რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის თანამედროვე ავტომატური სადგური დამონტაჟდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი, ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის თანამედროვე ავტომატურ სადგურს დაამონტაჟებს. ამის თაობაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ, რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მხარეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობისა და მათ მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე ქალაქში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს უახლოეს პერიოდში, რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, თანამედროვე ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟება აქვს დაგეგმილი. აღნიშნული სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერებების (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი)კონცენტრაციები განისაზღვრება. ინფორმაციის მიღება ონლაინ რეჟიმში მოხდება. მიღებული შედეგების შეფასება კი საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ახალი თანამედროვე სტაციონარული ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მიმდინარეობს. ახალი მობილური სადგურით შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში ჰაერის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა და დაბინძურების გამომწვევი მიზეზების დადგენა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მარინა არაბიძემ.

შეხვედრაზე საუბარი რუსთავის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების მხრიდან, გარემოს დაბინძურებასაც შეეხო.

ბათუმის ქუჩის მოსახლეობა რუსთავში საწარმოო ზოლში არსებული მინიმეტალურგიული საწარმო ,,ჯეოსტილის“ მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას აპროტესტებს. აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პერიოდულად, ღამის საათებში ,,ჯეოსტილი“ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებებს აფრქვევს და გარემოს აბინძურებს.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, ახალი სადგური მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია საწარმოების, მათ შორის ,,ჯეოსტილის“ მიერ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაფრქვევაზე და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებზე.

,, რუსთავის მოსახლეობის ინტერესი ამ საკითხისადმი ძალიან დიდია. მე რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდებს შევხვდი და ვისაუბრეთ ამ თემაზე. ის ხარვეზები თუ რაიმეა საკანონმდებლო კუთხით, უნდა აღმოიფხვრას, მონიტორინგი სწორად და გამჭვირვალედ განხორციელდეს ისე, რომ ეს მოსახლეობისთვისაც გასაგები იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებიც დაიგეგმოს, იმიტომ, რომ ის რეგულაციები, რა რეგულაციებითაც ხდება სანებართვო პირობების შემოწმება, სრულად ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ჩემშიც იწვევს გარკვეულ პროტესტს და მოსახლეობაშიც“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

თანამედროვე ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგური, რუსთავში 4 თვეში დამონტაჟდება და 24-საათან რეჟიმში განახორციელებს ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციების განისაზღვრას. ამჟამად არსებული სადგურის მეშვეობით კი აღნიშნული პროცესის განხორციელება, მხოლოდ სამუშაო დღეებსა და საათებში ხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა