აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ დღეს, ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, მამუკა ბახტაძეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა.

„აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტის რანგში პირველად ვიმყოფები საქართველოში. მქონდა ძალიან კარგი, ხანგრძლივი საუბარი ბატონ მამუკა ბახტაძესთან მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, სტრუქტურულ რეფორმებზე და იმ მხარდაჭერაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკს შეუძლია გაუწიოს საქართველოს მომავალში. მე მას ვულოცავ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენას. საქართველოში ჩვენი ჩამოსვლა დაემთხვა ამ მნიშვნელოვან სამთავრობო ცვლილებებს, თუმცა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ხელისუფლების რეფორმების მტკიცე მხარდაჭერას“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შესახებ და აღნიშნა, რომ შედგა ნაყოფიერი დიალოგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკის დედოლარიზაცია. შევხვდი განათლების მინისტრს, ვისაუბრეთ განათლების სექტორში შესაძლო მხარდაჭერის შესახებ მზის ენერგიის სისტემების დანერგვის მეშვეობით და ასევე, განვიხილეთ განათლების სექტორის გაუმჯობესების საკითხები, მათ შორის, ტექნიკურ სფეროებში. ნაყოფიერი საუბარი გვქონდა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, მათ შორის, გზების მშენებლობას, როგორც სამხრეთისა და ჩრდილოეთის, ისე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მონაკვეთებზე. ეს არის გზების მშენებლობის ორი მნიშვნელოვანი პროექტი. ჩვენ, ასევე, მხარს ვუჭერთ წყლისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობას, ენერგეტიკულ პროექტებს“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჰქონდა შესაძლებლობა, დედაქალაქის მერთან ერთად დამეთვალიერებინა მეტრო სადგური „უნივერსიტეტი“, რომელიც ბანკის ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა. ვიზიტის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ასევე, მოინახულა ის საწარმოები, რომლებიც დაფინანსებულია ADB-ის დაკრედიტების ფარგლებში.

„შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმ ძლიერი აქტივობით, რასაც კერძო სექტორი ახორციელებს აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით. საბოლოო ჯამში, მას შემდეგ, რაც 2007 წელს საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი გახდა, ჩვენ გამოვყავით 2.4 მილიარდი დოლარი, მაგრამ მომავალ 2019-2021 წლებში, ვგეგმავთ კიდევ 1.2 მილიარდის გამოყოფას ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ გავაფართოებთ ჩვენს აქტივობებს განათლების სექტორში და გავაგრძელებთ დაფინანსებას მიმდინარე პოლიტიკისა და რეფორმების მხარდასაჭერად, მათ შორისაა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმა და მმართველობითი რეფორმა,“ - განაცხადა ტაკეჰიკო ნაკაომ.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობას.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო აღფრთოვანება ქვეყნის კულტურული და

ისტორიული მემკვიდრეობით, დიდი პოტენციალი გაქვთ აგრარულ სექტორში. ქვეყანას აქვს საშუალება, ჰქონდეს ტექნოლოგიურად განვითარებული ეკონომიკა, რაც დაფუძნებული იქნება ძლიერ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ განათლებაზე. ამასთან, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაკავშირებული იყოს როგორც აზიასა და ევროპასთან, ასევე სამხრეთთან და ჩრდილოეთთან. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის მხარდაჭერას, რათა განვავითაროთ ის პოტენციალი, რომელიც საქართველოს გააჩნია,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ.