პრემიერმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოძიების, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის და ზოგადად პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, - ამის შესახებ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა, თამთა მიქელაძემ, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პრემიერისგან მიიღეს დაპირება, რომ ის საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს აღნიშნული საქმის გამოძიებას.
„სამუშაო ფორმატში პროცესის გადაყვანა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია. დღეს პრემიერმა მოისმინა ყველა ის კრიტიკა, რომელიც ჩვენ გვაქვს გამოძიების, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის და ზოგადად პანკისში სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ. პრემიერ-მინისტრის მხრიდან მივიღეთ დაპირება - ერთი მხრივ, პრემიერი საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ აიყვანს ამ საქმის გამოძიებას და შეეცდება ის ხარვეზები, რომელიც გამოძიებაში ჩანს, გაიაროს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან და მეორე მხრივ, ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ პანკისის ხეობაში ხელისუფლების პოლიტიკა უფრო სოციალური გახდება და ამ კუთხით ხელისუფლება შეეცდება, რომ ხეობასთან გაჩენილი ნდობის პრობლემა მოაგვაროს“, - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
როგორც მიქელაძემ აღნიშნა, ზუსტი ვადები, როდის მოხდება რაიმე ცვლილება მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შეხვედრაზე არ დაზუსტებულა, თუმცა პრემიერის თქმით, ცვლილებებს გონივრულ ვადებში უნდა ველოდოთ. მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხი შეხვედრაზე არ მიუღია, რადგან მას არ ესწრებოდა სუს-ი და პროკურატურა.
„კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები არ მიგვიღია იმიტომ, რომ ამ შეხვედრას არ ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არ ესწრებოდა პროკურატურა. შესაბამისად, პასუხების გაცემის რეჟიმში მთავრობა არ იყო. ჩვენ ვისაუბრეთ ამ საქმესთან დაკავშირებულ ძირითად ხარვეზებზე, მათ შორის ნივთმტკიცებულებების განადგურების, დაზიანების ან შესაძლო ფალსიფიკაციის საკითხზე და ცხადია მოვითხოვეთ წვდომა იმ საიდუმლო მასალებზე, რომლებიც ამ დრომდე ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა მიქელაძემ.