დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის - „გაუფრთხილდი ქალაქს“ წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს

დედაქალაქის მერია ახალი სოციალური კამპანიის - „გაუფრთხილდი ქალაქს“ წარმოების მიზნით კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

6-თვიანი სოციალური კამპანია მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას, სოციალური პასუხისმგებლობის გაღვივებას და ქალაქზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

"ვიწყებთ ახალ პროექტს "გაუფრთხილდი ქალაქს", რომელიც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე თვალსაზრისით. პირველი - ჩვენ უნდა დავანგრიოთ სტერეოტიპი, რომელიც არსებობს, რომ ავირჩიეთ ქალაქის მთავრობა, ქალაქის მერი და ისინი მიხედავენ ყველაფერს. რა პასუხისმგებლობაც დედაქალქის მთავრობას და მერს გააჩნია, რა თქმა უნდა, კარგად გვაქვს გაცნობიერებული და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც გასაკეთებელია, თუმცა საზოგადოების და მოსახლეობის ჩართულობა ქალაქის განვითარებაში, მოვლა-პატრონობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოთხოვნაც არის საზოგადოების მხრიდან. ჩვენ კვლევაც ჩავატარეთ და ეს პროექტი კვლევაზე დაფუძნებით განხორციელდება. უნდა ავამაღლოთ საზოგადოების ცნობიერება ქალაქის მოვლის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვანდალიზმის ფაქტი არსებობს: ახალი განხორციელებული პროექტები, სკვერები ზიანდება. იგივე ხდება ახალ ავტობუსებში: ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა, სამწუხაროდ. ეს ქალაქი არის ყველასი, ყველამ უნდა გაითავისოს ეს. როგორც საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახში უვლი ნივთებს, უვლი შენს საკუთარ სახლს, ისე უნდა მოვუაროთ ამ ქალაქს. სხვაგვარად მგონია, რომ ძალიან გაგვიჭირდება. იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა იქნება და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს არის აქტუალური. 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი. 9 ივლისს უნდა მივიღოთ დოკუმენტაცია, სხვადასხვა სარეკლამო კომპანიების მხრიდან წინადადებები და შესაბამისად, კომისია, რომელიც იქნა შერჩეული, იმსჯელებს, თუ რომელი კონკრეტული პროექტის განხორციელება იქნება საუკეთესო ვარიანტი",- განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კონკურსი საუკეთესო კონცეფციის გამოვლენას ითვალისწინებს, რომლის ავტორი სარეკლამო კომპანია მას 6 თვის განმავლობაში განახორციელებს. გამარჯვებულ კონცეფციას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი, სოციალურად აქტიური პირებისგან დაკომპლექტებული კომისია თბილისის მერიასთან ერთად გამოავლენს.

მათივე ცნობით, დავალება, რომელსაც სარეკლამო კომპანიები მიიღებენ, ეფუძნება თბილისის მერიის დაკვეთით ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომელიც ამ მიმართულებით სრული და ნათელი სურათის დანახვის საშუალებას იძლევა. კამპანია უნდა მოიცავდეს სხვადასხვა სახის სასარგებლო და შედეგზე ორიენტირებულ აქცია-აქტივობებს, რომლებშიც დედაქალაქის მცხოვრებლები ჩაერთვებიან.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული თემატიკის სოციალური კამპანიის წარმოების საჭიროება საერთო სარგებლობის სივრცეში დაფიქსირებულმა ვანდალიზმისა და დაბინძურების ფაქტებმა განაპირობა.

მათივე ინფორმაციით, სოციალური კამპანია ხელს შეუწყობს როგორც ზრდასრულებში, ისე მომავალ თაობაში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, დედაქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, თბილისის მერიის მიერ შესრულებული პროექტების შენარჩუნებას, შესაბამისი სამსახურების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.

საკონკურსო პროექტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით, კონკურსის შედეგები კი გასაჯაროვდება არა უგვიანეს 2018 წლის 30 ივლისისა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა