ზვიად მხეიძე - ჩვენ, ერთად შევძლებთ შევქმნათ ისეთი რაჭა, საიდან წასვლასაც არავინ მოინდომებს

რაჭის განვითარების პერსპექტივაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ამბროლაურის მერმა, ზვიად მხეიძემ ისაუბრა.

- ბატონო ზვიად, რამდენიმე თვეა რაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას იკავებთ. რა მიგაჩნიათ უმთავრეს მოსაგვარებელ საკითხებად და როგორ ხედავთ ამბროლაურის და ზოგადად რაჭის განვითარების პერსპექტივას?

- მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩვენი მხარით დაინტერესებისთვის. რაჭას ნამდვილად აქვს იმის პერსპექტივა, რომ წარმატებით განვითარდეს და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს არა მარტო ზაფხულობით და დასასვენებლად, არამედ საცხოვრებლად. ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება, თუმცა უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მიგრაცია სამწუხაროდ დღემდე რჩება ძირითად პრობლემად.

ყველა ის პროექტი, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მიმართულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, სამუშაო ადგილების შექმნის და ზოგადად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას და მიგრაციის დონის შემცირებას.

- ბატონო ზვიად იქნებ კონკრეტულად გვესაუბროთ რა მსხვილმასშტაბიანი პროექტები განხორციელდა უკვე, რა პროექტები მიმდინარეობს ამჟამად და რის განხორციელებას უნდა ველოდოთ მომავალში?

- გასულ წლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. მოეწყო ნაპირსამაგრები, შესაძლებლობის ფარგლებში მოწესრიგდა სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემები, ჩატარდა სკოლამდელი დაწესებულებების, სპორტული მოედნების, გზებისა და ხიდების რეაბილიტაცია...

2017 წელს ამბროლაურში აშენდა ახალი აეროპორტი, რომელიც იქნება ძირითადი ღერძი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის, დასრულდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედნის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოები. მოედნის საბოლოოდ დასრულების შემდეგ ამბროლაურს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს სხვადასხვა გუნდების შეკრებებს და მნიშვნელოვან სპორტულ შეხვედრებს... განხორციელდა ამბროლაური-ჭრებალოს მიმართულებით გაზსადენის მშენებლობა და მალე დამატებით ათეულობით სოფელი მომარაგდება ბუნებრივი აირით. დაიწყო ჭრებალო-ნიკორწმინდის გზის ასფალტირების სამუშაოები, მიმდინარეობს ნიკორწმინდის ტაძრისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს - ჭელიშის მონასტერს, დაიწყო საჩხერე-რაჭის გზის რეაბილიტაციაც, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი მხარისთვის.

2018 წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით 8 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. ყველა მასშტაბური პროექტი განხორციელდება მოსახლეობის ჩართულობით და ჩემი დამოკიდებულება თითოეული პროექტის ხარისხზე თუ შესრულების ვადებზე იქნება ძალიან მკაცრი.

- ბატონო ზვიად, იქნებ იმ სოციალურ პროგრამებზეც გვესაუბროთ, რომლებსაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახორციელებს?

- დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შობადობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ახალშობილთა და მრავალშვილიან ოჯახებს შეუძლიათ ისარგებლონ 400-დან 900 ლარამდე ერთჯერადი დახმარებით, გვაქვს ასევე სამედიცინო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქირურგიული ოპერაციების, სხვადასხვა სამედიცინო კვლევების, მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსებისკენ. გარდა ამისა, სოციალური პროგრამის საშუალებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ვეხმარებით მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, უსახლკაროებს, ხანძრით დაზარალებულებს და სხვა... აქვე მინდა აღვნიშნო ,,მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათებიც, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ყველაფრის ერთად გაკეთება რა თქმა უნდა შეუძლებელია, თუმცა ჩვენს მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართულია აქ მცხოვრები ოჯახების ხელშეწყობისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

- რამდენად არის ბიზნეს-სექტორი დაინტერესებული თქვენი მხარით და როგორ მუშაობს რაჭაში სახელმწიფო პროგრამები?

- რაჭით დაინტერესება საკმაოდ დიდია. საინვესტიციოდ ძირითად ინტერესს იწვევს ტურიზმი და სოფლის მეურნეობა, იხსნება მცირე საწარმოები. გასულ წელს ამბროლაურში გაიხსნა წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა, ლორის გადამამუშავებელი საწარმო, შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროები, ღვინის ახალი ქარხნები. წარმატებით მუშაობს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მუნიციპალიტეტში 200-ზე მეტი ბენეფიციარი დაფინანსდა. თითოეული ინვესტიცია, თითოეული გახსნილი საწარმო ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

- რამდენად ხდება თქვენი მხარის ტურისტული პოტენციალის განვითარება და რა კონკრეტული მაგალითების დასახელება შეგიძლიათ?

- ტურიზმი რაჭისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული სფეროა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში არსებობს ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ჩანჩქერები, ულამაზესი მღვიმეები, რაც დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ ტურისტებისა და დამსვენებლების რიცხვი ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება და ჩვენი რეგიონით დაინტერესებაც გაცილებით უფრო იმატებს.

აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოვაწყოთ საკურორტო ინფრასტრუქტურა. აეროპორტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ დარგის განვითარებას. სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილია შაორის, ნიკორწმინდის, ჭრებალოს და წესის განვითარება.

ჩვენი მიზანია ტურისტების მიღება როგორც ზაფხულზე, ისე ზამთრის პერიოდში, რადგან რაჭას ზამთრის კურორტების განვითარების პერსპექტივაც გააჩნია. იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ, აუცილებელია არსებული პოტენციალის სწორი და გეგმაზომიერი გამოყენება.

- როგორ მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის განვითარება? რომელი დარგებია პრიორიტეტული და რა ხელშეწყობა აქვს რაჭველ გლეხებს ამ მიმართულებით?

- მოგეხსენებათ, რომ რაჭა არის ცნობილი ღვინის ,,ხვანჭკარა“ სამშობლო. აღსანიშნავია, რომ ყოველ წელს წარმატებით მიმდინარეობს რთველის პროცესი. სახელმწიფო ახორციელებს ხვანჭკარის ჯიშების სუბსიდირებას და არც ერთი გრამი ყურძენი გლეხს ჩაუბარებელი არ რჩება.

სოფლის მეურნეობის სფეროში სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა პროგრამებმა განაპირობა ახალი სავენახე ფართობების ათვისება. დამატებით 400 000 ძირზე მეტი ალექსანდრეულის და მუჯურეთულის (ხვანჭკარის მასალა) ჯიშის ყურძენი გაშენდა და ეს პროცესი კვლავ აქტიურად გრძელდება. ამავე დროს იგეგმება ხვანჭკარის საბოლოო სახით გადამუშავება და ჩამოსხმა მიკროზონაში, რაც ხელს შეუწყობს ფალსიფიკაციის აღმოფხვრას და რეგიონში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

- როგორც ვიცით ქალაქში არც ისე ბევრი განტვირთვის საშუალებაა ახალგაზრდებისთვის. რა გეგმები გაქვთ ამ მიმართულებით და რას აკეთებს მერია ზოგადად ახალგაზრდების ხელშეწყობისთვის?

- ახალგაზრდების აზრი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მერიაში ფუნქციონირებს მრჩეველთა საბჭო, სადაც გვინდა მაქსიმალურად ბევრი ახალგაზრდა ჩავრთოთ. მათ მიერ მოწოდებული იდეების საფუძველზე ვეცდებით პრიორიტეტების განსაზღვრას და მათ ეტაპობრივ განხორციელებას. ამასთან, რეგიონის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძესთან ერთად, პერიოდულად ვხვდებით ადგილობრივ ახალგაზრდებს და მათთან ერთად განვიხილავთ არსებულ მიღწევებსა თუ პრობლემებს.

რაც შეეხება განტვირთვის საშუალებებს, ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. გვაქვს ახალგაზრდული პროგრამები, პერიოდულად იმართება სხვადასხვა ღონისძიებები, ჩამოგვყავს ცნობილი მომღერლები, ვგეგმავთ წარმატებული ადამიანების ჩამოყვანას და საჯარო ლექციების გამართვასაც. გვინდა ამბროლაურის ერთ-ერთი ქუჩა მოვაწყოთ ისე, რომ მთლიანად დაიტვირთოს კაფე-ბარებით, გასართობი ცენტრებით... ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ეტაპობრივად გაკეთდება, რადგან არსებობს განსაკუთრებით პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც მოსახლეობისთვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს და პირველ რიგში სწორედ ეს პრობლემებია გადასაჭრელი და მოსაგვარებელი.

ინტერვიუს დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ რაჭის ყველაზე დიდი სიმდიდრე აქ არსებული ადამიანური რესურსია. მჯერა, რომ მონდომებით და მუხლჩაუხრელი შრომით ყველა პრობლემის დაძლევა მოხერხდება, ჩვენს მხარეში კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება და აქ მცხოვრები თითოეული ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ შევქმნათ ისეთი რაჭა, საიდან წასვლასაც აღარავინ მოინდომებს!

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა