ქართული პრესის მიმოხილვა 02.06.2018

ზაზა სარალიძე: "ჩემი შვილის სული არ იყიდება".

"არ გაბედონ კონტრაქციის მოწყობა და ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება - "ქართულ ოცნებას" ასეთ რამეს აღარ აპატიებენ

ვაზიანში თავდაცვისთვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამა დაიწყო / სასაზღვრო პოლიცია ნატოს აქტიური პარტნიორი ხდება / ქვეითი პატრული ახალი სამხრე ვიდეოკამერებით / "დიდგორიდან" სახანძრომდე... / ბრიგადის დონის ტაქტიკური საშტაბო სწავლება: "ერთობლივი ძალისხმევა" / ქართული თევზსაჭერი სეინერები სამხედრო ფლოტის სამსახურში /

* * *

ზაზა სარალიძე: "ჩემი შვილის სული არ იყიდება"

"პარლამენტთან აქციები კვლავ გრძელდება. 1 ივნისს 4 საათისთვის დაანონსებული აქცია ბევრად უფრო ადრე დაიწყო. მოგვიანებით რუსთაველის გამზირი აქციის მონაწილეების სიმრავლის გამო გადაიკეტა. აქციას 51-ე სკოლისა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ლოზუნგით - "სისტემა ისევ კლავს" შეუერთდნენ. აქციაზე იქვნენ პოლიტიკოსებიც, თუმცა ისინი ტრიბუნასთან არ მისულან", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ზაზა სარალიძე: "ჩემი შვილის სული არ იყიდება".

"აქციაზე სიტყვით შვილმკვდარი მშობლები გამოვიდნენ, მათ შორის იყვნენ ბარბარე რაფალიანცის დედა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომლებიც სპეციალურად ამ აქციისთვის ჩამოვიდნენ. ისინი ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებდნენ და მის გვერდით იდგნენ. პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი. კარავში გაატარა მთელი ღამე ზაზა სარალიძემ, რომელთანაც 1 ივლისს პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად მივიდა. შემდეგ სარალიძეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუსმინა. მოგვიანებით კარავში შვილმკვდარ მამასთან საპატრიარქოს წარმომადგენელი რამდენიმე დეკანოზი მივიდა. შეხვედრა დახურული იყო, საპატრიაქროს წარმომადგენლებს პრესასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ზაზა სარალიძემ აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა - "ცდილობენ მთავრობა და სუსი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკოსებთან გააიგივონ. მესმის რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემს უკან. მე ინფორმაცია მაქვს, რომ თბილისის სხვადასხვა ქუჩებში აქციებია დაგეგმილი და ისინი ჩვენთან არ მოდიან იმის გამო, რომ თითქოს აქ ვირაც პოლიტიკოსები არიან. მე ჩემი შვილის სულს არავის არ მოვყიდი, ჩემი შვილის სული არ იყიდება, ხალხო, ნუ ცდილობენ მთავრობა და სუსი, რომ ეს ტრაგედია პოლიტიკასთან გააიგივონ. ისევ ცდილობს სისტემა, რომ მომატყუოს, თითქოს გამოსაძიებლად გახარიასთან წავა საქმე. გახარიას 2 თვის წინ ვემუდარებოდი, შემხვდი-მეთქი. დღესაც არ მაქვს მისგან გამოხმაურება. ჩვენი შვილების მკვლელების სისტემა უნდა დაინგრეს!... პრესასთან სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ბევრი დეტალია საქმეში, რაც ეჭვს იწვევს და ყველა ამ დეტალის გამოძიებამდე მიტანას აპირებს. ევროპული საქართველოს" წევრის ოთარ კახიძის თქმით, "მთავრობას ქვეყნის მართვის რესურსი არ აქვს და ლოგიკურია, რომ სიტუაცია ვადამდელი არჩევნების გზით უნდა განიმუხტოს...", - განაგრძობს გამოცემა.

"მე სკოლის მოსწავლე ვარ. ორივეს - ლევან დადუნაშვილსა და დათუნა სარალიძეს ვიცნობდი. გაკვეთილების შემდეგ სახლში ვერ წავიდოდი მშვიდად, თითქოს არაფერი ხდება ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად წამოვედით აქციაზე. ჩვენ ჩვენი მეგობრების გვერდით ვდგავართ, რომლებიც მოგვიკლეს, მაგრამ სამართალს ვერ ვპოულობთ - ამის განცდა ძნელი აღმოჩნდა. 6 თვეა გვეუბნებიან, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ გაირკვა, რომ დამნაშავეები არათუ დაისაჯნენ, ქუჩაში ყოფილან თავისუფლებაზე. ამასთან შეგუება ძალიან რთულია. ჩვენი მოთხოვნაა - სისტემა უნდა დაინგრეს. სისტემა რომელიც გვატყუებს, რომელიც თავის მთავარ ფუნქციას არ ასრულებს. სისტემამ გვითხრა მოკვდი, მაგრამ არა უშავს, შენი მკვლელი არ დაისჯება. ჩვენ ვერ ავაშენეთ დემოკრატიული სახელმწიფო, რადგან ისევ საბჭოურად აზროვნებს თაობა, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია. ჩვენ არ ვართ ელიტა, ვიღაცები კი არიან ელიტა და მათთვის ყველაფერი მოსულა. სანამ ამ განწყობით ვიქნებით, არაფერი გვეშველება. თუმცა მათ ავიწყდებათ, რომ ქვეყანაში ჩვენ ვართ უმრავლესობა და მათ არაფერი გამოუვათ. დრომოჭმული აზროვნება უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას სკოლის მოსწავლე სანდრო ჩხეიძე.

"1 ივნისს მიტინგზე მსჯელობა ახალ მთავარ პროკურორთან დაკავშირებითაც გაიმართა. აქციაზე მისული პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას მთავარი პროკურორის პოსტს არ დაუთმობენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურორი საზოგადოების ფართო კონსენსუსი შედეგად უნდა იყოს შერჩეული და მის შერჩევაში მონაწილეობა არასამთავრობო სექტრომა და სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა მიიღოს. ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე ანა დოლიძე უნდა დაინიშნოს - "მე ფეისბუკზეც დავწერე, რომ ვითარების განმუხტვისთვის აუცილებელია მთავარი პროკურორის თანამდებობაზე პრინციპული, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილის ადამიანის მხარდაჭერა. მე პირადად ასეთ მოქალაქედ და პროფესიონალად მიმაჩნია ანა დოლიძე", - განაცხადა ელისაშვილმა. ნინო ლომჯარიას თქმით, უნდა მოხდეს ისეთი კანდიდატურის დასახელება, რაც მისაღებია ფართო საზოგადოებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება", - დასძენს გამოცემა.

"არ გაბედონ კონტრაქციის მოწყობა და ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება - "ქართულ ოცნებას" ასეთ რამეს აღარ აპატიებენ

"დედაქალაქის მერმა გაავრცელა განცხადება, რომ აქციის მონაწილეების დესტაბილიზიციას ვგეგმავთ. მინდა დავამშვიდო ყველა, რომ ჩვენი მხრიდან არანაირი დესტაბილიზაცია არ იგეგმება. ერთადერთი ძალა, ვისაც არეულობა სურს, ეს არის "ქართული ოცნება". მათ უკვე არაერთხელ სცადეს დესტაბილიზაციის მოწყობა. ამას გარდა სერიოზული მუშაობა მიდის იმაზე, რომ მოხდეს ამ საპროტესტო ტალღის დისკრედიტაცია. აქციის მონაწილეებისთვის რომ ტალახი ესროლათ, ამაში მთელი სახელმწიფო აპარატი იყო ჩართული. აქტიურად მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური", - აცხადებს საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" წარმომადგენელი დიმიტრი ბიძინაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ხელისუფლება არეულობის მოწყობას აპირებს" / დიმიტრი ბიძინაშვილი: "გამწარებულ ხალხს უკვე ვერაფერი შეაჩერებს".

"ამ წლების მანძილზე ბევრი ახალგაზრდა გამოასალმეს სიცოცხლეს, პროკურატურა არის უმოქმედო და ამ საქმეების გამოძიება არ სურს. ძალიან ბევრი მკვლელობა მოხდა  და თბილისი გადაიქცა "სიკვდილით სავსე ქალაქად" - მოვუწოდებ კალაძეს ჩართოს პირდაპირი ეთერი და კარგად მოუსმინოს, რა განცხადებები კეთდება აქციაზე - შვილმკვდარი მშობლები მკვლელების დასჯას მოითხოვენ და არეულობის მოწყობას არავინ აპირებს... პროვოკატორების "ქართულ ოცნებაში" მოიკითხონ - 31 მაისს და 1 ივნისს აქციიდან რამდენიმე შემოგზავნილი პროვოკატორი, რომლებიც ხალხს უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ და დაპირისპირების გამოწვევას ცდილობდნენ, გავაძევეთ. ჩვენი ლოზუნგია, "ნუ მოკლავ, არასრულე სამართალი" - ამ ლოზუნგის ქვეშ შეკრებილმა ხალხმა რატომ უნდა დაარღვიოს კანონი? კარგი იქნება თუ ბატონი კალაძე ადეკვატურად შეაფასებს ვითარებას და პროვოკაციული განცხადებებისგან თავს შეიკავებს. ის არის ქალაქის მერი, კეთილი ინებოს და მოქალაქეებს მისცეს საშუალება თავისუფლად დააფიქსირონ თავისი პოზიცია... "ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია ხალხს აღარ უსმენს. სწორედ ამის გამოძახილი იყო ის, რაც კვირიკაშვილს დაემართა - ყველამ ნახა როგოდ "პატივცემულად" მოექცნენ აქციის მონაწილეების პრემიერს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიმიტრი ბიძინაშვილი და შეკითხვაზე - "თქვენი აზრით ასეთი მოქცევა კარგი საქციელი იყო?" - პასუხობს:

"კარგი არ იყო, მაგრამ ეს არის ხელისუფლების ბრალი. საზოგადოება რომ პრემიერს აღარ უსმენს, ეს ქვეყნისთვის დიდი სირცხვილია. ყველა ხელისუფლებამ გაითავისოს, რომ ხალხს უნდა მოუსმინონ - ვიდრე ხალხის მოსმენას არ ისწავლიან, მშვიდად ვერ წავლენ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოუსმინოს ხალხს და პროვოკაციების მოწყობაზე უარი თქვას. არ გაბედონ კონტრაქციის მოწყობა და ქართველების ერთმანეთთან დაპირისპირება - "ქართულმა ოცნებამ" ისედაც ძალიან გაამწარა ხალხი და ასეთ რამეს აღარ აპატიებენ. ახლა ყველაფერი "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული - ან აღასრულებენ სამართალს ან ხალხის რისხვა დაატყდებათ. ასეულობით სტუდენტი მოვიდა აქციაზე, მათი ქუჩაში გამოყვანა ყოველთვის ჭირდა, მაგრამ ახლა ისინი თავად გამოვიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას უკვე ძალიან ცუდად აქვს საქმე".

ვაზიანში თავდაცვისთვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამა დაიწყო / სასაზღვრო პოლიცია ნატოს აქტიური პარტნიორი ხდება / ქვეითი პატრული ახალი სამხრე ვიდეოკამერებით / "დიდგორიდან" სახანძრომდე... / ბრიგადის დონის ტაქტიკური საშტაბო სწავლება: "ერთობლივი ძალისხმევა" / ქართული თევზსაჭერი სეინერები სამხედრო ფლოტის სამსახურში /

"2018 წლის 18 მაისი, წესით, ისტორიულ მოვლენად უნდა იქცეს, თუმცა ეს დღე შეგვეძლო 10-12 წლის წინაც გვეზეიმა, რადგან საქართველოს წინაშე მდგარი რეალური სამხედრო საფრთხეები მაშინაც კარგად იყო ცნობილი. მაგრამ მაშინ ქართულ არმიას ერაყში საერთაშორისო სამშვიდობო მისიისთვის ამზადებდნენ, ქართველ სამხედროებს გზებზე პატრულირებასა და ჩეკ-პოინტების მოწყობას ასწავლიდნენ და არა სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო დანაყოფებისა და საბრძოლო ავიაციის შემოტევების მოგერიებას. მაშინ "არსენალი" გამუდმებით ამახვილებდა ყურადღებას მეზობელი რუსეთიდან სამხედრო აგრესიის რეალურ საფრთხეზე, რომლის თვალსაჩინო ნიშნები ჯერ კიდევ 2004 წლის ცხინვალის ომის დროს გამოჩნდა, როდესაც რუსული არმიის საბრძოლო დანაყოფები უკვე როკის გვირაბს მოადგნენ და მზად იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაჭრელად. იმ მომენტში საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან გამოიყვანა არმიის ქვედანაყოფები, რამაც შეასუსტა დაძაბულობის დონე და ვერც კრემლმა გაბედა ის, რაც ზუსტად ოთხი წლის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში მაინც მოიმოქმედა...", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (N6, ივნისი, 2018) სტატიაში სათაურით რეალური საფრთხეების გასამკლავებლად... / ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამა დაიწყო.

"ამ ოთხწლიან პერიოდში მაშინდელ ხელისუფლებას საკმაო დრო და სახსრები ჰქონდა, რომ ქართული არმიის პირადი შემადგენლობა რეალური საფრთხეების, ანუ რუსული ტანკებისა და მოიერიშეების მოსაგერიებლად გაეწვრთნა და არა მარტო გზებზე მანქანების შესამოწმებლად. უფრო მეტიც, მაშინდელ საიდუმლო დოკუმენტებში, რომლებშიც არსებული საფრთხეების დონეები განისაზღვრებოდა, სრულიად უგულებელყოფილი იყო რუსეთიდან პირდაპირი სამხედრო აგრესიის უბრალო ალბათობაც კი. 2008 წლის აგვისტოს ომმა მწარედ დაგვანახვა ქართული არმიის მომზადების სტრატეგიასა და ტაქტიკაში დაშვებული კატასტროფული შეცდომები, მაგრამ საოცრება - აგვისტოს ომის შემდგომაც ქართული არმიის მომზადება ისევ ასიმეტრიული ომისთვის, ამჯერად ავღანეთში გაგრძელდა. ავღანელ თალიბებს არც ტანკები ჰყავთ და არც თვითმფრინავები და, ბუნებრივია, იქ ქართველი სამხედროები ვერ ისწავლიდნენ ტანკის აფეთქებასა და თვითმფრინავის ჩამოგდებას. ავღანეთში ისევ გაგრძელდა გზებზე პატრულირება, კონვოის გაცილება თუ ჩეკ-პოინტებზე დგომა, რისი ცოდნაც, ბუნებრივია, აუცილებელია, მაგრამ ეს სჭირდება იმ ქვეყნის არმიას, რომელმაც ომში უკვე გაიმარჯვა, აკონტროლებს ტერიტორიებს, კომუნიკაციებს და მოწინააღმდეგის პარტიზანულ გამოხდომებს ახშობს. საქართველოს რეალობა კი სხვაა, ქვეყნის ორი რეგიონი ოკუპირებულია და რუსული სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ ავღანელი თალიბების მდგომარეობაში, რადგან მოწინააღმდეგე, სამწუხაროდ, მალევე დაეუფლება სრულ უპირატესობას ხმელეთზე, ზღვაზე და, რა თქმა უნდა, ჰაერში.", - აღნიშნავს გამოცემა.

"ამიტომაც ქართული არმიის მებრძოლების წინასწარ გაწვრთნა სავარაუდო მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის ასაფეთქებლად და ავიაციის დასაზიანებლად ძალზე საშურო საქმე იყო აგვისტოს ომამდეც, მას შემდეგ პერიოდში და ახლაც არ კარგავს აქტუალურობას. როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - აგვისტოს ომიდან მეათე წლისთავზე იწყება ქართული არმიის გადამზადება სწორედ იმ პროგრამით, რომელმაც უნდა გააძლიეროს მისი ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები. 18 მაისს ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამა დაიწყო, რომელსაც ცხრა სამანევრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, ანუ 5 ათასამდე მებრძოლი გაივლის. პიონერები მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მებრძოლები გახდნენ, რომლებსაც საბრძოლო მომზადების ცენტრის ქართველი და აშშ-ის 173-ე საპარაშუტო ბრიგადის ინსტრუქტორები გაწვრთნიან. აგვისტოს ომში 43-ე ბატალიონს, სამწუხაროდ, მცირე მსხვერპლი არ ჰქონდა და ამ ბატალიონის დღევანდელი პირადი შემადგენლობა ვალდებულია გულმოდგინედ გაიაროს გადამზადება, რადგან საჭიროების შემთხვევაში დაღუპული თანამებრძოლების ჯავრი იყაროს", - განაგრძობს გამოცემა.

"საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო ორ წელში 120 მლნ დოლარის დახმარება გამოუყო. ამ თანხით შევისყიდეთ 2 ათასამდე ახალი ავტომატური კარაბინი, 400 ერთიანი ტყვიამფრქვევი, ღამის ხედვისა და კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა აღჭურვილობა, რომლითაც ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრში ბატალიონები გადაიარაღდებიან, ნურც მესამე თაობის ტანკსაწინააღმდეგო მართვად სარაკეტო კომპლექს "ჯაველინებს" დავივიწყებთ, რომლებითაც ბევრად ადვილია რუსული ტანკების აფეთქება. რუსეთის მილიონიან არმიასთან თანასწორად გამკლავება 40-ჯერ მცირერიცხოვან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ძალზე გაუჭირდება, მაგრამ ქართულ არმიას უნდა შეეძლოს მგრძნობიარე დარტყმების მიყენება შეტევაზე გადმოსული აგრესორისთვის, რათა ის ერთი-ორი კვირით მაინც შეაჩეროს, სანამ დასავლელი პარტნიორები და გაეროს უშიშროების საბჭო პოლიტიკური გზებით აიძულებენ მას აგრესიის შეწყვეტას", - დასძენს გამოცემა.

"დღეს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტებია: სახმელეთო საზღვრის დაცვის გაძლიერება, სანაპირო დაცვის ფლოტის და სასაზღვრო ავიაციის მოდერნიზება, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) განვითარება, სასაზღვრო პოლიციის ტექნოლოგიური გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განახლება, ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწა და ანალიტიკური შესაძლებლობების გაზრდა. ამასთან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის განვითარებისა და სახელმწიფო საზღვრის ეფექტიანად დაცვისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და გააქტიურება", - აცხადებს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე ჟურნალ "არსენალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სასაზღვრო პოლიცია ნატოს აქტიური პარტნიორი ხდება.

"სახმელეთო საზღვრის დაცვის კომპონენტის გაძლიერება სასაზღვრო პოლიციის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს. მოვახდინეთ სახმელეთო საზღვრის დაცვის საჭიროებების იდენტიფიცირება და აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უაღრესად მნიშვნელოვანია მესაზღვრეთა პროფესიული და კარიერული განვითარების სრულფასოვანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ პოლიციის აკადემიასთან და ვგეგმავთ რამდენიმე ახალი კურსის დანერგვას. ასევე, ვმუშაობთ ადამიანური კაპიტალის გაძლიერებაზე, შიდა რესურსის განვითარებასა და სხვადასხვა პროფილის ტრენერთა ჯგუფების ჩამოყალიბებაზე. პრიორიტეტულია მესაზღვრის პროფესიის პოპულარიზაცია და ახალგაზრდა თაობის მოზიდვა. შესაბამისად, გამოვაცხადეთ ღია კონკურსი და ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თემურ კეკელიძე.

"შს სამინისტროში შემუშავდა საზღვრის რისკების შეფასების ერთიანი მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის რისკის ანალიზის ინტეგრირებულ მოდელს (CIRAM). ამ მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით სასაზღვრო პოლიციაში უკვე მიმდინარეობს ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავება. ოპერაციულ და ტაქტიკურ დონეებზე ანალიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით შსს-ს აკადემიასთან ერთად მიმდინარეობს შესაბამისი სასწავლო პროგრამის შემუშავება მესაზღვრეებისათვის და უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება, რომ დავიწყოთ მესაზღვრეთა ეტაპობრივი გადამზადება... უმნიშვნელოვანესია სანაპირო დაცვის შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. მოგეხსენებათ, სამხედრო ფლოტი არა გვყავს, ამიტომ სანაპირო დაცვა პასუხისმგებელია როგორც საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე, ასევე საკვანძო როლი აკისრია ქვეყნის საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამასთან, სანაპირო დაცვა წარმოადგენს საზღვაო სივრცეში ნატოსა და მოკავშირე ქვეყნებთან თანამშრომლობის მთავარ ინსტრუმენტს", - განაგრძობს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

"დაწყებულია სანაპირო დაცვის ფლოტის მოდერნიზება. ამერიკულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ორი "აილენდის" კლასის სადარაჯო ხომალდი გადმოეცემა, რომელიც დღეს არსებულ მცურავ საშუალებებთან შედარებით მოცულობითია, მრავალფუნქციური და ღია ზღვაში ავტონომიურად ოპერირების უფრო ხანგრძლივი პერიოდი აქვს. მიმდინარეობს მუშაობა სანაპირო დაცვის სხვა მცურავი საშუალებების მოდერნიზაციისა და ოპტიმიზაციის, ასევე ტექნოლოგიური საშუალებების განახლებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიცია წარმართავს საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის (JMOC) საქმიანობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით ჩამოყალიბდა. იგი ეფექტიანი ინსტრუმენტია ქვეყნის შიგნით, ისევე როგორც საერთაშორისო დონეზე საზღვაო ვითარების შესახებ ინფორმაციის სწრაფად გასაცვლელად და წარმოადგენს საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული ვითარების შესახებ ერთიანი ოპერაციული სურათის შექმნის, კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა აღკვეთის, ძებნა-გადარჩენის ოპერაციების ხელშეწყობის მექანიზმს. დაწყებულია JMOC-სა და ნატოს ნაოსნობის ცენტრს შორის სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბება. იგეგმება თანამშრომლობის განვითარება სხვა საერთაშორისო პარტნიორებთანაც", - განმარტავს რესპონდენტი.

"სასაზღვრო პოლიციას 10 სახელმწიფოსთან აქვს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელთა საფუძველზეც რეგულარულად მუშავდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები და პრიორიტეტები. განსაკუთრებით მსურს გამოვყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაში როგორც სახმელეთო, ისე სანაპირო დაცვაში. საქართველო წარმოადგენს ევროკავშირთან აღმოსავლეთპარტნიორობის ფორმატში ჩართულ ქვეყანას, რომელსაც აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის ქმედითი მექანიზმები შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX) თანამშრომლობა. სასაზღვრო პოლიცია აქტიურად არის ჩართული ევროკავშირის გარე საზღვრებზე FRONTEX-ის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ ოპერაციებში"- ამბობს თემურ კეკელიძე.

"სასაზღვრო პოლიციას თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციაშიც. სასაზღვრო პოლიცია ჩართულია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ყველა ინსტრუმენტით გათვალისწინებულ ფორმატებში, რაც საქართველოს აქვს. ჩვენ ვახორციელებთ საზღვაო უსაფრთხოების პროექტს ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, ამასთან, აქტიურად ვართ ჩართული წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) შემუშავებასა და განხორციელებაში. შესაბამისად, ვფიქრობ, ჩემი 17-წლიანი გამოცდილება უსაფრთხოებისა და დიპლომატიურ სამსახურში ნამდვილად დამეხმარება მაქსიმალური წვლილი შევიტანო სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში...", - დაასკვნის სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

"საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რეფორმირება ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ერთ-ერთი კომპონენტია პატრულ-ინსპექტორების ახალი სამხრე კამერებით აღჭურვა. კონკრეტულად, 1-ლი მაისიდან ქალაქ თბილისის, შემდეგ კი რეგიონების ეკიპაჟებს სამხრე კამერები გადაეცემათ. 2018 წლის განმავლობაში თბილისში პირველ ეტაპზე 1281, ხოლო საქართველოს მასშტაბით საპატრულო პოლიციის ინსპექტორებს სულ 2280 სამხრე ვიდეოკამერა დაურიგდებათ. სამხრე კამერების წარმოების მსოფლიო ლიდერად ამერიკული კომპანია Axon-ი ითვლება და მისი მახასიათებლებია: ჩანაწერების გაუმჯობესებული ხარისხი და ხანგრძლივობა, 9-საათიანი სამუშაო რეჟიმი, ვიდეოჩანაწერის მაქსიმალური, 12-საათიანი ხანგრძლივობა; მეხსიერების მოცულობა 64 გბ და ცენტრალიზებული მართვის შესაძლებლობა. ახალ კამერებს ძველთან შედარებით ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრები აქვს, რაც მოიცავს უფრო ხანგრძლივ სამუშაო და ჩაწერის რეჟიმებს, ასევე, ცენტრალიზებული მართვისა და მონაცემთა შენახვის შესაძლებლობებს", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ქვეითი პატრული ახალი სამხრე ვიდეოკამერებით / საპატრულო პოლიციის ახალი ეტაპის სიახლეები.

"საპატრულო პოლიციის რეფორმის ფარგლებში გახსნილი ერთიანი მომსახურების ცენტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ დაათვალიერეს და სერვისების ერთ-ერთი პირველი მომხმარებლები გახდნენ. ახალი ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე, აქვს ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემები. ცენტრში ასევე დანერგილია ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. ამასთან, მომსახურების ცენტრში ამოქმედდა საინფორმაციო-სატელეფონო ცენტრი – 2 41 42 42, რომელიც მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციისა და სერვისების ოპერატიულად მიწოდებას უზრუნველყოფს. ახალშექმნილი ცენტრი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმის ძირითადი კომპონენტია. შს სამინისტროში გასულ წლებში გატარებული რეფორმა, ძირითადად, საპატრულო პოლიციის მხოლოდ ფრონტოფისს შეეხო, ბექოფისში კი ადმინისტრაციული საქმის წარმოება კვლავ ძველი სისტემით, ქაღალდზე მიმდინარეობდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"ახალმა ცენტრმა საპატრულო პოლიციის ე.წ. მე-12 ოთახი ჩაანაცვლა. პირველ ეტაპზე ერთიანი მომსახურების ცენტრი, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, მოქალაქეებს საჭირო საპოლიციო მომსახურებას ერთ სივრცეში გაუწევს. საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიანი ცენტრი რეგიონში ერთ-ერთი თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრია, სადაც "ერთი სარკმლის" პრინციპი მოქმედებს: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება ან ჯარიმით შეცვლა, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღება, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობის მიღება, სულ 50-მდე საპოლიციო სერვისი. ცენტრში ასევე იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხე, რომელიც მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს გარკვეულ სერვისებს შესთავაზებს. ცენტრის გახსნის შემდეგ პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი საპატრულო პოლიციის ახალ ტექნიკურ აღჭურვილობასა და სამხრე კამერების გაუმჯობესებულ პარამეტრებს გაეცნენ. აღინიშნა, რომ საპატრულო პოლიციის რეფორმა, მათ შორის პატრულ-ინსპექტორების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა, საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით მიმდინარეობს" - განაგრძობს გამოცემა.

"შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის რეფორმების შესაბამისად, 21 მაისიდან თბილისის ქუჩებში ქვეითმა პატრულმა დაიწყო მუშაობა. პირველი სამუშაო დღის დაწყებამდე, ქვეით პატრულებს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა, ახალი დანაყოფის მოვალეობასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა, დავალებები მისცა და წარმატებები უსურვა. ამ ეტაპზე, პატრულის თანამშრომლები, დედაქალაქის იმ უბნებსა და ქუჩებში, სადაც გასართობი ინფრასტრუქტურაა განთავსებული, პატრულირებას ქვეითად განახორციელებენ. საპატრულო პოლიციის ახალი დანაყოფის ძირითადი ამოცანაა აღნიშნულ ლოკაციებზე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათთვის შესაბამისი საპოლიციო სერვისების მიწოდება. ქვეითი პატრული აღჭურვილია თანამედროვე საპოლიციო სისტემებით, - მათ შორის, უახლესი თაობის სამხრე ვიდეოკამერებით და დღე-ღამის ყველაზე აქტიურ მონაკვეთში, წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიებზე განახორციელებენ პატრულირებას, კერძოდ: შარდენის, ბამბის რიგის, კოტე აფხაზის, ტაბიძის, ვერცხლის ქუჩებზე, ასევე, ევროპის, ვახტანგ გორგასლის, საარბრიუკენის მოედნებზე, დავით აღმაშენებლის გამზირსა და აბანოთუბნის ტერიტორიაზე", - დასძენს გამოცემა.

"პირველ ეტაპზე, პატრულირებას ქვეით პატრულთა 10 ჯგუფი განახორციელებს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს. კანდიდატთა შერჩევისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მათ პიროვნულ ჩვევებსა და კომუნიკაციის უნარებზე. ყველა მათგანი ფლობს ერთ ან მეტ უცხო ენას, რაც აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან ურთიერთობისას, აგრეთვე საპოლიციო სერვისების უზრუნველყოფისთვის. ქვეითი პატრულის ჯგუფები აქტიურად ითანამშრომლებენ მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული გასართობი და სხვა ობიექტების კერძო უსაფრთხოების სამსახურებთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ სამართალდარღვევის ფაქტებზე რეაგირება და განახორციელონ პრევენციული ღონისძიებები. ქვეით პატრულ-ინსპექტორთა ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა ტურისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოვლენა, მათთვის საქართველოში მოქმედი კანონების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი გადამისამართება მომსახურების სპეციალურ ცენტრებთან. ზაფხულის სეზონის გააქტიურებასთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ქვეით პატრულ-ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს", - წერს სტატიის ავტორი.

"ხანძარი არანაკლებ საშიში მტერია, ვიდრე ტანკებით წამოსული მოწინააღმდეგე და ეს საფრთხე შარშან მთელმა ქვეყანამ იგრძნო - საქართველოში არ დარჩენილა კუთხე, სადაც ტყის ხანძარი არ მძვინვარებდა. სხვა საკითხია, ეს ტყის ხანძრები მართლაც გვალვამ გამოიწვია თუ ხელოვნურად გაჩნდა, თუმცა მეხანძრე-მაშველები ხანძრებთან საბრძოლველად ყოველთვის მზად უნდა იყვნენ, ამისთვის კი მათ თანამედროვე და ეფექტიანი სპეციალური ტექნიკა სჭირდებათ. დღეს ქართველი მეხანძრე-მაშველების განკარგულებაში (ძირითადად, რეგიონებში) 250-მდე "ზილის" ტიპის სახანძრო მანქანაა, რომლებიც 1968-2000 წლებშია გამოშვებული. "ზილს" 2-2,5 ათასი ლიტრი წყალი და 150 ლიტრი ქაფი მიაქვს, მაგრამ მისი ბენზინის ძრავა ძალიან არაეკონომიურია. ამასთან, სამაშველო აღჭურვილობა სახანძრო "ზილში" არ ეტევა და გამოძახებაზე საჭიროა "ტოიოტას" პიკაპის (მაშველების განკარგულებაში 95-მდე ასეთი პიკაპია) გაშვებაც, რომელშიც მაშველები სხედან და სპეციალური სამაშველო აღჭურვილობა დევს", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "დიდგორიდან" სახანძრომდე...

"ახალშექმნილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხუთწლიანი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის ძირითადი ნაწილი სახანძრო მანქანების მოძველებული პარკის განახლებას ითვალისწინებს, მაგრამ როგორც მსოფლიოს ქვეყნების სახანძრო ტექნიკის ბაზრის დეტალურად შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, თანამედროვე სახანძრო მანქანის შესყიდვა დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, მაგალითად, საშუალო ზომის ახალი სახანძრო მანქანა, რომელსაც 2 ათას ლიტრამდე წყალი გადააქვს, 200 ათას ევროზე ძვირი ღირს, არადა, საქართველოს 150 სახანძრო მანქანა მაინც სჭირდება. ამიტომაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გამოთქვა ინიციატივა, დანახარჯების 20-30%-ით შემცირების მიზნით უკვე მზა სახანძრო მანქანა კი არ ვიყიდოთ, არამედ მხოლოდ სპეციალური სახანძრო აღჭურვილობა, რომელსაც მანქანის შასიზე "დელტას" სპეციალისტები დაამონტაჟებენ. 25 აპრილს ავსტრიაში მსოფლიოში თანამედროვე და ხარისხიანი სახანძრო ტექნიკის ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელი ავსტრიული ფირმა "როზენბაუერისა" და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელების შეხვედრისას გადაწყდა, რომ ავსტრიელები მოგვაწვდიან აწყობილ სპეციალურ სახანძრო მოდულებს, რომლებსაც მანქანებზე "დელტაში" დაამონტაჟებენ. რა თქმა უნდა, აჯობებდა, მთლიანად ასაწყობი სახანძრო მოდულები ჩამოგვეტანა, რაც უფრო იაფი დაჯდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, შეიძლება უცნობი ტექნიკის აწყობისას დაშვებული საწარმოო წუნის საფრთხე გაზრდილიყო. "როზენბაუერიში~ მივლინებული "დელტას" სპეციალისტები შესაფერისად მოემზადებიან და შეიძლება მომავალში ამ სახანძრო მოდულის თავიდან აწყობაც არ გაუჭირდეთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"და აი, მივედით ყველაზე საინტერესო კითხვამდე: რა ტიპის ავტომობილზე დაამონტაჟებს "დელტა" ავსტრიიდან ჩამოტანილ სპეციალურ სახანძრო მოდულს? რა თქმა უნდა, `დიდგორზე~! უფრო სწორად - ამერიკული "ფორდ 550" პიკაპის შასიზე, რომელთან მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება "დელტაში" უკვე აქვთ. ბევრს ეხსომება ორიოდე წლის წინ გავრცელებული ვიდეოკადრები, როდესაც იემენში, ჰუსიტების ჩასაფრებაში მოყოლილი საუდის არაბეთის ქართული სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა მძღოლის დაუდევრობის გამო დიდი სიჩქარით ღრმა ორმოში ვარდება და მარცხენა ბორბალი სძვრება. ამ შემთხვევის შემდეგ "დელტას" სპეციალისტებმა გააძლიერეს "დიდგორის" სავალი ნაწილი, ამორტიზაციის სისტემა და მოდერნიზებულმა ჯავშანმანქანამ საუდის არაბეთში დამატებითი გამოცდა წარმატებით ჩააბარა. "ფორდის" პიკაპს "დიდგორივით" შეჯავშნა არ დასჭირდება, თუმცა მასზე დამონტაჟებულ სპეციალურ სახანძრო მოდულში უნდა განთავსდეს 1 500-ლიტრიანი წყლის და 150-ლიტრიანი ქაფის ავზები, ჩვეულებრივი და მაღალი წნევის ტუმბოები, წყლის სატყორცნი ლაფეტის ლულა, 60 მ სიგრძის შლანგი, 5 მ სიმაღლემდე ასაწევი განათების ანძა, ელექტროჯალამბარი და სხვა აღჭურვილობა. ოთხკარიან კაბინაში მძღოლი და ოთხი მეხანძრე-მაშველი თავსდება, რომლებსაც ხანძრის ჩაქრობის გარდა, სამაშველო ოპერაციების ჩატარებაც შეეძლებათ. "ფორდის" პიკაპის შასიზე "დელტაში" აწყობილი სახანძრო-სამაშველო მანქანა, რომლის სიგრძე 8,3 მ-ზე მეტი არ იქნება, უფრო სწრაფად გააღწევს მანქანებით გადაჭედილ თბილისის ვიწრო ქუჩებში, ვიდრე დიდი სახანძრო მანქანები. "დელტაში" "როზენბაუერის" სახანძრო-სამაშველო სპეცაღჭურვილობის მანქანებზე დამონტაჟების შემდეგ შეიძლება გაიხსნას ბაზარი, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე შუა აზიის რეგიონებში, სადაც ასეთი ტექნიკის დიდი მოთხოვნაა", - დასძენს გამოცემა.

""ეროვნული თავდაცვის აკადემია განაგრძობს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვალიფიკაციისა და პროფესიული განათლების ამაღლებას. მეგობრულ ქვეყნებთან ერთობლივად ჩატარებული სწავლებები ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ასეთი პროექტები საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრებს დიდ დახმარებას უწევს, რათა პროფესიულ ცოდნასთან ერთად განივითარონ ტაქტიკური/ოპერატიული შესაძლებლობების ინდივიდუალური და კოლექტიური უნარები, რაც, თავის მხრივ, ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო სტრუქტურებთან საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობას აამაღლებს. საქართველოსა და ლიტვის სამხედრო სტრუქტურების ურთიერთთავსებადობის საუკეთესო მაგალითია მიმდინარე წლის აპრილში ლიტვა-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩატარებული ერთკვირიანი ორი ქვეყნის გაერთიანებული კომბინირებული გაცვლითი სწავლება (JCET), რომელიც ასევე მოიცავდა ბრიგადის დონის ტაქტიკურ საშტაბო სწავლებას რუკის გამოყენებით (MAPEX)", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ბრიგადის დონის ტაქტიკური საშტაბო სწავლება: COMPINED EFFORT (ერთობლივი ძალისხმევა).

"ასეთი ტიპის სწავლებებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით ჩვენი ოპონენტები ხედავენ, რომ საქართველო არ არის მარტო, მას ბევრი მეგობარი ჰყავს. გარდა ამისა, ყველა თანამედროვე კონფლიქტი მრავალეროვნულ გარემოში მიმდინარეობს და სხვა ქვეყნების ეროვნული თავისებურებების გააზრება ქართველ ოფიცრებს უცხოელ კოლეგებთან სწორი კომუნიკაციის დამყარებაში დაეხმარება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ლეკვეიშვილი. ბრიგადის დონის ტაქტიკურ საშტაბო სწავლებაში მონაწილეობდნენ ხუთი ქვეყნის - საქართველოს, ლიტვის, ლატვიის, ესტონეთისა და მოლდავეთის სამხედრო მოსამსახურეები. ოფიცრებმა ბრიგადის დონეზე განიხილეს თავდაცვითი და შეტევითი მოქმედებები. სამხედრო-ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვის პარალელურად, ოფიცრები გაეცნენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, საქართველოს გარშემო არსებულ ოპერატიულ გარემოს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ამოცანებსა და შესაძლებლობებს", - აღნიშნავს გამოცემა.

ტაქტიკური საშტაბო სწავლების მნიშვნელობაზე საუბრისას ლიტვის შეიარაღებული ძალების კაპიტანმა გინტაუტას სიუნისმა განაცხადა - "სწავლების პერიოდში ჩვენ მივიღეთ ბრიგადის დონის დაგეგმარების გამოცდილება, გავიაზრეთ ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, როდესაც ხუთი ქვეყანა ერთად მუშაობს, და ის წარმატება, რასაც დიდი შრომისა და მოტივაციის შედეგად მივაღწიეთ, თუმცა მარტო ეს არ არის ამ სწავლების დადებითი მხარე. ვინაიდან საერთაშორისო სწავლებაში ჩართულ ყველა ქვეყანას ისტორიულად ერთი მოწინააღმდეგე ჰყავს, ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, სამხედრო კუთხით გავიცნოთ და გამოცდილება გავუზიაროთ ერთმანეთს, რათა ერთიანი ძალით, როგორც მოკავშირეებმა, შევძლოთ ჩვენი ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევათა დაძლევა". ერთკვირიანი სწავლების შედეგად ოფიცრებმა გაიუმჯობესეს ერთობლივ გარემოში ტაქტიკური სამხედრო ოპერაციების მართვის უნარები და დაგეგმეს ბრიგადის მასშტაბის სამხედრო ოპერაციები. მათ ასევე მიიღეს მრავალეროვნულ შტაბში მუშაობის გამოცდილება. გაეცნენ დაგეგმვას, რუკასთან მუშაობასა და მოწინააღმდეგის სამოქმედო გეგმაზე რეაგირების განსხვავებულ მეთოდებს", - განაგრძობს გამოცემა.

"პრაქტიკულად შევეხეთ ოპერაციის დაგეგმვის პროცესში საინფორმაციო ოპერაციების როლს. ასევე საინტერესო იყო შტაბში ინფორმაციის შეგროვებისა და გაცვლის განსხვავებული მეთოდები. საშუალება მოგვეცა კიდევ ერთხელ გაგვემეორებინა სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი. მცირე დროის მიუხედავად, სწავლება ნაყოფიერი გამოდგა", - ამბობს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმი ეკატერინე ხარაშვილი. სწავლების დასრულების ცერემონიაზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და საქართველოში ლიტვის სამხედრო ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტაუტას რაკაუსკასმა მონაწილეებს ლიტვა-საქართველოს ერთობლივი ბრიგადის დონის ტაქტიკური საშტაბო სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს", - დასძენს გამოცემა.

"სეინერი პატარა გემია და მისი დანიშნულება თევზის მოპოვებაა, თუმცა ერთმა ასეთმა მშვიდობიანმა გემმა ჩვენს ქვეყანას აფხაზეთის ომში დიდი სამსახური გაუწია. 1993 წლის მარტში სოხუმზე მარცხიანი შეტევის შემდეგ აფხაზმა სეპარატისტებმა რუსეთისგან მორიგი სამხედრო დახმარება მიიღეს და მდინარე გუმისთასთან ქართული ფორმირებებისა და სოხუმის რეგულარულ დაბომბვაზე გადავიდნენ. საპასუხო ცეცხლის დროს ბომბორას აეროდრომიდან წამოსული რუსული მოიერიშე "სუ"-25-ები ავიადარტყმებით აფხაზებს მხარს უბამდნენ. სეპარატისტებისთვის პასუხის გასაცემად სცადეს 220 მმ-იანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ურაგანის" ის გამოყენება, მაგრამ აზერბაიჯანიდან ჩამოტანილი რაკეტები უვარგისი გამოდგა. რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით დაცული გუდაუთის დაბომბვა ურთულეს ამოცანას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, 26 აპრილის საღამოს ქართულმა მოიერიშე "სუ"-25-მა გუდაუთას რამდენიმე ათეული უმართავი რაკეტა და ოთხი ავიაბომბი მაინც ესროლა. ერთ-ერთი ავიაბომბი ბომბორას აეროდრომის მახლობლად აფეთქდა და ოფიცერი დაჭრა", - წერს ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით ქართული თევზსაჭერი სეინერები სამხედრო ფლოტის სამსახურში.

"არასრული მონაცემებით, სოხუმის დაბომბვებს 160-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, 500-მდე კი დაიჭრა. დაიბადა ზღვიდან "გრადის" დანადგარით გუდაუთის დაბომბვის იდეა, თუმცა სამხედროთა ერთი ნაწილი მას ავანტიურად თვლიდა და ეწინააღმდეგებოდა. უფროსი ლეიტენანტი დავით გარგანჯია - "ამის შესახებ გენერალ-ლეიტენანტმა კამკამიძემ გაიგო და სათათბიროდ I რანგის კაპიტანი ალექსანდრე ჯავახიშვილი, I რანგის კაპიტანი ლეონიდე პაპუაშვილი, უფროსი ლეიტენანტი რევაზ ფირცხალავა და უფროსი ლეიტენანტი სოსო დევდარიანი დაიბარა. თათბირზე გადაწყდა მომავალი ოპერაციის ჩატარების ვადაც. ოპერაციის მზადება საიდუმლო ვითარებაში მიმდინარეობდა. მიზნების შერჩევისას მთავარი მოთხოვნა იყო რუსულ სამხედრო-სამოქალაქო ობიექტებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს დაბომბვა არ უნდა შეხებოდა. გადაწყდა გუდაუთის ცენტრში მდებარე ადმინისტრაციული და სამხედრო დანიშნულების შენობებისთვის დარტყმის მიყენება". ოპერაციის ჩატარება მე-2 საარმიო კორპუსს დაევალა, ხოლო მცურავი საშუალებები კორპუსის დაქვემდებარებაში მყოფ სანაპირო დაცვის I საზღვაო დივიზიონს უნდა გამოეყო. მაშინ საზღვაო დივიზიონის განკარგულებაში იყო შეიარაღებული სეინერი "განთიადი", შეიარაღებული ათი სასეირნო კატარღა ("სტრიჟი", "ვოლგა", "ჩიბისი" და "ნევკა") და სხვ. საცეცხლე დარტყმისთვის შერჩეული "გრადი" "ურალის~ მარკის ავტომობილზე დადგმულ სტანდარტულ არმიულ დანადგარს წარმოადგენდა და მისი გამოყენება სოხუმის პორტის მიწამხაპავი "კოდორიდან" გადაწყდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გემი გადასაკეთებლად ფოთში გაგზავნეს, მაგრამ იქ ეს არ მოხერხდა და სამუშაო სოხუმში სატვირთო პორტის რაიონში შესრულდა. "კოდორს" ტრიუმებს შორის `გრადისთვის~ სპეციალური სამაგრები გაუკეთდა და ცხვირზე 23 მმ-იანი საზენიტო ავტომატი დაემატა. 1993 წლის 14 აპრილიდან `კოდორი~ მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო განყოფილებაში ჩაირიცხა. ოპერაციის ჩასატარებლად შექმნილ საზღვაო ტაქტიკურ ჯგუფში შევიდა: მიწამხაპავი "კოდორი" (მეთაური მამუკა ჯანგველაძე), სეინერი "განთიადი" (მეთ. შუქრი კოპალიანი), კატარღები - "ვოლგა" 05 (მეთ. მალხაზ ოჩიგავა), "ვოლგა" 06 (მეთ. ვლადიმერ გვაზავა), "სტრიჟ" 01 (მეთ. ზურაბ ბარაბაძე), "სტრიჟ" 02 (მეთ. ზურაბ ჯალაღონია). კატარღები ორი 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევითა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარსატყორცნით იყო შეიარაღებული. `განთიადზე~ 17, `კოდორზე~ 11 და კატარღებზე სულ 44 მეზღვაური იმყოფებოდა. "კოდორი" სოხუმის შუქურადან 285 გრადუსით 63 კაბელტოვზე (11,7 კმ) საცეცხლე წერტილში გავიდა, სადაც 180 გრადუსით შემობრუნდა და 3-15 სთ-ზე უფროსი ლეიტენანტის კორნეევის ბრძანებით სანაპიროსკენ "გრადის" 36 ჭურვი ისროლა, ოთხი კი ყოველი შემთხვევისთვის დაიტოვეს. სროლის დასრულების შემდეგ ტაქტიკური ჯგუფი სრული სვლით (6-7 კვანძი) სოხუმისკენ წავიდა და 5 საათისთვის პორტში შევიდა. ოპერაცია დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა და აფხაზებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. გუდაუთიდან გამოსული "გრიფი" სრული სიჩქარით ჩვენი გემებისკენ წავიდა, მაგრამ დაინახა, რომ ვერ დაეწეოდა და, უკან გაბრუნდა", - განაგრძობს გამოცემა.

