არმაზ ახვლედიანი - „ოცნების“ პოლიტსაბჭოს უღიმღამო ცვლილებით დადასტურდა, რომ მას აღარც თავის გადარჩენა შეუძლია და არც ქვეყნის

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგიის დოქტორს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას საშინაო და საგარეო პოლიტიკის არაერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, თუმცა აშკარად იმაზე ნაკლებად კრიტიკული იყო, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ოპოზიციამ მას არაგულწრფელობა დაუწუნა, ხელისუფლებამ - ბრალდებები, პრეტენზიები და ღრმა ანალიზის უქონლობა.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პრეზიდენტის ანგარიშმა და იმან, რის გამოც მან დარბაზი დატოვა?

ვფიქრობ, პრეზიდენტს მეტი უნდა ეთქვა ქვეყანაში არსებულ არადემოკრატიულ გარემოზე, ჩიხში შესულ პოლიტიკურ პროცესზე და ამის გამომწვევ მიზეზებზე. დარბაზის დატოვება კი არასწორი იყო

- პრეზიდენტის სიტყვა იყო საქმიანი და კრიტიკულიც. თუმცა, ვფიქრობ, მას მეტი უნდა ეთქვა ქვეყანაში არსებულ არადემოკრატიულ გარემოზე, ჩიხში შესულ პოლიტიკურ პროცესზე და ამის გამომწვევ მიზეზებზე. დარბაზის დატოვება კი არასწორი იყო.

- როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას პარლამენტში საკმაოდ კრიტიკული დებატებიც მოჰყვა. მმართველი გუნდი არც მალავდა, რომ მათი მიზანი მარგველაშვილის, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატის დისკრედიტაცია იყო.

მას შემდეგ რაც პრეზიდენტი წავიდა, ოპოზიციის უმცირესობამაც დატოვა დარბაზი, ხოლო უმრავლესობამ დამტკიცებული რეგლამენტით გააგრძელა მუშაობა.

თქვენი დაკვირვებით, რა პოლიტიკური შედეგით დასრულდა პარლამენტში, მმართველი გუნდის მოედანზე, პრეზიდენტს, მმართველ გუნდსა და დანარჩენ ოპოზიციას შორის გამართული პოლიტიკური დებატები?

- კიდევ ერთხელ გაცხადდა “ოცნების” მიერ შექმნილი არაჯანსაღი, არადემოკრატიული გარემოს უმძიმესი შინაარსი. მართალია, “ოცნებამ” დეკლარირების დონეზე უარი თქვა სააკაშვილის მანკიერი მმართველობის სტილზე, მაგრამ საუბედუროდ ვერა და ვერ ამოვიდა ამ მანკიერების მკვებავი ჭაობიდან. ეს ანომალიური პოლიტიკური მოცემულობა მძიმე დაღს ასვამს მთელ შიდაპოლიტიკურ პროცესს და არ აძლევს მას ჩიხიდან გამოსვლის საშუალებას.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ პარლამენტში მისვლამდე პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ იგი შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თქვენ ასე არ ფიქრობთ?

- მარგველაშვილის პრეზიდენტობა, არაერთი ხარვეზის მიუხედავად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია დღევანდელ ჩამყაყებულ პოლიტიკურ პროცესში.

მარგველაშვილი „ოცნების“ უმძიმესი, წარუმატებელი საქმიანობის მამხილებელია და ამიტომაც ასე მოიძულა იგი მმართველმა ძალამ.

“ოცნებამ” დეკლარირების დონეზე უარი თქვა სააკაშვილის მანკიერი მმართველობის სტილზე, მაგრამ საუბედუროდ ვერა და ვერ ამოვიდა ამ მანკიერების მკვებავი ჭაობიდან. ეს ანომალიური პოლიტიკური მოცემულობა მძიმე დაღს ასვამს მთელ შიდაპოლიტიკურ პროცესს და არ აძლევს მას ჩიხიდან გამოსვლის საშუალებას

ავლაბრის რეზიდენციის მომავალი პატრონი ბევრს მოანატრებს მარგველაშვილს და გვიან, მაგრამ მწარედ დააფიქრებს ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და დაბალანსების თუნდაც მინიმალური დოზის სასიცოცხლო აუცილებლობაში.

- მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნდა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. პოლიტსაბჭო დაატოვებინეს „ქართული ოცნების“ ძველ სახეებს. პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობის წევრები გახდნენ ჩუგოშვილი, ნაკაშიძე, თალაკვაძე, სამხარაძე, ცქიტიშვილი, სუბარი და თავად ბიძინა ივანიშვილი.

მმართველი გუნდიდან პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში ძველიდან დარჩნენ კვირიკაშვილი, კობახიძე, ვოლსკი, გეგიძე, ტრიპოლსკი, კალაძე და საგანელიძე.

ამ თემაზე საკმაოდ ბევრი მოსაზრება გამოითქვა, მაგრამ ამავე თაემაზე საინტერესო იქნებოდა თქვენი აზრი, ვინაიდან თქვენ „ქართულ ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყავით. დავიწყოთ წასულების თემით. ბევრი თვლის, რომ მმართველ გუნდში მხოლოდ როტაცია მოხდა, მაგრამ მომხდარი მარტო მექანიკურ როტაციას არ ჰგავს.

რას შეიძლება ნიშნავდეს ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭო დაეტოვებინა „ქართული ოცნების“ „ძველ გვარდიას“? ამით „ქართულ ოცნებაში“ რომელი გუნდი გაძლიერდა და რომელი უფრო დასუსტდა?

- „ოცნების“ პოლიტსაბჭოს“ „განახლებული” შემადგენლობის დაანონსებით, ივანიშვილმა ხელიდან გაუშვა მმართველი ძალის ძირეული რეფორმირებისა და შესაბამისად მთელი პოლიტიკური სისტემის სასიკეთოდ გარდაქმნის ბოლო შანსი.

ავლაბრის რეზიდენციის მომავალი პატრონი ბევრს მოანატრებს მარგველაშვილს და გვიან, მაგრამ მწარედ დააფიქრებს ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და დაბალანსების თუნდაც მინიმალური დოზის სასიცოცხლო აუცილებლობაში

ამ უღიმღამო ცვლილებით დადასტურდა, რომ „ოცნებას“ აღარც თავის გადარჩენა შეუძლია და არც ქვეყნის ღრმა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისიდან გამოყვანის რესურსი გააჩნია.

- რას იტყოდით, მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს წევრების ახალ შემადგენლობაზე?

- სამარცხვინო და სავალალოა, რომ მმართველობის ექვსი წლის თავზეც კი, „ოცნებამ“ ვერ შეძლო ნორმალური, ოდნავ მაინც დემოკრატიულად და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გუნდის შექმნა და ამით თითქმის გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.

- თუ მანამდე „ქართული ოცნების“ დეპუტაციის პირველი შემადგენლობა იყო საკმაოდ ეკლექტური, ახლა ივანიშვილთან დაახლოებულთა წრე საკმაოდ დავიწროებულია. სულ პოლიტსაბჭოში 14 წევრია, აქედან 7 ახალი, მაგრამ იგი ახლაც ასევე საკმაოდ ეკლექტურად გამოიყურება.

რას შეიძლება ნიშნავდეს და რისი მომასწავებელი შეიძლება იყოს ახლა უკვე პოლიტსაბჭოს დონეზე „შუას გაკრეფა-2“ თუ პოლიტიკური კლასის „მიჭირხვნა-2“, ანუ, როგორც ბევრი მიიჩნევს, თანამოაზრეების არა პრიციპებსა და ღირებულებებზე დაფუძნებული შერჩევა?

- როცა მიზანი არა დემოკრატიული გარდაქმნაა, არამედ პოლიტიკურად ალოგიკური და სახელმწიფოებრივად უკიდურესად სახიფათო პროცესის გაღვივება, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტსაბჭოს ცვლილებას, მით უფრო ასეთ ფასადურს. ივანიშვილის წარუმატებელმა პოლიტიკურმა ექსპერიმენტმა მის მიერვე შექმნილი სისტემის სრული დეგრადაცია და სახელმწიფოებრივი ინტერესების აშკარა დაზიანება გამოიწვია.

- პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ამ თემაზე საუბრისას განაცხადა - „ქართული ოცნება“, როგორც ინსტიტუცია ვერ ჩამოყალიბდა გრძელვადიანი პერსპექტივისთვის“. ოპოზიციის მტკიცებით, „ქართულ ოცნებაში“ ივანიშვილის თავმჯდომარედ დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილმა და მმართველმა გუნდმა არა მხოლოდ მოახლოებული საპრეზიდენტო, არამედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაიწყო მზადება.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ მე კითხვას მაინც ასე დავსვამდი - თქვენი დაკვირვებით, ივანიშვილს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პერსპექტივა სავარაუდოდ რამდენ წელზე აქვს გათვლილი?

- კვირიკაშვილი ჩვეულებრივი მარიონეტია, რომლის არშემდგარი პოლიტიკური კარიერა, ივანიშვილის დაბრუნებით საბოლოოდ დასამარდა. ამ მანკიერი გარემოს ავტორი - ივანიშვილი, კი შეცდომებისა და გაკვეთილების იგნორირებითა და მმართველობის არადემოკრატიული სტილით ერთი მხრივ, საკუთარ თავს უკლავს ყოველგვარ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პერსპექტივას, მეორე მხრივ კი უკიდურესად აფერხებს სახელმწიფოს ნორმალურ განვითარებას.

ივანიშვილი ეცდება, რომ მომავალი პრეზიდენტი ერთგულებისა და მორჩილების ნიშნით შეარჩიოს, როგორც ჩანს, მას არ ესმის, რომ ამით თავსაც ავნებს და ქვეყანასაც

- ვინ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი?

- ამ ვითარებაში ამას არც აქვს არსებითი მნიშვნელობა. ივანიშვილი ეცდება, რომ მომავალი პრეზიდენტი ერთგულებისა და მორჩილების ნიშნით შეარჩიოს. როგორც ჩანს, მას არ ესმის, რომ ამით თავსაც ავნებს და ქვეყანასაც.

- ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამსტერდამში გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციურ პარტიებს დიდი ოპოზიციური გაერთიანებისკენ მოუწოდა. ოპოზიციურ ფლანგზე არსებული ვითარება არ ტოვებს განცდას, რომ ოპოზიცია ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევაზე შეჯერდება.

არც „ევროპული საქართველო“, პარტიები, ვინც პროდასვლურ პარტიებად მოიზარებიან, არ აპირებენ საარჩევნოდ სააკაშვილის ქოლგის ქვეშ გაერთიანებას. ის, რომ პრორუსულ ძალებად მიჩნეული ბურჯანაძე და ინაშვილი ამგვარ ნაბიჯზე არ წავლენ, ეგეც ცხადია. ასევე ძნელი წარმოსადგენია სააკაშვილის ფლანგზე აღმოჩდნენ სხვა მისი დიდი ხნის ოპონენტები.

თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ ოპოზიციურ ფლანგზე ხდება და სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი ერთი მხრივ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მეორე მხრივ ზოგადად საქართველოს შიდა პოლიტიკაზე?

- „ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ მან არ ისურვა ქვეყანაში ათწლეულების განმავლობაში შექმნილი მანკიერი, ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევა. პირიქით, ის წარმატებით მოერგო ამ ანომალიურ სისტემას, თავად ჩამოყალიბდა არადემოკრატიულ ძალად და ხელი შეუწყო ოპოზიციის უკიდურეს დასუსტებას და საზოგადოების დიდ ნაწილში უიმედობისა და პოლიტიკური გულგრილობის ძალიან სახიფათო განწყობის დანერგვას.

სააკაშვილს, ისევე როგორც ივანიშვილს, ახლაც შეუძლია მთავარი, ტრაგიკული შეცდომების გულწრფელად აღიარება. ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მათ და ყველა მომავალ ლიდერს თავიდან აარიდებს ასეთ კატასტროფულ მარცხს, ქვეყანას კი მისცემს შეუქცევადი, სწორი განვითარების შანსს

სააკაშვილის მცდელობა უპერსპექტივოდ გამოიყურება, ვინაიდან მის ირგვლივ ვერ ხერხდება არსებითად განახლებული ძალების მობილიზება და საზოგადოებისთვის ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის საჭირო გზის შეთავაზება.

თუმცა სააკაშვილს, ისევე როგორც ივანიშვილს, ახლაც შეუძლია მთავარი, ტრაგიკული შეცდომების გულწრფელად აღიარება - ეს ერთადერთი გზაა, რომელიც მათ და ყველა მომავალ ლიდერს თავიდან აარიდებს ასეთ კატასტროფულ მარცხს, ქვეყანას კი მისცემს შეუქცევადი, სწორი განვითარების შანსს. საზოგადოებამ ახლა მაინც უნდა შეძლოს ამ საბედისწერო შეცდომების გონივრულად გაანალიზება და მათი გათვალისწინება.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა