მამუკა ბახტაძე პარლამენტს სთავაზობს, მინისტრთა კაბინეტის დეტალური განხილვა არა ახლა, არამედ მთავრობის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოახდინონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე პარლამენტს წინადადებით მიმართავს, მომდევნო ორი დღის განმავლობაში მთავრობის დამტკიცების პროცედურა მხოლოდ ფორმალურ რეჟიმში გაიაროს.

როგორც ბახტაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ნაწილია, მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება და შესაბამისად, არსებული სამთავრობო შემადგენლობით დამტკიცდება მთავრობა იქამდე, სანამ სტრუქტურული ცვლილებების შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს.

„ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება სამწუხაროდ, კანონით დადგენილ ვადებში ვერ ესწრება. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვსდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება. ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება ცვლილებები, ეს პროცედურა პარლამენტში - განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში, სესიაზე, ხელახლა უნდა გავიაროთ უკვე განახლებულ მინისტრთა კაბინეტთან ერთად. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის განმავლობაში შედარებით შემჭიდროვებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მინისტრთა კაბინეტის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურის წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე წარსდგებიან უშუალოდ ის მინისტრობის კანდიდატურები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე. იმედი მაქვს, პარლამენტში ამ საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება შედგება“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა