ირაკლი კობახიძე - ჩვენი მთავარი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი - ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი

ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, მომთმენნი, პრაგმატულები და ვფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკის შედეგად, საბოლოოდ, ჩვენი მიზნები ეფექტურად მიიღწევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.

კობახიძე ახალგაზრდებს საქართველოში მიმდინარე პროცესების, პრიორიტეტებისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეყნის გასაძლიერებლად და მრავალი მიმართულებით გასავითარებლად. მისი განცხადებით, საქართველო, რომელიც რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა, ძალისხმევას არ იშურებს საუკეთესო ევროპული სტანდარტების მოკლე ვადებში მისაღწევად.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საქართველო ყველაზე დემოკრატიულ სისტემაზე - საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის.

“ცოტა ხნის წინ საკონსტიტუციო რეფორმა განვახორციელეთ. გადავდივართ სრულ საპარლამენტო მმართველობაზე, რომელიც, გვწამს, რომ ყველაზე დემოკრატიული სისტემაა. ამ სისტემის ფარგლებში შემოგვაქვს პროპორციული საარჩევნო სისტემა და გვჯერა, რომ საპარლამენტო მმართველობა და პროპორციული არჩევნები პლურალიზმს საუკეთესოდ უზრუნველყოფს, თავიდან ავიცილებთ ნებისმიერი ტიპის ავტოკრატიას გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ადრე გვქონდა პრობლემები ავტოკრატიულ რეჟიმთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა, ახალი კონსტიტუციით, ავტოკრატიის საფრთხე თავიდან იქნება აცილებული“, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა განახორციელა. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის, ასევე, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისთვის.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება. “ქართული დემოკრატიის გასაძლიერებლად ამბიციური გეგმები გვაქვს. რა თქმა უნდა, პარლამენტის ინსტიტუციური განვითარება არის ამ რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. გვსურს, გავაძლიეროთ პარლამენტის კანონშემოქმედებითი შესაძლებლობები, ყველაფერს ვაკეთებთ მისი საზედამხედველო შესაძლებლობების გასაძლიერებლად, რათა პარლამენტმა უკეთ გააკონტროლოს აღმასრულებელი შტოს საქმიანობა. ამ მიმართულებით საკმაოდ წარმატებულები ვართ. ჩვენი საპარლამენტო გუნდი საკმაოდ ახალგაზრდა და ამბიციურია. მიუხედავად ასაკისა, პარლამენტარები საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციურნი არიან. ვფიქრობთ, რომ ამ შემადგენლობით, ამ ძლიერი გუნდით, ჩვენ შეგვიძლია, მნიშვნელოვნად გავზარდოთ პარლამენტის ეფექტურობის დონე. გვსურს, რომ მნიშვნელოვნად გაძლიერებული ინსტიტუცია დავუტოვოთ მომდევნო პარლამენტს, რომელიც 2020 წელს აირჩევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებს 2012 წლამდე, ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მდგომარეობასა და ამჟამინდელ ვითარებაზე ესაუბრა. მისი თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები მათი ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლებების დაცვის გაცილებით მაღალი სტანდარტით სარგებლობენ.

“დემოკრატიული განვითარების კუთხით, ჩვენ საკმაოდ წარმატებულები ვართ, მაგრამ გვსურს, მივაღწიოთ უფრო მაღალ სტანდარტს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ. საქართველოს პარლამენტი აქტიურად არის ჩართული შესაბამისი რეფორმის განხორციელებაში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური განვითარება. “ჩვენ სწრაფად უნდა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა ეკონომიკური და სოციალური განვითარების ევროპული სტანდარტების მისაღწევად და ეს არის სწორედ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. პარლამენტი ძალიან აქტიურად არის ჩართული ეკონომიკური რეფორმების იმპლემენტაციაში. ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა ეკონომიკური განვითარების გეგმა - ე.წ. ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა. ახლა ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში - 4.8%. რეგიონში ჩვენ ვგულისხმობთ არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ უფრო ფართო რეგიონს. ასე რომ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პროგრესს განვიცდით და ვვითარდებით, მაგრამ ამავდროულად, გვსურს მივაღწიოთ უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას და ეკონომიკური განვითარების ევროპულ სტანდარტებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზეც და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ ქვეყანას ეს ისტორიული ფუნქცია დაუბრუნოს.

“საქართველო, ისტორიულად, ასრულებდა სატრანზიტო როლს და აკავშირებდა ევროპას აზიასთან, დასავლეთს - აღმოსავლეთთან. ეკონომიკური განვითარების მხრივ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომ ჩვენს ქვეყანას ეს ისტორიული ფუნქცია დავუბრუნოთ. ახლა საქართველო ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ევროკავშირთან, თურქეთთან და ასევე, ჩინეთთან. ეს ვითარება ქმნის ძალიან კარგ შესაძლებლობას იმისთვის, რომ დავაკავშიროთ დასავლეთი აღმოსავლეთთან, ევროპა - აზიასთან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ სატრანზიტო ფუნქციის სრულყოფილად შესრულებაში საქართველოს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურული პროექტები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტუდენტებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. მისი თქმით, ქვეყანას მკაფიო მიზნები აქვს, რაც 2016 წელს მიღებულ სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაშია ასახული.

“ჩვენი მთავარი მიზანია, გავხდეთ ევროკავშირისა და ნატო-ს სრულფასოვანი წევრი. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული მოკლე ვადებში. ამას გარკვეული დრო დასჭირდება. უნდა განვახორციელოთ რეფორმები ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოსასვლელად. ამ რეფორმებს ვახორციელებთ არა მხოლოდ იმისთვის, რომ ნატოს და ევროკავშირის წევრი გავხდეთ, არამედ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, გავაძლიეროთ ქართული დემოკრატია, ქართული ეკონომიკა, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ თანმიმდევრულები ვართ ჩვენს ძალისხმევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი საბოლოო მიზანი - ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრობა, აუცილებლად იქნება მიღწეული. იქნება დაბრკოლებები, სირთულეები, მაგრამ ჩვენ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ძალისხმევას. ნატოსა და ევროკავშირის წევრობა არ უკავშირდება მხოლოდ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას, ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. გვჯერა, რომ ვეკუთვნით დასავლურ სამყაროს და ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა