საფრთხე იმისა, რომ სირიის აღიარების გავლენით რომელიმე სხვა არაბულმა ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღიაროს, არ არსებობს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან დაადასტურა, რომ დაწყებულია მუშაობა სირიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიმართულებით. აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ საგარეო უწყებაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომელსაც დავით დონდუა შეხვდა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარანტიები. მთელი ცივილიზებული სამყარო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერნეტიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის იმ რეგიონის ქვეყნები, რომელშიც ეს არალეგალური აღიარება მოხდა. ჩვენ აქტიური კონტაქტები გვაქვს ახლო აღმოსავლეთის, სპარსეთის ყურის და აფრიკის არაბულ სამყაროსთან. ამ მხრივ, საფრთხე იმისა, რომ ამას რამე რეაქცია და გავლენა ექნება სხვა სახელმწიფოებისგან, მსგავსი არალეგალური ქმედების განმეორებაზე, არ არსებობს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. ამის საპასუხოდ საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცესი დაიწყო.