"ოპერაციის შედეგები უცნობი იყო, თანაც ზღვა ღელავდა, რაც "კოდორის" სროლის სიზუსტეზე მოქმედებდა. სეპარატისტები ქართული ფორმირებების დარტყმებს რუსეთის ტელევიზიაში დანგრეული სახლებისა და დაჭრილების ჩვენებით პასუხობდნენ. ამჯერად მოსკოვი დუმდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ "გრადის" ჭურვებმა გუდაუთასთან მდებარე კოტეჯები გაანადგურეს და იქ მყოფ ჩრდილოკავკასიელებში მსხვერპლიც იყო, სხვა მონაცემით კი აფეთქდა გაზდამტენი სადგური და სეპარატისტებს დანაკარგიც ჰქონდათ. აფხაზებისთვის გუდაუთის ზღვიდან დაბომბვა იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ მაშინდელმა აფხაზურმა პრესამ ოპერაციის უკან უკრაინული იარაღი და უკრაინელები დაინახა. ყოველ შემთხვევაში, ამის შემდეგ სოხუმის დაბომბვამ ბევრად იკლო. რუსული დანაყოფებით ყოველმხრივ გამაგრებულ გუდაუთაზე მიყენებული დარტყმა ქართველი მეზღვაურების დიდ წარმატებად უნდა შეფასდეს", - დასძენს გამოცემა.

"სეინერ "განთიადის" საბრძოლო ბიოგრაფიაში კიდევ ერთი ფურცელი 1993 წლის 7 ივლისს ჩაიწერა, როცა მოწინააღმდეგის შეიარაღებული კატარღა ჩაძირა. საზღვაო კომუნიკაციებზე კონტროლის სისტემაში შემავალ გემ "ვექტორს" მშვიდობიანი მოსახლეობაც გადაჰყავდა და ტვირთსაც ეზიდებოდა. გემის მწყობრიდან გამოყვანა აფხაზებმა არაერთგზის სცადეს, ხოლო ტამიშის ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე "ვექტორს" შეიარაღებული "ვოლგებით~ შეუტიეს. ყუმბარმტყორცნის ერთი-ორი ჭურვიც ესროლეს, სავალი ჯიხური ტყვიამფრქვევით დაცხრილეს და ეკიპაჟის რამდენიმე წევრი დაჭრეს. 6-7 ივლისს "ვექტორი" ოჩამჩირიდან მგზავრებით გავიდა და კურსი სოხუმისაკენ აიღო. იმ დროს ტამიშის მახლობლად აფხაზური კატარღები იყვნენ და ორმა მათგანმა "ვექტორის" დაკავება სცადა", - წერს სტატიის ავტორი.

"განთიადის" მეთაური შუქრი კოპალიანი: "ჩვენ სკურჩასთან ვიდექით და "ვექტორთან" რადიოკავშირი გვქონდა. ცნობილი გახდა თუ არა, რომ გემსა და მგზავრებს საფრთხე შეექმნათ, დაუყოვნებლივ დასახმარებლად გავემართეთ. ნათელი ღამე იყო. ზღვის ზედაპირი შესანიშნავ ხილვადობას იძლეოდა. "ვექტორის" კაპიტანი ჩემი მითითებებით მოქმედებდა, ხოლო "განთიადის" ყველა საცეცხლე საშუალება სრულ საბრძოლო მზადყოფნაში იყო. როგორც კი ერთ-ერთი კატარღა თვალთახედვის არეში მოექცა, ცეცხლი მისკენ მივმართეთ. მას ცეცხლი მოედო და ჩაიძირა". უფროსი ლეიტენანტი დავით გარგანჯია: "გათენდა თუ არა, ზღვაში "ვოლგა" 05 და "ვოლგა" 06 გაიგზავნა. ეკიპაჟებმა ის რაიონი დაათვალიერეს, სადაც, სავარაუდოდ, აფხაზთა კატარღა ჩაიძირა და ჩვენმა მეზღვაურებმა მაშველი რგოლი, ფიცრის ნაფოტები და საწვავის ლაქა იპოვეს". ამ მოვლენის აღსანიშნავად 7 ივლისი საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალების დღედ გამოცხადდა, "განთიადის" მეთაური შუქრი კოპალიანი და მთავარი მექანიკოსი როინ საღინაძე სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებით დაჯილდოვდნენ მედლით "საბრძოლო დამსახურებისათვის". "განთიადის" გამოყენების ეფექტიანობა იმის მიზეზი გახდა, რომ ანალოგიური გადაკეთებისთვის სოხუმის თევზმჭერი კოლმეურნეობის სეინერი "ილორი" შეირჩა. მასზე უმართავი რაკეტების გამშვები დანადგარის დაყენება გადაწყდა. 1993 წლის ივლისის პირველ ნახევარში I რანგის კაპიტანმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა ახალქალაქიდან უმართავი რაკეტული ჭურვები და ვაზნები ჩამოიტანა. თუმცა 27 ივლისს სოჭში ხელმოწერილმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ "ილორის" გადაკეთება შეაჩერა", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"1993 წლის 2 ოქტომბერს ფოთში ლოთი ქობალიას ფორმირებები შევიდნენ და სამხედრო პორტში "განთიადისა" და "ვექტორის" ხელში ჩაგდება სცადეს, მაგრამ I რანგის კაპიტანმა ალექსანდრე ჯავახიშვილმა გემები ზღვაში გაიყვანა და ბათუმისკენ გაცურა. "განთიადის" შეიარაღებამ აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძეზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მალე გემის ბორტზე აჭარელი ძალოვანები გამოჩნდნენ. უფროსი ლეიტენანტი ტრისტან დანელია: "6 ოქტომბერს "განთიადის" მეთაური შუქრი კოპალიანი შევცვალე. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, 7-8 ოქტომბერს სეინერიდან მთელი შეიარაღება მოხსნეს და საბრძოლო მასალებთან ერთად არსენალში გადაიტანეს. ოქტომბრის ბოლოს ბათუმში საზღვაო ძალების სარდალი I რანგის კაპიტანი ალექსანდრე ჯავახიშვილი ჩამოვიდა. სარდალი ასლან აბაშიძეს შეხვდა და მოლაპარაკების შემდეგ მთელი შეიარაღება დააბრუნეს. 1993 წლის 1-ლ ნოემბერს "განთიადი" სარდლის ბრძანებით ბათუმიდან ფოთის სამხედრო პორტში გადავიდა". 1997 წელს სეინერებმა, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების მცურავმა საშუალებებმა, საბორტე ნომრები მიიღეს. კერძოდ, "ილორი" - N015 და "განთიადი" კი N016 გახდა", - დასძენს სტატიის ავტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა