კონსტიტუციის 42-ე მუხლი დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

კონსტიტუციის 42-ე მუხლი დღეს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებული მოვლენები სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას და შეფასებას მოითხოვს, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ადამიანის უფლებათა დარღვევა, ხოლო უკვე გამოკვეთილ დარღვევებზე მოხდეს სათანადო რეაგირება.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 და მე-111 მუხლების თანახმად, ტრანსპორტის სავალი ნაწილის სრულად ან ნაწილობრივ გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ აქციის მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, ხოლო ხელოვნურად ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა დაუშვებელია. მიუხედავად ამ დანაწესისა, მშვიდობიანი შეკრების გამართვა, მათ შორის კარვების განთავსება ისე, რომ არ შეფერხდეს ტრანსპორტის მოძრაობა დაცულია შეკრების თავისუფლებით; შესაბამისად, საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლების მიერ კარვებისა და აქციის მონაწილეთა კუთვნილი სხვა ნივთების აღება საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან კანონმდებლობის დარღვევასა და შეკრების უფლებაში არამართლზომიერ ჩარევას წარმოადგენს.

საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება ეხმიანება გზის სავალი ნაწილიდან კარვების აღების ფაქტს, თუმცა, მათი სრული დემონტაჟის, ისევე როგორც პლაკატების და სხვა ნივთების აღების შესახებ არაფერია ნათქვამი“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, შეფასებას საჭიროებს პარლამენტის წინ მოქალაქეთა, მათ შორის საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასათვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტიც.

„შს სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადებით, აქციაზე 19 პირი დააკავეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე გამოიტანა ამ პირთათვის სხვადასხვა სანქციის შეფარდების შესახებ დადგენილებები, გასაჩივრების შემთხვევაში, ნეიტრალური მტკიცებულებების, მათ შორის ვიდეო ჩანაწერების შეფასება აუცილებელია, რაც დაკავებულთა ადვოკატების მიერ გაკეთებული განცხადებებით არ მომხდარა. აქვე უნდა აღინიშნოს დაკავების დროს სამართალდამცავების მხრიდან სამხრე კამერების გამოყენების საჭიროებაზე; მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტებისა და დაკავების დროს პოლიციის თანამშრომელთა სამხრე კამერები ჩართული არ იყო, რაც გამორიცხავს მნიშვნელოვანი ობიექტური მტკიცებულებების არსებობას; ამ საკითხზე არაერთი რეკომენდაციაა გაკეთებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან და ყოფილა განხილვის საგანი არაერთ ფორმატში შს სამინისტროს წარმომადგენლებთან. თუმცა, სამხრე კამერების გამოყენება მსგავს შეთხვევებში როგორც ჩანს კვლავ არ ხდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებების გასაჩივრების შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ოთხი დაკავებულისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური - 14 დღიანი ვადის გამოყენების პროპორციულობაზეც“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე შეფასებით, ცალკე აღნიშვნას საჭიროებს საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიასთან დაკავშირებული მოვლენები.

„მიუხედავად იმისა, რომ შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ის დაკავებული არ ყოფილა, მედიით გავრცელებულ ვიდეო კადრებში ჩანს როგორ უზღუდავენ თავისუფლებას პოლიციის თანამშრომლები მელიას და როგორ გაჰყავთ ის რუსთაველის გამზირიდან. ხოლო, პირი დაკავებულად ითვლება, როცა მას ნების საწინააღმდეგოდ და ძალის გამოყენებით შეზღუდული აქვს თავისუფალი გადაადგილება, რასაც ამ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესწავლის საგანი უნდა გახდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში განვითარებული მოვლენები და შეფასდეს, საჭირო იყო თუ არა ამ ფორმით ძალის გამოყენება პოლიციის მიერ და ხომ არ ჰქონდა ადგილი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან უკანონო ქმედებებს.

არსებული დაძაბულობის ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია კვლავ გრძელდება, მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებით კი საქართველოს შს სამინისტრომ არ დაუშვას შეკრების თავისუფლების არამართლზომიერი შეზღუდვა; ადამიანის უფლების ნებისმიერი შეზღუდვა მხოლოდ კანონით გათვალისწინებული წესით და ფარგლებში უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და შედეგად ძალადობის ესკალაცია შეიძლება გამოიწვიოს“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა