მეუფე ზენონი ხელისუფლებას მოუწოდებს, ხალხში სამართლიანობის განცდა აღადგინოს

თანატოლთაგან სიკვდილისთვის უმოწყალოდ გამეტებული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის გულდამწვარო მშობლებო და ოჯახის წევრებო, მიიღეთ ჩვენი თანადგომა და მზრუნველობა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრები მრავალათასიანი ქრისტიანული ქართული თემის სახელით, - ამის შესახებ განცხადებას დმანისისა და ლორე-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

სასულიერო პირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ხალხში აღადგინოს სამართლიანობის განცდა.

„თანატოლთაგან სიკვდილისთვის უმოწყალოდ გამეტებული დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის გულდამწვარო მშობლებო და ოჯახის წევრებო. მგლოვიარეთა და ჩაგრულთა შეუპოვარო ჭირისუფალო საქართველოს მოქალაქენო!

მიიღეთ ჩვენი თანადგომა და მზრუნველობა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მცხოვრები მრავალათასიანი ქრისტიანული ქართული თემის სახელით.

ჩვენი მზერა ეს დღეებია შეუჩერებლად მოპყრობილია სამართლიანობისათვის მებრძოლი თქვენი მამაცი და მგრძნობიარე გულებისაკენ. ჩვენი მზერა და მწუხარება მოპყრობილია უმწიკვლო ჭაბუკთა სასიკვდილოდ დასერილი გულების თანა განგმირული თქვენი გულებისაკენ! ასევე მოგმართავთ იმ ახალგაზრდების მშობლებს, რომელთა ხელებმაც შეაჩერეს მათი თანატოლების სიცოცხლის მოტრფიალე გულისცემა: ამაღლდით ყოველგვარ ეგოისტურ გრძნობაზე მაღლა და გააღვიძეთ შვილებში დანაშაულზე პასუხისმგებლობა! ნუ აქცევთ თქვენს შვილებს მოარულ ხიზნებად და მათივე ბოროტების მსხვერპლად!

გამბედაობას გვაძლევს ჩვენ ბატონ ზაზა სალარიძის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით აღსავსე განცხადება, რომ არ სურს მისი შვილის მეგობრები უსამართლობის განცდის მიზეზით დაადგნენ შურისძიების გზას. მოგმართავთ ხელისუფლებას, დაიცავით და აღადგინეთ ხალხში სამართლიანობის განცდა, რადგან უსამართლობა შობს სიძულვილს და მსხვერპლს.

შეძრწუნებულო საქართველოს შვილებო, იყოს მეფობა თქვენს გულებს შორის სიყვარულის და სამართლიანობის შემოქმედი ღმერთის. ქრისტესში თქვენი სიყვარულის მსახურთა მსახური ზენონი, დმანისისა და ლორე-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი... ლონდონი 2018 წელი“, - წერია მთავარეპისკოპოსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა