შვეიცარულ-ქართულმა ასოციაცია „ვივაჩემ“ ვატო მაღრაძის დასახმარებლად ციურიხში კონცერტი ჩაატარა

შვეიცარულმა საქველმოქმედო ასოციაციამ „ვივაჩე“, რომელსაც სათავეში ცნობილი ქართველი პიანისტი თამარ კორძაძე უდგას, ციურიხში, ახალგაზრდა მევიოლინე ვატო მაღრაძის დასახმარებლად 17 ივნისს, კონცერტი ჩაატარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კონცერტმა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტში სრული ანშლაგით ჩაიარა. პროექტის მიზნისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე უნივერსიტეტის დირექციამ დარბაზი მუსიკოსებს სრულიად უსასყიდლოდ დაუთმო. კონცერტში მონაწილეობდნენ შვეიცარიაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსები და სტუდენტები: თამარ კორძაძე, მამუკა ტეპნაძე, სოფია გოშაძე, ეკა ბოკუჩავა, თედო დიაკონიძე, მირიან კვალიაშვილი, მარიამ ჩაკვეტაძე, დალი ზაკალიშვილი, დავით ქეცბაია, თეონა კაზიშვილი, თამარ მიდელაშვილი, სერგეი მარკოსიანი, ასევე ლარისა ბაგდასარიანი და კორბინ ბეისნერი.

ფონდმა „ვივაჩემ“ ამ საქველმოქმედო კონცერტზე ქართველი ემიგრანტების და შვეიცარელი მოქალაქეების დახმარებით ვატო მაღრაძის დასახმარებლად თანხა შეაგროვა, რომელიც სპეციალურად შექმნილ ანგარიშზე - „Help Vato” ჩაირიცხა. აღნიშნული თანხა ოლდენბურგის კლინიკაში გადაირიცხება, სადაც ვატო მკურნალობას გადის.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარულ-ქართული ასოციაცია „ვივაჩე“ 2009 წელს შვიცარიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პიანისტმა თამარ კორძაძემ დააფუძნა. ასოციაციის მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების მხარდაჭერა და საქართველო-შვეიცარიის კულტურული კავშირების გაღრმავება. ამ ხნის განმავლობაში პარტნიორი ფონდების და ორგანიზაციების დახმარებით „ვივაჩემ“ განახორციელა 20-მდე მნიშვნელოვანი პროექტი და დაეხმარა კლასიკური მუსიკის სფეროში მოღვაწე 100-მდე ახალგაზრდა ქართველ შემსრულებელს. ასოციაციამ აგრეთვე შეიძინა 8 სიმებიანი და ჩასაბერი ინსტრუმენტები ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედისათვის, 3 ფორტეპიანო მიქელაძის სახელობის მუსიკალური სკოლისთის, ვიოლინო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისათვის, საფორტეპიანო სკამები საქართველოს სამუსიკო სასწავლებლების საკონცერტო დარბაზებისათვის, 8 ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ბერნსა და ციურიხში კონცერტებით, 7 ქართველი მოზარდი წაიყვანა იტალიის (მონტეპულჩანო) საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე და საშუალება მისცა, თავიანთი შესაძლებლობები ევროპელი მაყურებლის წინაშე წარმოეჩინათ. მსგავსი კონცერტებით „ვივაჩემ“ 9 ქართველი მუსიკოსი წაიყვანა ახალგაზრდა ხელოვანთა ფესტივალზე ბაიროითში (გერმანია) და ახალგაზრდა მუსიკოსთა ფესტივალზე Youth Classics (გერმანია, შვეიცარია).

ორი წლის წინ ასოციაცია „ვივაჩეს“ ინიციატივით, ქართულ-შვეიცარიული საქველმოქმედო პროექტის „ალპებიდან კავკასიამდე“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზსა და „თი-ბი-სი ბანკის“ არტ გალერეაში გაიმართა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ერთობლივი კონცერტი. ამ კონცერტით აღინიშნა ციურიხის ხელოვნების უნივერსიტეტის საქართველოსთან თანამშრომლობის 15 წლის იუბილე. ქართველ და შვეიცარელ სტუდენტებს კი მიეცათ საერთაშორისო კონტაქტების დამყარების საშუალება, რამაც ხელი შეუწყო ქართულ-შვეიცარიული კულტურული კავშირების გაღრმავებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა