N192 ბაღში არსებული „გარდამავალი ჯგუფი“ სექტემბრიდან ბაღების სააგენტოს დაქვემდებარებაში გადავა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ფონდისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის - „გარდამავალი ჯგუფის“ საპილოტე ფაზა დასრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტი, რომელიც N192 საჯარო ბაგა-ბაღში 2017 წლის სექტემბრიდან საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობდა, ფუნქციონირებას ახალი სააღმზრდელო წლიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელშეწყობით გააგრძელებს.

საბავშვო ბაღს დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამების კოორდინატორი სოფია ქამუშაძე, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში, ეკატერინე მესხრიკაძე და პროექტის მენეჯერი რუსუდან ჩხუბიანიშვილი ესტუმრნენ, რომლებსაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ უმასპინძლა. სტუმრები პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ და გამოთქვეს მზადყოფნა, რომ „გარდამავალი ჯგუფები“ ამ პროექტის საფუძველზე თბილისის სხვა საჯარო ბაღებშიც გაიხსნას.

„ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მისი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ. „გარდამავალი ჯგუფის“ მთავარ მიზანს აუტიზმის სპექტრის მქონე და სხვა სახის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ასაკის შესაბამის ჯგუფებში უმტკივნეულოდ გადასვლა წარმოადგენს. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, ანალოგიური ჯგუფები თბილისის სხვა ბაღებშიც გაიხსნას და ამით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს კიდევ უფრო გავუმარტივოთ თანატოლებთან კომუნიკაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია,” - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე „გარდამავალი ჯგუფი“, კარიტასის ფონდის ხელშეწყობით, ზუგდიდში, თბილისსა და თელავში ფუნქციონირებს. მათივე ცნობით, ჯგუფი აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და რესურსით, რაც ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის ხელმისაწვდომსა და სასურველს ხდის გარემოს. სპეციალურად ამ პროექტისათვის, გადამზადების კურსი გაიარა N192 ბაღის ყველა აღმზრდელმა და აღმზრდელის თანაშემწემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა