა, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი არის კონსტიტუციის გარანტი, ის არის ადამიანი, რომელიც პირველი უნდა მოგვიწოდებდეს კანონის პატივისცემისკენ და დაცვისკენ. ეს კიდევ უფრო მძიმეს ხდის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც შეიქმნა ამ მოთხოვნიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენ გვთხოვენ კანონის გადახვევას, გადაცდომას, რაც ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, არის მიუღებელი. მე ვალდებული ვარ ინსტიტუტის პრესტიჟი დავიცვა. პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს კანონის დარღვევას, რაც სამწუხარო მოვლენაა. მე ვფიქრობ, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური როგორც პრეზიდენტის, ისე პარლამენტის ინსტიტუტებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა დებატების ფორმატის ისეთნაირად შეცვლას, რომ პრეზიდენტს დისკუსიაში ჩართვის საშუალება ჰქონოდა, მხარი არ დაუჭირა. დებატების ფორმატის შეცვლის საკითხი პარლამენტის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა. 28-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რომ პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, პერმანენტულ რეჟიმში დისკუსიაში ჩართულიყო, 50-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოითხოვა დასკვნით სიტყვამდე დეპუტატების გამოსვლებზე პასუხის გაცემის საშუალება მისცემოდა, რაც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეგლამენტის დარღვევაა. გიორგი მარგველაშვილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა