მამუკა ბახტაძე - საბანკო და საფინანსო სექტორში მკვიდრდება ახალი, სამართლიანი წესები, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები

საბანკო და საფინანსო სექტორში მკვიდრდება ახალი, სამართლიანი წესები, სადაც დაცულია მომხმარებელთა უფლებები, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ თბილისის მედიათეკაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა და დეტალურად ისაუბრა ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე საბანკო-საფინანსო სფეროში.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეფორმა ითვალისწინებს ეკონომიკის დაკრედიტების ახალი ხარისხობრივი სტანდარტების დაწესებას და ემსახურება მთავრობის მთავარ მიზანს - მდგრადი, გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერას და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას.

„პირველი ინიციატივა გულისხმობს, რომ დაგირავებული ნივთის გარდა კრედიტორი ვერ შეძლებს სხვა ქონება მოსთხოვოს მომხმარებელს ვადაგადაცილების შემთხვევაში. ეს მავნე პრაქტიკა იყო. მომხმარებელი ხშირად იყო დაუცველი. თუ დავუშვათ ადამიანმა აიღო სესხი, დააგირავა ნივთი, შემდეგ მოხდა ვადაგადაცილება და შემდეგ უკვე სხვა ქონებაზე ვრცელდება ეს ვალდებულება, ეს არის ცუდი პრაქტიკა. მაშინ რა აზრი აქვს უზრუნველყოფის სესხს თუ კრედიტორს ისედაც ექნება უფლება სხვა ქონებაზე მოსთხოვოს პასუხი.

რეფორმის მიხედვით, თანხის გადაუხდელობის გამო, დაყადაღდება მხოლოდ არსებული გირავნობის საგანი და ყადაღა არ გავრცელდება სხვა ქონებაზე;

იზღუდება ლომბარდებისა და კერძო გამსესხებლების (ე.წ. მევახშეების) სასარგებლოდ რეგისტრირებული ქონების - ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება;

ეს არარეგულირებადი სფერო იყო, სადაც მომხმარებლების ინტერესების დარღვევის მნიშვნელოვან შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. ჩვენ არ ვკრძალავთ ასეთი ტიპის ტრანზაქციებს. ადამიანები, რომლებსაც სურთ ამ ბიზნესით დაკავდნენ, თუ მოექცევიან რეგულაციების ქვეშ, გაიზიარებენ პასუხისმგებლიანი გაკრედიტების წინადადებებს, მათ ექნებათ უფლება აწარმოონ საქმიანობა.

სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც დღეს შეადგენს 100%-ს, მცირდება 50%-მდე;

გვქონდა შემთხვევები, როდესაც საკრედიტო ხელშეკრულებაში იწერებოდა პროცენტი, თუ რა პროცენტი უნდა გადაეხადა მომხმარებელს, შემდეგ ჩნდებოდა სხვა ტიპის ხარჯები. მაგალითად, სესხის გაცემის საკომისიო, იურიდიული მომსახურების საკომისიო და რეალურად ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოდიოდა უფრო მაღალი. ეს მიუღებელი პრაქტიკაა.

აქედან გამომდინარე, ყველა ინსტიტუტი, ვინც დაკავებული იქნება ფინანსური საქმიანობით, ის ვალდებული იქნება კონტრაქტში დააფიქსიროს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ყველა ხარჯით და ის არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 50 პროცენტს.

ვადაგადაცილების შემთხვევაში, წესდება მსესხებლისათვის დასაკისრებელი ჯარიმების/სანქციების ლიმიტი, რომელიც დაანგარიშდება სესხის ნარჩენი ძირითადი თანხიდან და ვადაგადაცილების ხანგრძლივობის მიუხედავად, არ გადააჭარბებს დარჩენილი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას;

წესდება ლიმიტი სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯის (ჯარიმა, ნებისმიერი საკომისიო, ფინანსური ხარჯი, პირგასამტეხლო) ოდენობაზე და განისაზღვრება წლიური 98.55%-ის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული წლიური 150%-ისა. ზღვარის დაწესებით აღნიშნული ხარჯების ლიმიტი მცირდება 51.45%-ით;

მოძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების გამცემ სუბიექტებს, ე.წ. ლომბარდებს მოეთხოვებათ უზრუნველყონ გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და გონივრულ ვადაში დანერგონ კომპიუტერული პროგრამა, სადაც აღირიცხება ყველა დაგირავებული ნივთი; დღეს რა პრაქტიკაც არის გამჭვირვალობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, და ამასთან, სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევებში ლომბარდების საქმიანობა კრიმინალის წამახალისებელი გახდა, ვინაიდან სხვადასხვა მოპარული ნივთები აღმოჩენილა ლომბარდში.

ვისაც სურს დაკავებული იყოს სრულფასოვანი ფინანსური შუამავლობით, შეუძლია ნებაყოფლობით მოექცეს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ და განახორციელოს ზემოთხსენებული საქმიანობა.

აღნიშნული წესები გავრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე - ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ლომბარდებზე, კერძო გამსესხებლებზე (ე.წ მევახშეებზე) და ნებისმიერ კერძო თუ იურიდიულ პირზე, რომელიც დაკავებულია ამ სფეროში ფინანსური საქმიანობით;

შემოდის ვალდებულება, რომ უძრავი ნივთის ნასყიდობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდეს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, რადგან ადგილი აქვს ე.წ. შავ საკომისიოებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული ინიციატივები სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებთან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

"სარეიტინგო კომპანია „მუდისმა“ (Moody’s) ცალსახად დადებითად შეაფასა ჭარბვალიანობის აღმოფხვრისკენ გადადგმული ნაბიჯები და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუწყობს საბანკო და საფინანსო სექტორში საკრედიტო რეიტინგების გაუმჯობესებას.

რეფორმა აწესებს სამართლიან, ეკონომიკის დაკრედიტებაში გამჭვირვალე და ყველასთვის თანასწორი თამაშის წესებს, ამცირებს რისკებს ეკონომიკაში და ზრდის მოსახლების განკარგვად, რეალურ შემოსავალს.

ახალი ინიციატივა შინაარსობრივ თანხვედრაშია მთავრობის სხვა რეფორმებთან როგორიცაა, სასტარტო კაპიტალის რეფორმა, საგადასახადო მიმართულებით დაანონსებული სიახლეები და აძლიერებს ამ ინიციატივების მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2019
„სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი” - რა იგეგმება ბათუმში 20-21 სექტემბერს?
გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის  დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა (R)
„ვისოლმა“ თვითმომსახურების პირველი ავტოგასამართი სადგური გახსნა
"ჩიპოლინო" – ევროპული საბავშვო აქსესუარები "ავერსის" ქსელში
დღეიდან, ლიბერთის ბარათით Apple Pay-ს საშუალებით გადახდისას ლიბერთის მომხმარებელი 5%-იან ქეშბექს მიიღებს
"ბაზისბანკის" შვილობილი კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებელს ბაზარზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს