თამარ ჩუგოშვილი - არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციულ ქმედებებს ამძაფრებს, რაც მიუღებელია

„ნაციონალური მოძრაობისგან“ პროვოკაციულ ქმედებებს მიჩვეული ვართ, თუმცა როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსგავს ნაბიჯებს კიდევ უფრო ამძაფრებენ და ეს მიუღებელია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

“რაც შეეხება ოზურგეთის ინციდენტს, იქ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი და რა თქმა უნდა საგამოძიებო უწყებები ჩაერთნენ, იძიებენ და შესაბამისი პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურდა საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და ზოგიერთ შემთხვევაში მუქარის შემცველი კომენტარები. მსგავს შემთხვევას ბევრ ადგილას ვაფიქსირებთ და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გარკვეული ფიზიკური დაპირისპირებების პროვოცირებას, რისი თავიდან აცილებაც არის აუცილებელი. მუქარის შემცველი განცხადებები სადაც კეთდება და სადაც შესაძლებელია სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება, მსგავს შემთხვევებს შევატყობინებთ სამართალდამცველებს. ასევე მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რომ მსგავსი ტიპის პროვოკაციებს არ აჰყვნენ, რადგან ეს შეიძლება გადაიზარდოს ფიზიკურ დაპირისპირებაში, რაც შემდგომ დიდ დაპირისპირებას იწვევს. ასევე ვაპირებთ, რომ ასეთი ფაქტების შესახებ შევატყობინოთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რადგან გვაქვს იმის განცდა, რომ არის გარკვეული მცდელობა, ასეთი დაპირისპირებების პროვოცირების“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად ოზურგეთში მომხდარ ინციდეტს, ვიცე-სპიკერის შეფასებით, იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება და ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე, კანონის თანახმად უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

“ოზურგეთში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისი შედეგიც დადგება. თუმცა, მინდა ეს შემთხვევა სხვა შემთხვევებისგან გავმიჯნო, სადაც ჩვენ ვაფიქსირებთ მცდელობებს, რომ ასეთივე დაპირისპირებები იყოს გამოწვეული. იმედია, ამ ყველაფერს ერთად ავიცილებთ თავიდან. ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციული ტიპის ქმედებებს მიჩვეული ვართ ყველა, ეს სიახლე არ არის და როგორც ჩანს, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსგავს ნაბიჯებს კიდევ უფრო ამძაფრებენ, მაგრამ ეს ნაბიჯები არის მიუღებელი, უკანონო და იწვევს სრულიად მიუღებელი მოვლენების განვითარებას. ისეთების, როგორიც არის ფიზიკური დაპირისპირებები და მე არ მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური ბრძოლის ლეგიტიმური გზა შეიძლება იყოს“, - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ბესო ქათამაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე “ქართული ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარედგინა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა