კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონფერენციას სახელწოდებით - ,,ინოვაციური ტექნოლოგიები კლინიკურ იმუნოლოგიაში: იმუნოდიაგნოსტიკიდან პერსონალიზებულ დამიზნებით იმუნოთერაპიასა და იმუნორეაბილიტაციისკენ" - მასპინძლობს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამეცნიერო სკოლა 15 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა და დასკვნითი ღონისძიება 19 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება.
სამეცნიერო სკოლის დასკვნით სესიებსა და დებატებს კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი გახსნის.
სამეცნიერო სკოლის მიზანია იმუნოლოგიის დარგში ბიოსამედიცინო კვლევების პოტენციალის წარმოჩენა.
სკოლა კონფერენციის ფარგლებში თეორიულ კურსს კლინიკური და ფუნდამენტური იმუნოლოგიის აქტუალურ საკითხებზე ონკოიმუნოლოგიის, ონკოჰემატოლოგიის, ალერგოლოგიისა და დერმატოლოგიის მიმართულებით 80 სტუდენტი გადის.
სკოლა კონფერენციაში კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ.
ღონისძიება საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებითა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კომპანია EMD GROUP-ის, რობერტ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების პარტნიორობით ტარდება.